„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ 2025 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსი“ (CPI) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ქულა 3 პუნქტით შემცირდა და 50 შეადგინა.

100-ბალიან სკალაზე, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია, 50 საშუალო მაჩვენებლად ითვლება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ასეთი დაბალი ქულა 2013 წლის შემდეგ არ ჰქონია, თუმცა ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში პირველობას კვლავ ინარჩუნებს.

რას ზომავს და რას ვერ ხედავს ინდექსი

კორუფციის აღქმის ინდექსი 182 ქვეყანაში ტარდება და ძირითადად ზომავს, თუ რამდენად მოწყვლადია ამა თუ იმ ქვეყნის საჯარო სექტორი კორუფციისადმი — მაგალითად, რამდენად არის გავრცელებული წვრილმანი მექრთამეობა. საქართველოს მიერ მიღებული საშუალო ქულა (50) მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ ქვეყანაში წვრილმანი მექრთამეობა საყოველთაოდ გავრცელებული არ არის.

თუმცა ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ინდექსი ვერ ზომავს კორუფციის ისეთ კომპლექსურ ფორმებს, როგორიცაა სახელმწიფოს მიტაცება და კლეპტოკრატია. ანგარიშის თანახმად, დღეს საქართველოში კორუფციის მხრივ მთავარი გამოწვევა სწორედ ეს პრობლემებია.

კავშირი დემოკრატიის უკუსვლასთან

2025 წლის შედეგების თანმდევი ანალიზის მიხედვით, საქართველოს ქულის კლება და კორუფციის რისკის ზრდა პირდაპირ კავშირშია დემოკრატიის უკუსვლასთან და ქვეყანაში ავტოკრატიის აღზევებასთან.

„საქართველოს შემთხვევაში კარგად ჩანს, ​​თუ როგორ უწყობს ხელს დემოკრატიული უკუსვლა პირდაპირ კორუფციის რისკებს. მმართველი პარტიის მიერ შემოღებული ე.წ. „უცხოელი აგენტების“ კანონი და გრანტების კანონი ანტიდემოკრატიული ზომებია, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმური საქმიანობის კრიმინალიზებას ახდენს და დამოუკიდებელ აქტორებს უცხოელ აგენტებად აცხადებს“ ,— ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებაში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მმართველმა პარტიამ გააძლიერა განსხვავებული აზრის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა, მედიის შეზღუდვა, არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვა და მომიტინგეებისა და ჟურნალისტების ძალადობრივი დარბევა.

„ავტორიტარული შემობრუნება“

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია 2024 წლის სადავო არჩევნებსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებების შეჩერებაზე. საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში „ავტორიტარულ შემობრუნებაზე“ საუბრობენ, რაც გამოიხატება ოპოზიციური პარტიების აკრძალვისა და საჯარო სამსახურზე, პოლიციასა და სასამართლოზე პოლიტიკური კონტროლის გაღრმავების მცდელობით. ორგანიზაციის დასკვნით, ეს მწვავედ ზრდის კორუფციის რისკებს და მთლიანობაში აზიანებს ქართულ საზოგადოებას.

გლობალური ტენდენცია და საფრთხეები

ანალიზის მიხედვით, ქვეყნების თითქმის ორ მესამედში, რომელთა CPI ქულები 2012 წლიდან მნიშვნელოვნად შემცირდა, შეინიშნება გამოხატვის, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის შემაშფოთებელი ტენდენცია.

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, ინდონეზია, პერუ და ტუნისი, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში პოლიტიზირებული ჩარევის შედეგად, მთავრობებმა მიიღეს ახალი კანონები დაფინანსებაზე წვდომის შესაზღუდად ან იმ ორგანიზაციების პირდაპირ დასახურად, რომლებიც მთავრობას ამოწმებენ და აკრიტიკებენ; ამ პროცესს ხშირად თან ახლავს ცილისწამების კამპანიები და დაშინება“, — ვკითხულობთ ანგარიშში.

ასეთ კონტექსტში დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის და მამხილებლებისთვის უფრო რთულია კორუფციაზე თავისუფლად საუბარი, ხოლო კორუმპირებული თანამდებობის პირების მხრიდან იზრდება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკი.

ინდექსის მეთოდოლოგია

2025 წლის ინდექსში საქართველოს ქულა კომპლექსურ კვლევებს ემყარება. წყაროებს შორისაა: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“ და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბიზნესის ხელმძღვანელ პირთა აზრის გამოკითხვა.