“ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, 30 იანვარს, თბილისის მეტროსთან დაკავშირებული ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას “არასამთავრობო სექტორში” არასდროს უმუშავია.
კობახიძის განცხადებით, ის UNDP-ში მუშაობდა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციაა.
„ეს იყო UNDP, UNDP არ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია. მე არასამთავრობო ორგანიზაციაში არასდროს მიმუშავია“, – განაცხადა კობახიძემ 30 იანვარს.
შალვა პაპუაშვილის, ირაკლი კობახიძის და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერების ბიოგრაფია აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მათ პარლამენტში დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების თანამშრომლებს [სურვილის შემთხვევაში] ფაქტობრივად, 8 წლით უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოში.
„ოცნების“ კანონპროექტით, პირს, რომელიც მუშაობს „უცხოური ძალისაგან“ დაფინანსებულ (მინიმუმ მთლიანი შემოსავლების 20%) ორგანიზაციაში, საქართველოში ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში. ეს ფაქტობრივად პოლიტიკაში მოსვლის უფლების შეზღუდვას ნიშნავს, ვინაიდან, „ქართული ოცნების“ მიერ უკვე მიღებული ცვლილებებით, თუ პირი პარტიის წევრი არაა, მას არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია.
ასეთ კანონს იღებენ ის ადამიანები (შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე და ა.შ.), რომლებიც წლების განმავლობაში თავად მუშაობდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში და “უცხოურ ძალისაგან” ჩარიცხულ თანხებს ხელფასის სახით იღებდნენ.
ირაკლი კობახიძეს 30 იანვრის კომენტარში ჟურნალისტებისთვის არ უთქვამს, რომ UNDP-ის გარდა, მას ასევე უთანამშრომლია ამერიკულ USAID-თან, რომელიც ბოლო წლებში “ოცნების” პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო.
კერძოდ, 2000-2001 წლებში კობახიძე შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი იყო. მართალია USAID არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის, თუმცა ის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო სააგენტო იყო ანუ ის პირდაპირ აშშ-სთან თანამშრომლობდა.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს. კობახიძეს 30 იანვარს არც ის უთქვამს, რომ ის ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოსთან, ანუ ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებულ ფონდთანაც თანამშრომლობადა. მართალია ის არ ყოფილა ფონდის შტატიანი თანამშრომელი, თუმცა თანამშრომლობდა სხვადასხვა მიმართულებით და შესაბამის ჰონორარებსაც იღებდა.
კერძოდ, 2011 – 2012 წლებში ის იყო ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს”, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი. ანუ ის სხვა ექსპერტებთან ერთად აფასებდა, ფონდში შესული განაცხადებიდან, რომელი პროექტი იყო დაფინანსების ღირსი თვითმმართველობის მიმართულებით. გარდა ამისა, კობახიძეს “სოროსის ფონდთან” თანამშრომლობით აქვს მომზადებული ანალიტიკური დოკუმენტი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე 2010 წელს იყო ამ თემაზე გამართული დიდი კონფერენციის სპიკერი. ეს კონფერენცია “მერიოტში” ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს ორგანიზებით გაიმართა. კობახიძე ფონდთან ასევე თანამშრომლობდა სხვა მიმართულებებითაც, მაგალითად უცხოეთში განათლება მიღებულ სხვა პროფესიონალებთან ერთად ასწავლიდა სტუდენტებს. 2012 წელს კი ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის პროექტში იყო ჩართული.

ფოტოზე სწორედ 2010 წელს, სასტუმრო “მერიოტში” სოროსის ფონდის მიერ ორგანიზებული კონფერენციაა ნაჩვენები, სადაც ირაკლი კობახიძე,ფონდის ხელმძღვანელთან, ქეთი ხუციშვილთან ერთად არის წარმოდგენილი.
ფონდი ღია საზოგადოება საქართველოში იურიდიულად არასამთავრობო ორგანიზაციის ფორმით იყო დარეგისტრირებული. შესაბამისად მტკიცება, რომ მას არასამთავრობოებთან შეხება არ ჰქონია, სიმართლეს არ შეესაბამება.
უფრო მეტიც, ირაკლი კობახიძე ჯერ კიდევ 2016 წელს, როდესაც უკვე იყო “ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, არასამთავრობოებს ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდიდა.
„დიდ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს იმ წვლილისთვის, რომელიც შეგაქვთ რასაც ჰქვია თქვენი ქვეყნის განვითარება, ჩვენი საზოგადოების განვითარება და ეს წვლილი არის ნამდვილად ფასდაუდებელი,“ – ასე მიმართა 2016 წლის 12 დეკემბერს პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო სექტორს. შეხვედრა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაიმართა.
კობახიძემ შეხვედრა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ [სოროსის ფონდი] აღმასრულებელ მდივანთან ქეთევან ხუციშვილთან ერთად წარმართა.
წლების შემდეგ ირაკლი კობახიძე იმ ორგანიზაციების უმრავლესობას, ვის ღვაწლზეც მაშინ საუბრობდა კოლექტიურ ნაცმოძრაობას და აგენტებს ეძახის.
მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბიოგრაფიაში კობახიძეს მითითებული აქვს “სოროსის ფონდთან” და USAID-თან კავშირის შესახებ, თუმცა პარლამენტის ვებგვერდზე მხოლოდ USAID-ზე ჩანაწერს ვხვდებით.
ამავე თემაზე გირჩევთ სტატიას შალვა პაპუაშვილზე – დააკლიკეთ.








