სააპელაციო სასამართლო აგრძელებს  „11 პირის საქმის“ განხილვას. დღეს, 29 იანვარს, პროკურორებმა, ვახტანგ ცალუღელაშვილმა და ვაჟა თოდუამ  დასკვნითი სიტყვა თქვეს. ისინი 11 პირისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვენ, რაც მსჯავრის დამძიმებასაც გულისხმობს. ადვოკატები კი — მათ უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებას.

„მათი საბოლოო მიზანი იყო, წინააღმდეგობა გაეწიათ პოლიციელებისთვის, რომ მათ არ შეესრულებინათ თავისი მოვალეობები და დაეცვათ წესრიგი. […] მათი მხრიდან ორგანიზებულად განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები და არა უბრალოდ დაირღვა წესრიგი“, — თქვა პროკურორმა ვაჟა თოდუამ დღეს სასამართლოში.

ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ სინდისის პატიმრებს განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოუტანა და წარდგენილი ბრალი გადაუკვალიფიცირა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელ ბრალდებულებს და აწ უკვე მსჯავრდებულებს ვერც ძალადობა დაუმტკიცეს, ვერც ჯგუფურობა და მით უფრო – ორგანიზებულობა, განაჩენი მაინც ორგანიზებულად და ჯგუფურად მოქმედებისთვის გამოუტანეს, ოღონდ სხვა მუხლის ფარგლებში, „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“ საბაბით, რომელიც სასჯელის უფრო მსუბუქ ზომას ითვალისწინებს. თერთმეტივეს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

პროკურატურა სააპელაციო სასამართლოსგან ითხოვს თავდაპირველად წარდგენილ ბრალზე დაბრუნებას [ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა], რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წელიწადზე მეტი გავიდა ირაკლი ქერაშვილის, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, რეზო კიკნაძის, რუსლან სივაკოვის, სერგეი კუხარჩუკის, გური მირცხულავას, გია ტერიშვილის, ვაკო თეთრაშვილის დაპატიმრებიდან. ჯერ კიდევ არ არსებობს ექსპერტიზის შედეგები, რაც მსჯავრდებულებისგან ამოღებულ ტელეფონებზე უნდა ჩატარებულიყო.

პროკურორებმა არ იციან, როდის დასრულდება ექსპერტიზა, რომლის შედეგების წარმოდგენასაც საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისასაც გვპირდებოდნენ.

„ბრალდების ინტერესშიც არის, რომ გახსნან ტელეფონები და ნახონ, რომ იქ არაფერი არ არის“, — ამბობს ანდრო ჭიჭინაძე.

„ბოლოს როდის გქონდათ კომუნიკაცია [ექსპერტებთან]?“ — კითხულობს ჯანო არჩაიასა და გური მირცხულავას ადვოკატი ომარ ფურცელაძე.

„არ გვქონია კომუნიკაცია“, — პასუხობს პროკურორი ვაჟა თოდუა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მოსამართლე ფიქრობს, რომ ჩვენი ბედი აშხაბადში უნდა წყდებოდეს?“ — სააპელაციო 11 პირის საქმეს განიხილავს