საზოგადოება

„ამ რეგულაციებით საზოგადოებრივ წესრიგს არ იცავენ, განსხვავებულ აზრს ახშობენ“ — HRW ტროტუარის კანონზე

24 იანვარი, 2026 •
„ამ რეგულაციებით საზოგადოებრივ წესრიგს არ იცავენ, განსხვავებულ აზრს ახშობენ“ — HRW ტროტუარის კანონზე

ამერიკული უფლებადაცვითი ორგანიზაცია, „ჰიუმან რაითს ვოჩი“ აქვეყნებს განცხადებას და ეხმაურება მიმდინარე მოვლენებს საქართველოში, როდესაც „ოცნების“ რეჟიმმა პროტესტის ჩასახშობად სულ უფრო რეპრესიული რეგულაციებით, უკვე მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო დაიწყო აქციის მონაწილეების დაპატიმრება.

ორგანიზაციის შეფასებით, ეს ათობით ე.წ. ტროტუარის საქმე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და საქართველოს მიერ საერთაშორისო მასშტაბით ნაკისრი ვალდებულებების რღვევის გამო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

„ეს ცვლილებები პოლიციას უკიდურესად სახიფათოდ უფართოებს ძალაუფლებას, რომ გადაწყვიტონ, როდის და სად გამოხატონ ადამიანებმა პროტესტი და საერთოდ, გამოხატონ თუ არა“, — განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპის და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, გიორგი გოგიამ, — „კანონი, როგორც ჩანს, თვითნებურად გამოიყენება მშვიდობიანი გამოხატვის ჩასახშობად და კრიტიკული ხმების საჯარო სივრციდან გასაძევებლად.“

საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ იცნობს გუშინ, 23 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებებს სასამართლოში, როდესაც 7 მოქალაქე სამართალდამრღვევად ცნეს მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო და მათგან 5-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ამ გადაწყვეტილებების შესახებ, წაიკითხეთ ბმულზე: ვინ და როგორ დააპატიმრეს ტროტუარზე დგომის გამო.

„მომდევნო დღეებში სასამართლო პროცესები ათობით სხვა პირსაც ელოდება. […] Human Rights Watch ასევე შეშფოთებულია იმით, რომ რიგ შემთხვევებში მოსამართლეებმა ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტეს და საქმეები საგამოძიებო ორგანოებს გადაუგზავნეს, იმ მოტივით, რომ პირებს ადრე თითქოს პროტესტთან დაკავშირებული წესების დარღვევები ჰქონდათ ჩადენილი, რაც, პოტენციურად, მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს“, — ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო ორგანიზაცია ინფორმირებულია იმ განცხადების შესახებაც, რაც გუშინ დღის ბოლოს შსს-მ გაავრცელა და უკმაყოფილება გამოხატა ინფორმაციის გავრცელებით, რომ მოქალაქეებს მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო აპატიმრებენ.

„საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებით, მათ შორის ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის შესაბამისად, ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები. ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს, ჰქონდეს სათანადო სამართლებრივი საფუძველი და აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს. ეს გარანტიები უზრუნველყოფს, რომ ადამიანებს შეეძლოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა პოლიციის მიერ ძალის ბოროტად გამოყენების, თვითნებური დაკავებებისა და არათანაზომიერი სანქციების შიშის გარეშე.

[…] ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ახლახან მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია დემონსტრანტის სამართლიან მართლმსაჯულებაზე წვდომისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები, როდესაც 2023 წლის მარტის აქციების დროს იგი გაამტყუნა მხოლოდ პოლიციელთა მხრიდან დაუდასტურებელი ჩვენებების საფუძველზე და სასამართლოს მხრიდან პოლიციის მითითებების კანონიერების რეალურად შემოწმების გარეშე“, — წერს HRW და მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ადასტურებს სტრუქტურულ ხარვეზებს, რომლებიც ძირს უთხრის სამართლიანი სასამართლოს ცნებას, გარანტიებს და ხელს უწყობს პროტესტის ბოროტ კონტროლს პოლიციის მხრიდან.

საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გააუქმოს ან შეცვალოს რეგულაციები, რომლებიც გაუმართლებლად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს შეუსაბამოს. სამართალდამცავმა ორგანოებმა და სასამართლოებმა კი დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონის თვითნებური გამოყენება. უზრუნველყონ, რომ ნებისმიერი შეზღუდვა იყოს კანონიერი, აუცილებელი და პროპორციული, ყველა წარმოებაში დაიცვან სამართლიანი სასამართლოს უფლებები.

„ამ რეგულაციებით საზოგადოებრივ წესრიგს არ იცავენ, განსხვავებულ აზრს ახშობენ“, — აცხადებს გიორგი გოგია.


საკანონმდებლო ცვლილებებში პროტესტის შესაზღუდად ჯერ გაჩნდა ცნება „გზის ხელოვნურად გადაკეტვა“. მოსამართლეები და შინაგან საქმეთა სამინისტრო გზის გადაკეტვის საბაბით დაკავებულ მოქალაქეებს ეუბნებოდნენ — „ტროტუარზე ვერ გააპროტესტებდით?!“ და 15 დღემდე ვადით უშვებდნენ იზოლატორებში.

გავიდა კიდევ რამდენიმე კვირა და 2025 წლის 12 დეკემბერს ამოქმედდა ცვლილებები, რომლითაც დასჯადი გახადა ტროტუარზე დგომა. „გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას“ დაემატა „ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვაც“.

ეს ცვლილებები ითვალისწინებს:

  1. დემონსტრაციის შესახებ წინასწარი შეტყობინებას: სავალდებულო ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის აქციის გამართვის შესახებ შეტყობინება 5 დღით ადრე, მათ შორის ისეთ შემთხვევებში, როცა აქცია ტროტუარზე იმართება.
  2. მკაცრ სანქციებს: წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, განმეორების შემთხვევაში კი,  სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 1 წლამდე პატიმრობით.
  3. პოლიციის დისკრეცია: პოლიციას ენიჭება უფლება, თავად განსაზღვროს, არის თუ არა აქციის მონაწილეთა რაოდენობა საკმარისი გზის ან ტროტუარის დასაკავებლად.

გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი