რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციებისას დაკავებულმა მოქალაქემ მთავრობას დავა მოუგო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

მოქალაქე გიორგი მექვაბიშვილი 2023 წელს დააკავეს, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” პირველად დააინიციირა რუსული კანონი. მის უფლებებს საია იცავდა.

2023 წლის 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარედ გამართული აქცია სახელმწიფომ საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშალა. ასევე, აღსანიშნავია, რომ პოლიცია აქტიურად იყენებდა აქციის მონაწილეთა განურჩეველი დაკავების პრაქტიკას. საიას თანახმად, აქციის დაშლისას გიორგი მექვაბიშვილი სხვა პირის მიმართ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდო ძალადობრივ მოპყრობას ტელეფონით იღებდა და სამართალდამცავებს მოუწოდებდა, რომ არ ეძალადათ აქციის მონაწილეზე, რა დროსაც იგი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დააკავა.

სამართალდამცავთა განმარტებით, მომჩივანი დააკავეს იმის გამო, რომ არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გაეთავისუფლებინა გზის სავალი ნაწილი, იმის მიუხედავად, რომ მომჩივანი ტროტუარზე გადაადგილდებოდა. მომჩივანმა 35 საათზე მეტი გაატარა დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო საიას შეფასებით, სახელმწიფოს არ დაუსაბუთებია დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზეზები. ამ საკითხით არც მოსამართლე დაინტერესდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას. მომჩივნის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა განხორციელდა 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, რის შედეგადაც მას 2000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

მომჩივანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის წარდგენილი საჩივრით ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვდა.

სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მექვაბიშვილის მიმართ ნამდვილად დაირღვა კონვენციის ორი მუხლი: მე-6 ანუ სამართლიანი სასამართლოს უფლება და მე-11 – შეკრების თავისუფლება.

სტრასბურგის სასამართლოს განაჩენით, მას სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს:

  • 665 ევრო მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით;
  • 1600 ევრო არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით;
  • ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს აღნიშნულ თანხებს;

გთავაზობთ ამონარიდს განაჩენიდან, თუ როგორ დაასაბუთა სტრასბურგის სასამართლომ მე-6 მუხლის დარღვევა:

  1. მომჩივანი ჩიოდა, რომ ადგილობრივმა სასამართლოებმა ვერ უზრუნველყვეს მისი მსჯავრდადების სათანადო დასაბუთება და არასწორად დააკისრეს მას მტკიცების ტვირთი, რითაც დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი; ასევე ჩიოდა, რომ მას არ ჰქონდა სათანადო დრო და საშუალებები დაცვის მოსამზადებლად, რითაც დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილი.

  2. მთავრობა არ დაეთანხმა ამ მოსაზრებებს.

  3. როგორც მთავრობამ მიუთითა,  მომჩივანს ადგილობრივ დონეზე არ დაუყენებია პრეტენზია არაადეკვატური დროისა და საშუალებების შესახებ. შესაბამისად, საჩივარი კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (b) ნაწილთან მიმართებით მიუღებელია, რადგან შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები არ იყო ამოწურული, და უნდა იქნეს უარყოფილი.

  4. რაც შეეხება კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის დარჩენილ საჩივარს, ის არ არის აშკარად დაუსაბუთებელი ან მიუღებელი კონვენციის 35-ე მუხლში ჩამოთვლილი რაიმე სხვა საფუძვლით. შესაბამისად, ის დასაშვებად უნდა გამოცხადდეს.

  5. შესაბამისი ზოგადი პრინციპები შეჯამებულია საქმეში მაყარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ.

  6. სასამართლო აღნიშნავს უდავო ფაქტს, რომ მომჩივნის წინააღმდეგ, გარდა მოვლენების პოლიციისეული ვერსიისა, არ არსებობდა სხვა პირდაპირი და დამოუკიდებელი მტკიცებულება. პოლიციის სამხრე კამერების ან საჯარო ვიდეოსათვალთვალო ჩანაწერების არარსებობის პირობებში, მომჩივანს ფაქტობრივად მოეთხოვებოდა დაემტკიცებინა საკუთარი უდანაშაულობა პოლიციის დაუდასტურებელი ბრალდებების წინააღმდეგ, იმ პირობებში, როცა არ არსებობდა სხვა მტკიცებულება, გარდა ბრალმდებელი მხარის ჩვენებისა, რამაც შელახა სამართალწარმოების საერთო სამართლიანობა.

  7. მნიშვნელოვანია, რომ მომჩივანი თანმიმდევრულად აპროტესტებდა იმ ბრძანების კანონიერებას, რომლის დაუმორჩილებლობაც მას ბრალად ედებოდა, და ამტკიცებდა, რომ მის დაკავებას ტროტუარზე და დემონსტრაციის დროს გზის გაწმენდას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, ისევე როგორც მის შემდგომ მსჯავრდადებას. ეს იყო მომჩივნის დაცვის სტრატეგიის მთავარი არგუმენტი, რადგან პოლიციის ბრძანების „კანონიერება“ წარმოადგენდა ასკ-ის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთ-ერთ შემადგენელ ელემენტს. თუმცა ადგილობრივმა სასამართლოებმა პოლიციის ბრძანებების კანონიერება მხოლოდ ზოგადი ტერმინებით მიიღეს, მიუთითეს რა ადგილზე მომხდარ გარკვეულ ძალადობრივ ქმედებებზე, მაგრამ არ შეაფასეს, იყო თუ არა აუცილებელი მთელი დემონსტრაციის დაშლა და გზის გაწმენდა. შესაბამისად, მომჩივანს არ მიუღია კონკრეტული და მკაფიო პასუხი იმ არგუმენტზე, რომელიც გადამწყვეტი იყო მის წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შედეგისთვის.

  8. ზემოაღნიშნული მოსაზრებები საკმარისია იმისთვის, რომ სასამართლომ დაასკვნას კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა.

გთავაზობთ ამონარიდს განაჩენიდან, თუ როგორ დაასაბუთა სტრასბურგის სასამართლომ მე-11 მუხლის დარღვევა:

  1. კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებზე დაყრდნობით მომჩივანი ჩიოდა, რომ არ არსებობდა საფუძველი არც დემონსტრაციის დაშლისთვის და არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის მისი დაკავებისა და შემდგომი მსჯავრდადებისთვის.

  2. სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა განიხილებოდეს მხოლოდ კონვენციის მე-11 მუხლის ჭრილში, რომელიც ასეთ ვითარებაში lex specialis-ს (სპეციალურ ნორმას) წარმოადგენს.

  3. მთავრობამ წარმოადგინა პრეტენზიები დასაშვებობასთან დაკავშირებით და არგუმენტები საქმის არსებით მხარესთან მიმართებით, რომლებიც მსგავსია მაყარაშვილის და სხვების საქმეში წარმოდგენილი არგუმენტებისა.

  4. მაყარაშვილი და სხვების საქმეში დეტალურად გადმოცემული მიზეზების გამო, სასამართლო მიიჩნევს, რომ განაცხადის ეს ნაწილი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი და არც კონვენციის 35-ე მუხლით გათვალისწინებული რაიმე სხვა საფუძვლით მიუღებელი. შესაბამისად, ის დასაშვებად უნდა გამოცხადდეს.

  5. მართალია, სასამართლო აღიარებს პარლამენტის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის საჭიროებას, რაც დემოკრატიული საზოგადოების უმთავრესი ღირებულებაა, მაგრამ აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ დემონსტრაცია მთლიანობაში მიზნად ისახავდა საპარლამენტო საქმიანობის შეფერხებას, ან მომჩივანი მონაწილეობდა მსგავს მცდელობაში, ან ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობრივი ქმედება. გარდა ამისა, სადავო არ არის, რომ 2023 წლის 7 მარტის დემონსტრაცია ეხებოდა საზოგადოებრივი ინტერესის საგანს (იხ. მე-5 პარაგრაფი ზემოთ). შესაბამისად, მომჩივანი უფლებამოსილია ისარგებლოს მე-11 მუხლის გარანტიებით.

  6. მოცემულ საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ მე-11 მუხლით გათვალისწინებულ მომჩივნის უფლებაში ჩარევა გათვალისწინებული იყო კანონით და შესაძლოა ემსახურებოდა უწესრიგობის თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზანს, სასამართლო ვერ უგულებელყოფს ადგილობრივი სასამართლოების მიერ სათანადო დასაბუთების არარსებობას იმის თაობაზე, თუ რატომ იყო აუცილებელი მთელი დემონსტრაციის დაშლა და გზის გაწმენდა. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი და საკმარისი საფუძვლები იმისათვის, რომ წინამდებარე საქმეში ჩარევა მიჩნეულიყო აუცილებელ და პროპორციულ ზომად.

  7. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას.