“ქართული ოცნების” წევრი და სატელიტი დეპუტატები აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ის ადამიანები უნდა შეიწყალოს, ვინც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და სინანულს გამოთქვამს.

ამის შესახებ მათ დღე,ს 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებული შეწყალების მოლოდინის კომენტირებისას აღნიშნეს.

სინდისის პატიმრები არც წარდგენილ ბრალს და არც მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენს არ აღიარებენ.

“პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მზადაა შეიწყალოს ადამიანები, რომლებიც აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ დანაშაულს. იმ ადამიანებისგან [სინდისის პატიმრები. ავტ], რომლებზეც თქვენ მეკითხებით. ასეთი არაფერი მოგვისმენია. მაგრამ ვნახოთ, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, ვის შეიწყალებს და რატომ”, – ამბობს “ოცნების” დეპუტატი ლევან მახაშვილი.

„შეწყალების ეს ჰუმანური აქტი არსებობს იმისთვის, რომ როდესაც ადამიანი შეინანებს თავის საქციელს და ითხოვს შეწყალებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს განხილული ეს საკითხი. ჩვენ კი, რამდენადაც ვიცით, ეს ადამიანები იქიდან იმუქრებიან: „რომ გამოვალთ, იმაზე მეტს გავაკეთებთ, ვიდრე ვაკეთებდითო“. მე, ყოველ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია მაქვს. თუ არის განსხვავებული მოსაზრება და განცხადებები სინანულზე — ეს გვითხარით. მაგრამ როცა პატიმარი ამბობს, რომ ის არათუ დამნაშავე არ არის, არამედ რომ გამოვა, უარესს გააკეთებს…“, – ამბობს გურამ მაჭარაშვილი, რომელიც პარლამენტში “ოცნების” სიით შევიდა და მმართველი პარტიის სატელიტი პოლიტიკური ძალის, ” ხალხის ძალის” წევრია.

ჯერჯერობით უცნობია, ვის შეწყალებას აპირებს მიხეილ ყაველაშვილი. მის ადმინისტრაციას განცხადება არ გაუკეთებია. სინდისის რამდენიმე პატიმრის მშობელი დილიდან მივიდა გლდანის ციხესთან. ადგილზე იმყოფებიან ჟურნალისტებიც. შეწყალებასთან დაკავშირებით მოლოდინები თავად “ოცნების” სპიკერებმა შექმნეს ბოლო პერიოდში, როდესაც დაიწყეს საუბარი აქციებზე დაკავებული ადამიანების შეწყალების მიზანშეწონილობაზე. სინდისის პატიმრები აცხადებენ, რომ მათ შეწყალების მოლოდინი არ აქვთ.