საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე 385-დღიანი უწყვეტი პროტესტი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა. 17 დეკემბერს პოლიციამ პარლამენტის წინ, ტროტუარზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდა დაშლილიყვნენ, რაც სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.
რა მოხდა
17 დეკემბერს, 20.00 საათზე მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ პარლამენტთან პროტესტის ნიშნად. ისინი იდგნენ პარლამენტის შენობის წინ მდებარე სივრცეში, რომელიც შედგება ფეხით სავალი ნაწილის და შადრევნებთან მდებარე მცირე მოედნისგან.
20.25 საათზე გამოჩნდა მომიტინგეებთან პოლიცია და ტერიტორიის გასათავისუფლებლად, ანუ დასაშლელად 15- წუთიანი ვადა მისცა.
პოლიციელებს იურისტმა კახა წიქარიშვილმა განუცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ, პროტესტის შემზღუდავი ახალი კანონის შესაბამისად, შეიტანა განცხადება შესაბამის სტრუქტურაში, თუმცა პოლიციისგან განმარტება არ მიუღია.
“რადგან საპატრულო პოლიციაში შეიტანეთ წერილი, გსურდათ, რომ სამართლებრივი გზებით მოგეხდინათ შეკრება და მანიფესტაცია, კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონოდა,
რაც ძალიან კარგია, მაგრამ ასევე ვალდებულებაა თქვენი, რომ დაელოდოთ შესაბამის…”, – უთხრა პოლიციელმა წიქარიშვილს, რაზეც იურისტმა უპასუხა, რომ “ასეთი ვალდებულება არ აქვს”.
17 დეკემბერს, პოლიციის მიერ მიცემული 15- წუთიანი ვადის მიუხედავად, პროტესტის მონაწილეები არ დაშლილან – აქცია უფრო მრავალრიცხოვანი გახდა და 23.00 საათამდე გაგრძელდა.
სამართლებრივი აბსურდი პარლამენტთან – რას ითვალისწინებს კანონში ცვლილებები?
შეკრებიბისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილი წვლილებები, რომელიც ძალაში 12 დეკემბერს შევიდა, ითვალისწინებს:
- დემონსტრაციის შესახებ წინასწარი შეტყობინებას: სავალდებულო ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის აქციის გამართვის შესახებ შეტყობინება 5 დღით ადრე, მათ შორის ისეთ შემთხვევებში, როცა აქცია ტროტუარზე იმართება.
- მკაცრ სანქციებს: წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, განმეორების შემთხვევაში კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
- პოლიციის დისკრეცია: პოლიციას ენიჭება უფლება, თავად განსაზღვროს, არის თუ არა აქციის მონაწილეთა რაოდენობა საკმარისი გზის ან ტროტუარის დასაკავებლად.
სამინისტროს მოწოდება რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიის მომიტინგეებისგან გათავისუფლებაზე უკანონოა – გიორგი გოცირიძე
გიორგი გოცირიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, რომელიც წლებია საქართველოში გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მუშაობს, ამბობს, რომ პოლიციის მოწოდება უკანონო იყო. ის თავადაც მონაწილეობდა აქციაში.
“ადამიანებს, რომლებიც არ არიან აქციის მონაწილეეები, აქვს გადაადგილების სრული შესაძლებლობა და, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწოდება, რომ უნდა გათავისუფლდეს რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია, უკანონოა,“, – უთხრა მან ნეტგაზეთს.
“მეორე ტყუილი, რაც ჩვენ მოვისმინეთ [პოლიციელისგან], იყო ის, რომ საჭიროა გაფრთხილება. პირველ რიგში, ეს გაფრთხილება, რომელიც ხუთი დღით ადრე კეთდება, არის არაკონსტიტუციური, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც კი, აქციის მონაწილეებმა შეასრულეს ეს მოთხოვნა და ბატონმა კახა წიქარიშვილმა შეიტანა გაფრთხილება შინაგან საქმეთა სამინისტროში და შეიტანა კონკრეტულად გუშინდელ და დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. ანუ, ეს გაფრთხილება არსებობს.
და როდესაც ეს გაფრთხილება შედის შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასეთ შემთხვევაში უნდა დაიბარონ განცხადების ავტორი, თუ აპირებენ მოთხოვნას დროისა და ადგილის შეცვლის შესახებ. ბატონმა კახა წიქარიშვილმა განაცხადა, ასეთი რაღაც არ მომხდარა, ანუ გაფრთხილების შეტანიდან სამი დღის ვადაში ის საპატრულო პოლიციაში არ დაუბარებიათ და არ მოუთხოვიათ დროისა და ადგილის შეცვლა.
არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო მერიის მიერ გაფრთხილების არმიღების ინსტიტუტი. საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ შეკრების მოსაწყობად არ არის აუცილებელი, კონკრეტულმა სახელმწიფო უწყებამ ნებართვა გასცეს შეკრებასთან დაკავშირებით.
ამიტომ, გიორგი გოცირიძის განმარტებით, ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცა სავალდებულო მითითების შესაძლებლობა, არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
რა გეგმავენ პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეები?
შეკრების და მანიფესტაციების შესახებ შემზღუდავი რეპრესიული კანონმდებლობის მიუხედავად, მოქალაქეები პროტესტს არ წყვეტენ.
პროტესტი კი 2024 წლის 28 იანვარს დაიწყო, როცა ირაკლი კობახიზემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს. ამის შემდეგ საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება თბილისსა და სხვა ქალაქებში.
