ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ოფლაერტი საქართველოში 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

საქართველოს მთავარი პროკურორისადმი გამოგზავნილ 10 დეკემბრის წერილში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ის შეშფოთებას გამოხატავს, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სამართალდამცველთა მხრიდან ძალის სავარაუდო არაპროპორციული გამოყენების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებაში ხელშესახები პროგრესი არ შეინიშნება.

კომისარი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული და შემდგომ პროკურატურისთვის გადაცემული გამოძიებების ეფექტიანობას და ხაზს უსვამს, რომ აქციის მონაწილეების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენების ფონზე, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე პასუხისმგებლობა არავის დაჰკისრებია. იგი ეყრდნობა საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნებს, რომლებშიც დოკუმენტირებულია აქციის მონაწილეების მიმართ არასათანადო მოპყრობის მრავალი ბრალდება, მათ შორის ცნობები წამებისა და ქალი დემონსტრანტების მიმართ სექსუალური ძალადობის სავარაუდო მუქარის შესახებ.

კომისარი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სრულყოფილად უნდა იქნას შესწავლილი ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების საკითხი, რადგან ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს ძალის გამოყენების კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის თაობაზე, განსაკუთრებით იმ ოფიციალური აღიარების გათვალისწინებით, რომ საპროტესტო აქციების დროს წყლის ჭავლში ქიმიურ ნივთიერებებს ურევდნენ.

„2025 წლის იანვარში საქართველოში ვიზიტისას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დამარწმუნა, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლი. მას შემდეგ რამდენიმე თანამდებობის პირმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ აღიარეს, რომ წყალში შერეული იყო ქიმიური ნივთიერებები, თუმცა არა ის ტოქსიკური ნივთიერება, რომელსაც შესაძლო გრძელვადიანი ზეგავლენა აქვს ჯანმრთელობაზე და რომელიც ნახსენები იყო მედიის ბოლოდროინდელ ცნობებში. ამ კონტექსტში მიმაჩნია, რომ ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების საკითხი უნდა იქნას შესწავლილი, როგორც პროკურატურის მიერ 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გამოყენების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ნაწილი, რადგან ეს აჩენს მნიშვნელოვან კითხვებს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის თაობაზე“, — ნათქვამია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის წერილში გიორგი გვარაკიძისადმი.

კომისარი დამატებით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ გამოიტანა მრავალი გადაწყვეტილება, რომლებიც ეხება კონვენციის მუხლების დარღვევას წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების გამო, რაც ძირითადად სამართალდამცავებსა და პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს მიეწერებათ, ასევე ამ ფაქტების არაეფექტიან გამოძიებას. სტრასბურგის სასამართლომ გამოავლინა გამოძიების სხვადასხვა ხარვეზი, მათ შორის დამოუკიდებლობის ნაკლებობა, სათანადო ოპერატიულობის არარსებობა, არაადეკვატურობა, სრულყოფილების ნაკლებობა და მსხვერპლთა უუნარობა, სათანადოდ მიიღონ მონაწილეობა პროცესში.

ოფლაერტი ამბობს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისადმი 2025 წლის მაისში გაგზავნილ მიმართვაში მან ყურადღება გაამახვილა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან აქციის მონაწილეთა უფლებების დარღვევის ფაქტების გამოძიებისას როგორც სათანადო ოპერატიულობის, ისე სრულყოფილების ნაკლებობაზე. მაგალითად, აღნიშნა, რომ ოფიციალური დაზარალებულის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა (52) ბევრად ჩამოუვარდება სახალხო დამცველის მიერ იდენტიფიცირებული პოტენციური მსხვერპლების რაოდენობას (225).

იმის გათვალისწინებით, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სსს კოდექსის 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და 154-ე (ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) მუხლებით დაიწყო, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეგროვებული მტკიცებულებები იძლევა საფუძველს, რომ გამოძიება სულ მცირე უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის კოდექსის 141¹ (წამება), 141² (წამების მუქარა) ან 141³ (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მუხლებითაც.

მაიკლ ოფლაერტი ხაზს უსვამს სამართალდამცავთა პასუხისმგებლობის მნიშვნელობას და ითხოვს განახლებულ ინფორმაციას საპროკურორო ორგანოების მიერ მიღწეულ პროგრესზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას სამართალდამცავთა პასუხისმგებლობა ზემოაღნიშნული პროტესტების კონტექსტში ძალის გადამეტებული გამოყენების ან ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების ნებისმიერ ფაქტზე.

ევროპის საბჭო აქვეყნებს საქართველოს ხელისუფლების პასუხსაც, რომელიც პროკურატურისა და შსს-ს პოზიციებს ასახავს. ის აჯამებს 2024-2025 წლებში შსს-ს თანამშრომლების მიერ საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტებისა და ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას. ამბობს, რომ გამოიკითხა 914-ზე მეტი მოწმე; ექსპერტიზა ჩაუტარდა 358-ზე მეტ პირს; მოპოვებულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი 2700 საათზე მეტი ხანგრძლივობის ვიდეომასალა. სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 162 პირს, თუმცა სისხლისსამართლებრივი დევნა ჯერჯერობით არც ერთი სამართალდამცველის მიმართ არ დაწყებულა.

პროკურატურა ამბობს, რომ შეიმუშავა სახელმძღვანელო მითითება პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის „არასათანადო მოპყრობის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების შესახებ“.

ქიმიური ნივთიერების გამოყენების ბრალდებებზე საქართველოს ხელისუფლება პასუხობს, რომ სუს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ შსს-ს მიერ შეძენილი და წლების განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, მიმდინარე დემონსტრაციების დროს ხალხის მასების მართვისთვის გამოყენებული იყო ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი, ხოლო საექსპერტო კვლევისთვის წარდგენილი არცერთი ფხვნილი ან სითხე არ არის ბრომბენზილციანიდი, იგივე „კამიტი“.

„ქართული ოცნება“ ასევე ირწმუნება, რომ ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი საპროკურორო ზედამხედველობა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტია და აქაც შემუშავებულია სახელმძღვანელო პრინციპები და 2022 წლიდან 2025 წლამდე (10 თვე) ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 29 პირის მიმართ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხში ნათქვამია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციები თავიდანვე ძალადობრივი ხასიათის იყო; დაშავდა შსს-ს 171 თანამშრომელი, მათგან ერთმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა, ერთმა — სმენა, ხოლო ერთმა — რეპროდუქციული უნარი.

„პოლიციის მხრიდან სპეციალური საშუალებები გამოიყენებოდა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, პროპორციულობის პრინციპის დაცვით, მხოლოდ იმ ინტენსივობით, რაც უზრუნველყოფდა კანონიერი მიზნის მიღწევას. ამის მიზანი იყო ძალადობის აღკვეთა და არა პროტესტის დაშლა“, — ირწმუნება შსს.