უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 დეკემბერს, ბერლინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა არც დე ფაქტო და არც დე იურე არ აღიარებს დონბასს რუსეთის ტერიტორიად.
„რაც შეეხება რუსების პოზიციას – ჯერჯერობით ის არ შეცვლილა. თქვენ იცით, რომ მათ ჩვენი დონბასი უნდათ. ჩვენი პოზიცია პრაქტიკული, რეალური და სამართლიანია – ჩვენ დონბასის დათმობას არ ვაპირებთ. ამერიკელებს კომპრომისის პოვნა სურთ, ისინი თავისუფალ ეკონომიკურ ზონას გვთავაზობენ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: თავისუფალი ეკონომიკური ზონა არ ნიშნავს, რომ ის რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობით იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ. მის ციტატას “უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტერიტორიების საკითხი განიხილება, თუმცა უკრაინა არ აღიარებს დონბასის დროებით ოკუპირებულ ნაწილს რუსეთის ტერიტორიად.
„დონბასის იმ ნაწილს, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, არც დე იურე და არც დე ფაქტო რუსეთის ტერიტორიად არ ვაღიარებთ. მაგრამ ამის მიუხედავად, ტერიტორიების საკითხზე ვისაუბრებთ. თქვენ იცით, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ჯერჯერობით კონსენსუსი არ გვაქვს.“
14-15 დეკემბერს ბერლინში ზელენსკიმ გამართა მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელ სტივ ვიტკოფთან.








