CBS News-ს ინფორმაციით, უკრაინა ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებში სამშვიდობო წინადადებას დათანხმდა და მხოლოდ მცირე დეტალებია შესათანხმებელი.
მედიის ცნობით, ამის შესახებ მათ ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
პარალელურად, კიდევ ერთი ამერიკული გამოცემა AXIOS ავრცელებს ინფორმაციას, რომ კვირას, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების დროს, აშშ-მა და უკრაინამ დახვეწეს სამშვიდობო ჩარჩო, რომელიც 28-დან 19 პუნქტამდე შემცირდა.
თუმცა, როგორც CBS News წერს, სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით ჯერ რუსეთისგან პასუხი არ არის.
მათივე ინფორმაციით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, რუსტემ უმეროვმა, განაცხადეს, რომ მიღწეულია საერთო გაგება წინადადების თაობაზე, თუმცა დეტალები ჯერ კიდევ დასამუშავებელია.
CBS News-ს ცნობით, უმეროვმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნოემბრის ბოლომდე შეძლებს ვაშინგტონში ჩასვლას შეთანხმების დასასრულებლად.
„უკრაინელები დათანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებას… რამდენიმე მცირე დეტალია გასარკვევი, მაგრამ მათ სამშვიდობო შეთანხმებაზე თანხმობა განაცხადეს“, – განუცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა CBS News-ს.
ეს ინფორმაცია გავრცელდა იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის არმიის მდივანი, დენ დრისკოლი, აბუ-დაბიში იმყოფება რუსეთის ოფიციალურ პირებთან შესახვედრად. ამის შესახებ ცნობას არაერთი ამერიკული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, რუსეთის მხრიდან აბუ-დაბიში მიღწეულ შეთანხმებაზე „დაუყოვნებელი რეაქცია“ არ დაფიქსირებულა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რუსეთი „აფასებს აშშ-ის პოზიციას, რომელიც ინიციატივით გამოდის უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში“, მოსკოვი „პროფესიონალურად მუშაობს, არ ავრცელებს ინფორმაციას ოფიციალური შეთანხმებების მიღწევამდე“. ლავროვის განცხადებით, რუსეთი აშშ-სგან ელის, რომ უახლოეს მომავალში შეატყობინებს მას უკრაინასთან და ევროპასთან კონსულტაციების შედეგების შესახებ.
აბუ-დაბიში მყოფმა აშშ-ის სამხედრო ოფიციალურმა პირმა CBS News-ს განუცხადა, რომ დენ დრისკოლმა სამშაბათს საათები გაატარა რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში, მთელი დღის განმავლობაში შეხვედრებზე შედიოდა და გამოდიოდა.
„ჩვენ კვლავაც ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი… მდივანი დრისკოლი ოპტიმისტურადაა. ვიმედოვნებთ, მალე მივიღებთ გამოხმაურებას რუსებისგან. პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
ჯერჯერობით უცნობია, კიდევ ვინ შედის აშშ-ის დელეგაციაში, რომელიც აბუ-დაბიში იმყოფება. აშშ-ის ოფიციალურმა პირმა CBS News-ს სამშაბათს განუცხადა, რომ იქ ასევე იმყოფება უკრაინის დელეგაცია, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა დრისკოლთან და მის გუნდთან.
ამერიკული გამოცემა AXIOS-ს ცნობით, აბუ-დაბიში იმყოფება უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალი კირილ ბუდანოვი.
ამასთან, სამშაბათს უმეროვმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ მომლაპარაკებლებმა „მიაღწიეს საერთო გაგებას ძირითადი პირობების შესახებ“ შეთანხმების თაობაზე, რომელიც აშშ-ის, ევროპისა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის ჟენევაში განიხილებოდა შაბათ-კვირას.
ინფორმირებულმა წყარომ CBS News-ს განუცხადა, რომ დრისკოლი აბუ-დაბიში მუშაობდა თეთრი სახლის 28-პუნქტიანი წინადადების გადასინჯულ ვერსიაზე, ჟენევაში მოლაპარაკებების შემდეგ.
შაბათ-კვირას დრისკოლი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და უკრაინისა და ევროპელი მოკავშირეების დიპლომატები ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ. დრისკოლის შეხვედრას რუსეთის ოფიციალურ პირებთან წინ უძღოდა მისი ვიზიტი უკრაინის დედაქალაქში გასულ კვირას.
აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალური პირები მანამდე განიხილავდნენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოტენციურ ვიზიტს აშშ-ში ამ კვირაში, იტყობინებოდა CBS News კვირას.
გასულ კვირას მედიაში გავრცელდა პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერილი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინას აიძულებს, დათმოს დამატებითი ტერიტორიები, შეამციროს თავისი შეიარაღებული ძალების ზომა და დასთანხმდეს, რომ არასდროს გაწევრიანდება ნატო-ში.
23 ნოემბერს ჟენევაში აშშ-ის 28-პუნქტიანი წინადადების განსახილველად მრავალმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა.
ფოტო: Fabrice Coffrini/AFP via Getty






