ევროკომისიის ორგანიზებით, ბრიუსელში იმართება გაფართოების პირველი ფორუმი სლოგანით „კავშირის სრულყოფა და ჩვენი მომავლის უზრუნველყოფა“.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელთანაც ევროკავშირს მაღალი დონის ურთიერთობები შეჩერებული აქვს, ფორუმზე მიწვეული არ ყოფილა, მიუხედავად ამისა, დისკუსიას საქართველოს საკითხის გარეშე არ ჩაუვლია.
ყოფილმა დიპლომატმა, ამჟამად ბრიუსელში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის“ დირექტორმა გიორგი რობაქიძემ ფორუმის მონაწილეებს მოუწოდა, საქართველოზე ხელი არ ჩაიქნიონ.
„20 წელია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვმუშაობ, და გულს მტკენს ის, რომ აქ არ ვხედავ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. ქვეყანა, რომელიც ერთ დროს მოწინავე იყო, ახლა დემოკრატიული უკუსვლის თავისუფალ ვარდნაშია. არსებობს თუ არა რაიმე შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად დავეხმაროთ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც კვლავ მამაცად იბრძვის თავისი ევროპული მომავლისთვის? და ნელ-ნელა დგება დრო, გადავიდეთ სიტყვებიდან მოქმედებაზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ცოტა ხნის წინ მიღებულ იქნა კანონი, რომელიც ეხება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას. ახლა არსებობს შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის დასჯის გარეშე მივუსადაგოთ სანქციები საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას რუსულ ორბიტაზე აბრუნებს. ჩემი გულწრფელი თხოვნა ყველასადმი, ნუ გადაუსვამთ ხაზს საქართველოს. ჩვენ ჯერ ისევ აქ ვართ. ჯერ კიდევ ვიბრძვით ჩვენი ევროპული მომავლისთვის, და კვლავ გაიგებთ ქართველებისგან, რომ ერთ დღეს დავბრუნდებით, როგორც ლიდერები“, — განაცხადა რობაქიძემ.
ევროკომისარმა თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ საქართველო შეძლებს ევროკავშირის გაფართოების პროცესში დაბრუნებას, თუ ქვეყანაში ცვლილებები მოხდება.
„როგორ შეგვიძლია ამ ეტაპზე დავეხმაროთ საქართველოს? – მოლდოვის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების და უკრაინის ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანებით. ეს საქართველოსაც დაეხმარება, რადგან ეს იქნება დამაჯერებელი არგუმენტი, რომ გაფართოება რეალურად ხდება. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ზოგიერთი ოლიგარქი, ან როგორც არ უნდა ვუწოდოთ, საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ გაფართოება უნდა დავივიწყოთ. ახლა კი ჩვენ შეგვიძლია ძალიან მკაფიო არგუმენტი და მტკიცებულება დავდოთ — ევროკავშირის გაფართოება მოხდება. და საქართველოც შეძლებს ამ პროცესზე დაბრუნებას, რა თქმა უნდა, თუ ცვლილებები მოხდება“, — განაცხადა კუბილიუსმა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განმარტა, რომ უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების პროცესი დაბლოკილი არ არის — დაბლოკილია გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უნგრეთის ვეტოს გამო.
„მაგრამ ტექნიკური ნაწილი გრძელდება და იმედია, მალე სამუშაო ჯგუფებში მუშაობა წინ წაიწევს და ჩვენ შევძლებთ გავაკეთოთ იგივე, რასაც გავაკეთებდით, ყველა კლასტერი ოფიციალურად რომ გახსნილიყო. და ჩემი გზავნილი მოლდოველებისა და უკრაინელების მიმართ შემდეგია: თქვენ არ გჭირდებათ ორბანი რეფორმების გასატარებლად. უბრალოდ გააკეთეთ ეს“, — განაცხადა კოსმა.
რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, კოსის თქმით, მთავრობის კონტროლის გამო ეს ახლა ძალიან რთულია:
„ფული არსებობს, თანხა გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტი იქნება. ჩვენ ახლა ვეძებთ გზებს, თუ როგორ დავეხმაროთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ისე, რომ მათი არსებობა საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ. მაგალითად, გასულ კვირას მქონდა გაცვლითი დიალოგი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ყველა კანდიდატი ქვეყნიდან და საქართველოს წარმომადგენელიც იქ იყო“, — თქვა მან.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრუ მუნტეანუს აზრით, საქართველო უფრო მოწყვლადი გახადა არაპროგნოზირებად მეზობელთან — რუსეთთან საზღვარმა.
„ჩვენ უკრაინელები გვიცავენ და ამიტომ ვეხმარებით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ამ სასტიკ ომში“, — თქვა მან და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოც დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას.
„ბევრი ქართველი მეგობარი მყავს და ბევრჯერ ვარ ნამყოფი საქართველოში. სულიერად, კულტურულად, ჩვენ ახლოს ვართ, რომ აღარაფერი ვთქვათ ვენახებზე და ღვინის სიყვარულზე, რაც ჩვენი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. როდესაც ჩემი ნომინაცია საჯარო გახდა, უამრავი შეტყობინება მივიღე ქართველი მეგობრებისგან, რომლებიც მეუბნებოდნენ — ახლა თქვენ ჩვენთვისაც იბრძვით. ვეთანხმები, რაც კომისარმა კუბილიუსმა თქვა — ჩვენი წარმატება იქნებოდა საუკეთესო პასუხი საქართველოში ჩარევაზე და მათ გაუჩინარებაზე ევროკავშირის პროცესებიდან, რაც, სინამდვილეში სევდიანი ისტორიაა, რადგან ქართველები ევროპელები არიან და სრულად იმსახურებენ, იყვნენ ამ ოჯახის ნაწილი. იმედი მაქვს, ეს დროებითი სიტუაციაა და ჩვენ, მოლდოველები მხარს დავუჭერთ და ვიბრძოლებთ მათთვის“, — განაცხადა ალექსანდრუ მუნტეანუმ.
ფორუმზე დაისვა კითხვა „ქართული ოცნების“ სანქცირების დაჩქარების საჭიროებაზე, თუნდაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ევროვნულ დონეზე. საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ბენჟამენ ადადმა უფრო მკაცრი ზომების მიღება არ გამორიცხა.
„ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ ქცევა, იქნება ეს რეპრესიები საკუთარი მოსახლეობის, პროტესტის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, გასული წლის არჩევნებიდან მოყოლებული უკუსვლა და რუსეთთან დაახლოება ბევრ საკითხში, საქართველოს აშორებს ევროპულ გზას. თუ ასე გაგრძელდება, უფრო მეტი უარყოფითი ზომა იქნება მიღებული და ნათლად გაყინავს [გაწევრიანების] პროცესს. ამიტომ, ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ „ქართულ ოცნებას“, ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში ოპოზიციასთან, იმუშაოს ახალ არჩევნებზე, გაათავისუფლოს პოლიტიკური ოპონენტები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ აღმოვჩნდებით პროცესში, რომელიც სრულად გაყინული იქნება ქართველი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილების საწინააღმდეგოდ“, — განაცხადა ადადმა.
მოდერატორის კითხვაზე, ევროკავშირის ბოლო გაფართოების ანგარიში შეიძლება თუ არა წავიკითხოთ ისე, რომ სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა დამთავრებულია, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა მარი ბიერემ უპასუხა, რომ დიახ და, სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან განსხვავებით, ზუსტად ამ მიზეზით არ მიიწვია დანიამ საქართველო კოპენჰაგენში გამართულ არაფორმალურ მინისტერიალზე.
ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოს კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა და ქვეყანა ახლა უფრო შორსაა ევროკავშირისგან, ვიდრე 2023 წელს, სტატუსის მიღებამდე იყო.
„საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს“ | გაფართოების ანგარიში








