საზოგადოება

Eagle Hills-თან ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული

6 ნოემბერი, 2025 •
Eagle Hills-თან ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული

Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც თბილისსა და აჭარაში მსხვილი დეველოპერული პროექტები უნდა განხორციელდეს და ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნას, კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული.

ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის 22 ოქტომბრის განკარგულებაში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, კომერციული საიდუმლოებაა – ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

შეთანხმების ტექსტი ნეტგაზეთსა და გაზეთ “ბათუმელებს” საჯარო ინფორმაციის წესით აქვს გამოთხოვილი, თუმცა კომერციული საიდუმლოს სტატუსი იმას ნიშნავს, რომ არაბულ საინვესტიციო ჯგუფთან დადებული ხელშეკრულება არ გასაჯაროვდება.

თბილისსა და ბათუმში ჯამში 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტები უნდა განხორციელდეს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, 22 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმებით, სახელმწიფო იქნება Eagle Hills-ის ქართული შვილობილის 33%-ის მფლობელი.

„ხელი მოეწერა საბოლოო დოკუმენტაციას, რომლითაც შეიქმნა ერთობლივი საწარმო, სადაც სახელმწიფო და ინვესტორი საპარტნიორო ურთიერთობებში შევიდნენ და პრინციპში დასრულდა მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანესი ფაზა, სადაც გაწერილია ყველა კომერციული პირობა, ვალდებულებები, როგორც სახელმწიფოს, ასევე ინვესტორის მხრიდან. პროექტი გადადის მომდევნო ფაზაზე, როდესაც ჩვენ მომდევნო წლის ზაფხულის პერიოდში უკვე ველოდებით დასრულებას იმ პროცესის, რასაც ჰქვია ნებართვების შეთანხმება, გენგეგმის დამტკიცება და გზშ. საკმაოდ გრძელი სიაა ნებართვების და დოკუმენტების. მომავალი წლის ზაფხულში დაიწყება მშენებლობის ფაზა. ჩვენი მონაწილეობა ამ პროექტში განისაზღვრება მიწის კონტრიბუციით, ინვესტორის მონაწილეობა ამ პროექტში განისაზღვრება დაფინანსებით და მართვით“, – თქვა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, „სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით გონიოში არსებული 260 ჰექტრით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტრით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი”.

არაბული კომპანიის და „ოცნების“ ახალი გეგმები გონიოში – ტერიტორია ჯერ განაღმული არ არის

მასალების გადაბეჭდვის წესი