Amnesty International, გავლენიანი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია საქართველოში მზარდ რეპრესიებს, რეპრესიულ კანონებს და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო მოქალაქეების დაპატიმრებას ეხმაურება და მოუწოდებს საქართველოს მთავრობოს შეწყვიტოს დაკავებები და გაათავისუფლოს უკანონო პატიმრები.
31 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში “Amnesty International” ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ რეპრესიების ახალი ტალღის და დაკავებების გამო.
“4 ოქტომბრის მოვლენების შემდგომ, როცა თბილისში გამართული მშვიდობიანი ანტისამთავრობო აქცია შეტაკებებში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც მონაწილეთა ნაწილმა პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შესვლა სცადა, ხელისუფლებამ დაიწყო პოსტსაარჩევნო დევნის კამპანია — მათ შორის ძალადობრივი, საპოლიციო რეიდები, მათ შორის საცხოვრებელ სახლებში, სადაც დაკავებები ხშირად ხორციელდებოდა ბავშვების თანდასწრებით.
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით 60-ზე მეტი პირი დააკავეს და წაუყენეს ბრალი ჯგუფურ ძალადობისა და სტრატეგიული ობიექტების ბლოკირებაში მონაწილეობისათვის. არაერთი შემთხვევა იწვევს სერიოზულ კითხვებს”, – აღნიშნავს ამნესტი და განცხადებაში მიმოიხილავს იმ საკნონმდებლო ცვლილებებსაც, რომელიც საქართველომ მიიღო 4 ოქტომბრის შემდეგ და რომელიც ზღუდავს პროტესტის უფლებას.
ამნესტის შეფასებით, ეს ცვლილებები და თანმდევი ადმინისტრაციული დაკავებები ქმნის მსუსხავ ეფექტს და მიზნად ისახავს მოქალაქეების დაშინებას მშვიდობიანი შეკრებების უფლების გამოხატვისას.
ამასთან ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციის შესაფებით, ამგვარი ცვლილებები ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე საერთაშორისო ნორმებს.
Amnesty International-ი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:
- დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პირი, რომელიც დაკავებულია მშვიდობიანი პროტესტის გამო;
- შეწყვიტოს უკანონო დაკავებები და პოლიტიკური დევნა;
- უზრუნველყოს სამართლიანი მართლმსაჯულება დაკავებულთათვის;
- დასაჯოს სამართალდამცველები, რომლებმაც გამოიყენეს არაპროპორციული ან უკანონო ძალა 4 ოქტომბრის შემდგომ ჩატარებულ ოპერაციებში
- შეაჩეროს რეპრესიული პოლიტიკა და გააუქმოს კანონები, რომლებიც ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.








