2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ერთ წლისთავზე და უწყვეტი პროტესტის 333-ე დღეს, თბილისში, საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა.
აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით გაემართნენ რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან.
„ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვითხოვდით ელემენტარულს – თავისუფალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. და დღეს ჩვენ ვიკრიბებით აქ, რომ ყველამ ერთად, მათ შორის იმ დაპატიმრებული ადამიანების სახელით ვთქვათ — გადადგეს ეს ბანდიტების მთავრობა! გათავისუფლდნენ უდანაშაულო ადამიანები! ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები!“ — განაცხადა მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ.
მან მოქალაქეებს შესთავაზა ერთგვარი „დემოკრატიული რიტუალის“ დამკვიდრება:
- კვირაში ერთი დღე მაინც გაატარონ საპროტესტო კერაზე, მხარი დაუჭირონ;
- დააფინანსონ ადვოკატები და ჟურნალისტები, რომლებიც იცავენ პოლიტპატიმრებს და აშუქებენ სიმართლეს;
- შეუერთდნენ და გააძლიერონ დემოკრატიული და სამოქალაქო პოლიტიკური ძალები.
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ვერაფრით დაიმკვიდრა ლეგიტიმურობა და მისი დღეები დათვლილია.
„ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ კიდევ ცოტა გავუძლოთ. მე მინდა ვუთხრა პოლიტპატიმრების მშობლებს, რომ მე ვიცი, რომ ძნელია ვამბობ, რომ კიდევ ცოტა გავუძლოთ. ეს არ არის მარტივი სიტყვები. ეს არ არის მარტივი სიტყვები იმ აქტივისტებისთვის, რომლებიც ყოველდღე აქ არიან და ყოველდღე იღებენ თავიანთ თავზე ამ მოძრაობის უწყვეტობას. მაგრამ მე ვიცი, რომ არაფერი არ არის ადვილი, როცა ლაპარაკი არის იმაზე, რომ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ და არ დავუთმოთ რუსეთს და რუსებს, თუნდაც გადაცმულ ქართულ ტანსაცმელში“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
საპროტესტო აქციაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრები: თენგო თევზაძე, ლუკა მიშველაძე და შუშანა მაცაბერიძე, „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ზურაბ ღონღაძე და სამოქალაქო აქტივისტები.
„ფედერალისტების“ ლიდერმა თამარა ჩერგოლეიშვილმა პროტესტის გულშემატკივრებს მოუწოდა, დარეგისტრირდნენ წინააღმდეგობის გვერდზე, რათა უკუკავშირი და უკეთ ორგანიზება შეძლონ.
