2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, ციხეებში 10 124 პატიმარია განთავსებული, აქედან 9 647 კაცია და 477 — ქალი.
პატიმართა რაოდენობა წლის განმავლობაში მზარდია. 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული იყო 8 592 პირი. შესაბამისად, 7 თვეში პატიმრების რაოდენობა 1 532-ით (თითქმის 18%-ით) არის გაზრდილი.
სახალხო დამცველის აპარატის ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურიდიული მრჩეველი გიორგი ბურჯანაძე ციხეებში პატიმრების რაოდენობის ზრდას სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებას უკავშირებს.
„ძალიან მიჭირს ზუსტი მიზეზის თქმა, ალბათ, სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებას უკავშირდება, იმიტომ, რომ სხვა რამე დამატებითი ფაქტორი ამ კუთხით არც მანამდე ყოფილა და ამ ეტაპზეც არ არის. სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გამკაცრების ერთ-ერთი გამოხატულებაა ციხეებიდან ნაკლები პატიმრის ვადამდე გათავისუფლება“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ამდენი პატიმარი ერთად ციხეში 2015 წლის შემდეგ არ ყოფილა.
ევროპის საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპის საბჭოს 46 ქვეყანას შორის მესამე ადგილზეა თურქეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ.
განახლება: სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა გიორგი ბურჯანაძის გავრცელებულ ინფორმაციას პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულ/მსჯავრდადებულთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას“.
ამავდროულად, თქვა, რომ 2025 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში, საერთო ჯამში, განთავსებულია 10 528 ბრალდებული/მსჯავრდებული, რაც საქსტატის ბოლო ანგარიშზე დაყრდნობით, ბურჯანაძის მიერ გამოქვეყნებულ აგვისტოს მონაცემებს აღემატება და პირიქით, ადასტურებს ინფორმაციას პატიმართა რაოდენობის ზრდის შესახებ.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საშუალო რაოდენობა უმნიშვნელოდ იცვლებოდა. მაგალითად, 2024 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით, ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 10457-ს, ხოლო 2025 წლის ანალოგიური მონაცემებით – 10445-ს“, — აცხადებს პენიტენციური სამსახური და დასძენს, რომ მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ოდენობას უმნიშვნელოდ აღემატება ორ პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პირთა რაოდენობა.








