საზოგადოებასამართალი

პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა უარყოფენ კავშირს “იარაღის საქმესთან”, რომელსაც სუსი იძიებს 

11 ოქტომბერი, 2025 •
პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა უარყოფენ კავშირს “იარაღის საქმესთან”, რომელსაც სუსი იძიებს 

პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, რომელთაც 4 ოქტომბრის საქმეზე წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული, უარყოფენ კავშირს “ტყეში აღმოჩენილი იარაღის” საქმესთან, რომელსაც სუსი იძიებს. 

ორივემ უარი თქვა სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე იმ საქმეზე, რომელიც ეხება იარაღის საქმეს და განაცხადეს, რომ ჩვენებას მაგისტრ მოსამართლეს მისცემდნენ. 

დღეს ორივე გამოიკითხა თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის მიერ.  გამოკითხვას დაკავებულების ადვოკატებიც ესწრებოდნენ. 

ბურჭულაძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ეს იყო ფორმალური დაკითხვა გამოძიების ფარგლებში. 

“გამოძიებას ვუპასუხეთ ყველა იმ კითხვაზე, რომელიც ჰქონდათ, თუმცა ჰქონდათ მცდელობა დაესვათ კითხვები იმ საქმესთან, რომელიც ამასთან [იარაღთან] კავშირი არა აქვს და რომელზეც მას ბრალი აქვს წაყენებული, პასუხი ვერ მიიღეს და შემოიფარგლნენ ამ რაღაცა იარაღის საკითხით. ამ საქმეზე კითხეს, იცნობთ თუ არა ბრალდებულს, ვუპასუხეთ, რომ არა, კითხეს, იცოდა თუ არა ჩამარხული იარაღის შესახებ, რაზეც ვუპასუხეთ, რომ არ ვიცოდით. მოგეხსენებათ, პაატა ბურჭულაძე ისე პროფესიის ადამიანია, რომ  ჯიბიდან არ ისვრის”. 

თუთბერიძის თქმით, გამოძიების მიზანი იყო “მოეტყუებინათ” ბურჭულაძე და იმ საქმეზე გამოეძალათ ინფორმაცია იმ საქმეზე, რომელზეც ბრალი აქვთ წაყენებული. 

მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამაც განაცხადა, რომ ზოდელავამ გამოძიების ყველა კითხვას უპასუხა და რომ ზოდელავას ე.წ. იარაღების საქმესთან კავშირი არ აქვს. 

საქმე რომელზეც ბურჭულაძე და ზოდელავა გამოკითხეს

5 ოქტომბერს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ თბილისის მახლობლად, ტყეში აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით.

სუსის ვერსიით,  უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, საქართველოს მოქალაქე ბ.ჭ.-მ შეიძინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები, რათა თბილისში, 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტები განეხორციელებინათ.  სუსის ცნობით, გამოძიებამ ამ საქმეზე ბრალი სს კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინა ბ.ჭ.-ს, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 

რაც შეეხება ბურჭულაძეს და ზოდელავას,  მათ ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი