თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს კიდევ ერთი სხდომა გაიმართა, სადაც 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ მორიგ 4 პირის აღკვეთის ღინისძიებაზე იმსჯელეს.
მოსამართლე მზია გარშაულაშვილმა 11 ოქტომბერს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ია დარახველიძეს აღკვეთ ღონისძიებად 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, ხოლო ავთანდილ სურმანიძეს, რამაზ მამულაძესა და ხვიჩა გოგოხიას წინასწარი პატიმრობა.
ია დარახველიძესა და ავთანდილ სურმანიძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება პროკურატურა, დანარჩენებს კი, ჯგუფურ ძალადობასთან ერთად, პრეზიდენტის რეზიდენციის, როგორც სტრატეგიული ობიექტის დაკავების მცდელობას.
პროკურორმა სონაძემ განაცხადა, რომ ია დარახველიძე ბრიუსელის მიმართულებით აპირებდა ქვეყნის დატოვებას და სწორედ ამ დროს აიყვანეს. ამიტომ პროკურორის თქმით, მასთან მიმართებით განსაკუთრებით არსებობდა მიმალვის საფრთხე. სხვა მხრივ პროკურორის ტექსტი შაბლონური დასაბუთებით იყო წარმოდგენილი, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების/გამოძიებაზე ზეწოლისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
ია დარახველიძის ადვოკატის, რევაზ აჭარაძის თქმით, ია აეროპორტში იქნა აყვანილი — ადამიანი, რომელიც ხშირად გადის ქვეყნიდან და ყოველთვის ბრუნდება, მჭიდროდ დაკავშირებულია საქართველოსთან. აეროპორტში ყოფნა იმას არ ნიშნავს, რომ მიმალვას ცდილობდა და ბრალდებას არაფერი წარმოუდგენია ამის დასადასტურებლად. ადვოკატმა სასამართლოს წარუდგინა იას ჯანმრთელობის მდგომარეობის, ეპილეფსიის და მისი მართვის გაიდლაინის ინფორმაცია.







