საზოგადოება

ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი გამოკითხვაზე დაიბარეს

10 ოქტომბერი, 2025 •
ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი  გამოკითხვაზე დაიბარეს

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, დავით ჯანდიერი აცხადებს, რომ გამოკითხვაზე დაიბარეს.

„18:55 წუთზე მოვიდნენ სუს-ის გამომძიებლები და დამიბარეს გამოკითხვაზე დღეს, 19:00 საათზე. ვუთხარი, რომ თანახმა ვარ მაგისტრ მოსამართლესთან გამოვიკითხო. უბრალოდ შოკში ვარ“, – წერს დავით ჯანდიერი.

ამ ამბავს წინ უძღოდა სამთავრობო POSTV-ის მიერ ინფორმაციის გავრცელება, რომლის თანახმადაც, დავით ჯანდიერი იყო შუამავალი გიორგი ბაჩიაშვილსა და პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს შორის არსებული სავარაუდო გარიგების. POSTV-ის გავრცელებული ინფორმაციით, დავით ჯანდიერი ამ საქმესთან დაკავშირებით ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებთანაც კონტაქტობდა.

POSTV-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მის პროფესიულ საქმიანობაზე ზეგავლენის მცდელობა უწოდა დავით ჯანდიერმა.

„ბინძური და შეკვეთილი ქარდია – ცარიელი ტყუილი. არაფერს ემსახურება, გარდა ჩემი დისკრედიტაციისა და პროფესიულ საქმიანობაზე ზეგავლენის მცდელობისა, მათ შორის და უპირველესად ბაჩიაშვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში განხილვის კონტექსტს. სირცხვილია ასეთი დონით ბრძოლა“, – აცხადებს დავით ჯანდიერი.


გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ინსცენირების ბრალდებით დააკავეს პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გია ქემოკლიძე, რომელსაც მანამდე თანამდებობა აწ გარდაცვლილ, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელ დავით გოგობერიშვილთან ერთად დაატოვებინეს.

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდება წაუყენა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს.

თავად გიორგი ქემოკლიძე ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

პროკურატურის განცხადებით კი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა – გიორგი ქემოკლიძემ, რომელიც იკავებდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ, რათა ამ უკანასკნელს მის მიმართ განხორციელებული ვითომდა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი გამოეყენებინა პირადი ინტერესებისათვის, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.

პროკურატურის ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევს გიორგი ბაჩიაშვილი. ის ადვოკატის მეშვეობით აცხადებს, რომ გიორგი ქემოკლიძის სახელი და გვარი საერთოდ პირველად გაიგო ტელევიზორით და ასევე თეორიულადაც უჭირს წარმოიდგინოს, როგორ შეეძლო მას ციხეში მსგავსი პროცესის ინსცენირება.

გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, 11 ივლისს გლდანის ციხის საკანში მისთვის უცნობმა პირმა სცემა.

წერილში, რომელიც ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა ნეტგაზეთს მიაწოდა, ის წერს, რომ მის ცემას წინ უძღოდა გლდანის ციხის ხელმძღვანელის, დავით გოგობერიშვილის გაფრთხილება.

ბაჩიაშვილის თქმით, ცემამდე 3 დღით ადრე გლდანის ციხის უფროსმა დაიბარა და ბიძინა ივანიშვილისთვის მისი საბანკო ანგარიშების, კრიპტო ვალუტების ბრუნვების და ანგარიშის მისამართების გახსნა ურჩია.

ბაჩიაშვილის ცემის საქმზე იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გია ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს.

გამოძიების ვერსიით, „შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ“.

იუსტიციის სამინისტრო გენერალური ინსპექციიდან გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადაეცა.

8 ოქტომბერს N8 პენიტენციური დაწესებულების (გლდანის ციხის) ყოფილი უფროსი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ის მუხლის შესაბამისად, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი