სპეცრაზმელები აქტიურ მოქმედებაზე გადავიდნენ პრეზიდენტის სასახლესთან – შეკრებილი დემონსტრანტები მათ წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. მათ შორის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებიც. TV პირველის ცნობით, დაშავდა მათი ერთ-ერთი ოპერატორიც.

დაძაბულობა პრეზიდენტის სასახლესთან მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქალაქეთა ნაწილმა იქ თავისუფლების მოედნიდან გადაინაცვლა. დემონსტრანტებმა დაანგრიეს ჭიშკარი და ეზოში შევიდნენ. რამდენიმე წუთში ადგილზე გამოჩნდა სპეცრაზმი, რასაც დაძაბულობა მოჰყვა.

ამის შემდეგ, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოქალაქეებს სამართალდამცველების მითითებებისთვის დამორჩილებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაბამის ღონისძიებებს გატარება დააანონსა.

აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის სასახლისკენ წასვლისკენ სცენიდან მოუწოდა მურთაზ ზოდელავამ. ის სცენაზე პაატა ბურჭულაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ავიდა, რომელმაც თავის მხრივ წაიკითხა “4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაცია”. ამის შემდეგ მან ჩამოთვალა “ქართული ოცნების” 6 ლიდერის სახელი (ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ანზორ ჩუბინიძე, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი, ბიძინა ივანიშვილი) და განაცხადა, რომ “მოვითხოვოთ მათი სასწრაფოდ დატყვევება და მიყვანა საპყრობილეში”.

პრეზიდენტის სასახლის ეზოში ძალადობრივად შევარდნა გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ეს “რეჟიმის” პროვოკაციაა პროტესტის დისკრედიტაციისთვის.

“პრეზიდენტის სასახის აღების ეს მასკარადი მხოლოდ რეჟიმს შეეძლო დაეგეგმა ქართველი ხალხის 310-დღიანი მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციისთვის. როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მე უარვყოფ ამას და ვაგრძელებ ჩემი ხალხის გვერდით დგომას მშვიდობიანად იქამდე, სანამ არ გავიმარჯვებთ ახალ არჩევნებში”, – დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.