ოპერის ყოფილმა მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ დაასახელა დღეს, 4 ოქტომბერს თბილისში დაანონსებული აქციის საორგანიზაციო კომიტეტი.

პაატა ბურჭულაძის თანახმად, მასთან ერთად საორგანიზაციო კომიტეტში შედიან:

  • ირაკლი ნადირაძე (ენმ-ს წევრი)
  • ლაშა ბერიძე (ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, პოლკოვნიკი)
  • პაატა მანჯგალაძე (სტრატეგია აღმაშენებელი)
  • მურთაზ ზოდელავა (ყოფილი გენერალური პროკურორი)

“რომ იცოდეთ ვინ ხელმძღვანელობს და ვინ არის საორგანიზაციო კომიტეტში. ჩვენ ვართ ის ხალხი ვინც ვაკეთებთ ამის ორგანიზაციას. მომავალ ნაბიჯებზე [ინფორმაცია] ჩვენგან უნდა მოვიდეს”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

როგორც ცნობილია, აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი, ენმ-ს ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ცოტა ხნის წინ დააპატიმრეს.

დღეს, 16 საათზე თავისუფლების მოედანზე პაატა ბურჭულაძეს საპროტესტო აქცია აქვს დაანონსებული. ის ირწმუნება, რომ აქცია მშვიდობიანად შეძლებს ხელისუფლების შეცვლას, თუმცა უცნობია რა გეგმა აქვთ ორგანიზატორებს. “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეები გააფრთხილეს და დაემუქრნენ კიდეც, რომ ძალადობის შემთხვევაში ბევრად უფრო მკაცრად დაისჯებიან, ვიდრე დღეს უკვე არსებული სინდისის პატიმრები.

ამ დროისთვის პოლიცია უკვე მობილიზებულებია რამდენიმე ლოკაციაზე. მათ შორის საკრებულოში და პარლამენტში.

აქციისთვის თბილისში მოქალაქეები რეგიონებიდანაც ჩამოდიან. თავისუფლების მოედანზე ამ დროისთვის აქციისთვის სცენას ამონტაჟებენ.

4 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური არჩევნები იმართება, რომელსაც ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბოიკოტს უცხადებს. ამავე ბოიკოტს უერთდებიან საპროტესტო ჯგუფებისა და აქტივისტების გაერთიანებების დიდი ნაწილიც. რაც შეეხება სამოქალაქო ორგანიზაციებს, მათი განცხადებით, ქვეყანაში მიღებული რეპრესიული კანონებისა და ზომების გამო, მას ვერ აკვირდებიან. არჩევნებს ვერ აკვირდება ვერც საია, ვერც ISFED და ა.შ. არჩევნებს არ აკვირდება არც ეუთო/ოდირი.