აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ მთავრობის არაღიარების შესახებ ჯო უილსონის შესწორების ჩართვას სახელმწიფო დეპარტამენტის რეავტორიზაციის აქტში.
ამ შესწორების მიხედვით, იკრძალება „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარება ან აღიარებაზე მინიშნებაც კი, ისევე როგორც თანხების გამოყოფა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული ოცნების“ აღიარების უკანონოდ ცნობის ფორმულირების შეტანას მხარი დაუჭირა საგარეო საქმეთა კომიტეტის 33-მა წევრმა, 17-მა ხმა წინააღმდეგ მისცა.
„ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემი, „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება მიღებულ იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით! კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მხარდაჭერის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია“, — დაწერა ჯო უილსონმა X-ზე.
„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ არის კანონპროექტი, რომელიც რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონისა და დემოკრატი სტივ კოენის მიერ არის ინიციირებული და კრძალავს „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან.
წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებული სახელმწიფო დეპარტამენტის ხელახალი ავტორიზაციის ორპარტიული პაკეტი ცხრა ცალკეული კანონპროექტისგან შედგება და ადგენს სახელმწიფო დეპარტამენტის მკაფიო ანგარიშვალდებულების სტრუქტურას „ამერიკა პირველ რიგში“ პოლიტიკის გასატარებლად. აღნიშნული აქტი, როგორც წესი და წლევანდელი პროექტითაც, კრძალავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას.
„ქართული ოცნების“ მთავრობის არაღიარების შესწორების ჩართვა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვა, რომ მასთან ერთად განიხილება წარმომადგენელთა პალატაში და შემდეგ სენატში. თუმცა საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ვერსიაში კვლავ შესაძლებელია, ცვლილებები შევიდეს.
