მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირების შემდეგ დაკავებული „ქართული ოცნების“ აქტივისტები, ზაზა მამალაძე და ირაკლი ბუაჩიძე პასუხისმგებლობის გარეშე გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, „დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა“.

“შესაბამისად, ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან“, — განაცხადა დარახველიძემ.

არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ირაკლი ბუაჩიძის და ზაზა მამალაძის მხრიდან ძალადობა ჩანს და მათი პასუხისმგებლობის დასადგენად შსს-ს დაზარალებულმი აქტივისტების „გამოძიებასთან თანამშრომლობა“ არ სჭირდებოდა. კერძოდ, ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ზაზა მამალაძემ ქალს სახეში ხელი გაარტყა. ასევე, უხამს ჟესტებს აჩვენებს აქციის მონაწილეებს, ირაკლი ბუაჩიძე კი ხელკეტით უსწორდება აქციის მონაწილეებს. სხვა ვიდეოში მას პოლიციელი ეხვეწება, რომ „დრინი“ (ხელკეტი) მისცეს. ბუაჩიძე პოლიციელს ეუბნება, რომ „მათიანია, ოცნებიდანაა“.

ქეთი ალავერდაშვილი, რომელსაც ზაზა მამალაძემ სახეში გაარტყა, აბსურდს უწოდებს შსს-ს მტკიცებას, რომ დაზარალებულებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს. მანამდე მან თქვა, რომ ირაკლი დგებუაძე არ არის და სიტუაციას ხელოვნურად არ ამძიმებს, არ იგონებს, რომ რამე ეტკინა და ვინმეს სისხლით დაჭერა უნდა.

„აცხადებენ, რომ არ ვითანამშრომლეთ, რაც აბსურდია. გუშინ 4 საათი ვიყავით მე და ადვოკატი გამოკითხვაზე და თითოეული დეტალი გავიარეთ. ვუთხარი, რომ ზაზა მამალაძეზე (თუ მანგოშვილზე) ყველა მასალა მქონდა შეკრებილი და სახლში მოვალთ და წავიღებთო. არადა, იქვე მქონდა მიტანილი. თან, ეს ზაზა თუ ვინცაა, დაკავებული იყო ჯგუფური ძალადობის ბრალდებით და არა სილის გარტყმის ეპიზოდის გამო. თუმცა, რადგანაც მე ტკივილი არ განმიცდია, უშვებენ ახლა და ძალადობის სხვა კადრებიც იგნორდება“, — წერს ალავერდაშვილი.

რაც შეეხება კალაძის ბანერის დაზიანებისთვის დაკავებულ მეგი დიასამიძეს, დარახველიძის თქმით, გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება პატიმრობიდან.

შსს-მ კალაძის შტაბთან განვითარებულ მოვლენებზე 3 პირი დააკავა