შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა.
უწყების ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1965 წელს დაბადებული ზ.მ. და 2003 წელს დაბადებული ი.ბ., ხოლო ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ი.დ.
„გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ზ.მ.-მ და ი.ბ.-მ 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას, აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადეს. რაც შეეხება ი.დ.-ს, მან მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მომხდარ ფაქტებთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს, „ითანამშრომლონ გამოძიებასთან და გამოძახებისთანავე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფში“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, 162-ე პრიმა მუხლითა და 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთია ზაზა მამალაძე, რომელმაც ქალს სახელში ხელი გაარტყა. კადრებში ჩანს, რომ ის, ასევე, უხამს ჟესტებს აჩვენებს აქციის მონაწილეებს.
მეორე დაკავებულია ირაკლი ბუაჩიძე. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ის ხელკეტით უსწორდება აქციის მონაწილეებს. სხვა ვიდეოში მას პოლიციელი ეხვეწება, რომ „დრინი“ (ხელკეტი) მისცეს. ბუაჩიძე პოლიციელს ეუბნება, რომ „მათიანია, ოცნებიდანაა“.
კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით კი, დაკავებულია 23 წლის სტუდენტი, ირმა (მეგი) დიასამიძე.
დიასამიძეს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზე, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავება. ამ მუხლის მიხედვით, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 100-დან 180 საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან ერთიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
