„ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 6 სექტემბერს, განაცხადა, რომ არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო ოდირის მისიის მოწვევას აპირებენ და შესაბამისი წერილი მისიას უკვე გაეგზავნა.

უცნობია, შეძლებს თუ ეუთო/ოდირის მისია არჩევნებზე დაკვირვებას, მაშინ როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ რაღაც 4 კვირაა დარჩენილი.

ჯერ კიდევ სამი თვის წინ „ნეტგაზეთს“ ეუთო/ოდირიდან წერილით აცნობეს, რომ იდეალურ შემთხვევაში, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია დაკვირვებისთვის მოწვევას არჩევნების დღემდე 4-6 თვით ადრე იღებს.

„დროული მოწვევა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა განვახორციელოთ არჩევნებზე დაკვირვებისთვის საჭირო აქტივობების სრული სპექტრი ჩვენი კარგად ჩამოყალიბებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომელიც გრძელვადიან, მიუკერძოებელ, ყოვლისმომცველ და პროფესიონალურ დაკვირვებას ეფუძნება“, – განუცხადეს ნეტგაზეთს ეუთო/ოდირში.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამისად, არჩევნებამდე 4 კვირაა დარჩენილი.

ის „იდეალური ვადა“, რაც „ქართულ ოცნებას“ ეუთო/ოდირის მოწვევის გასაგზავნად უნდა დაეცვა, უკვე გავიდა.

ამავე თემაზე: „ოცნებას“ არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირი არ მოუწვევია

ეუთო/ოდირი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არჩევნებს აკვირდება.

ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საქართველოში წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებსაც, მათ შორის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რომელზეც კრიტიკული დასკვნა მოამზადა. ამ დასკვნას „ქართულ ოცნებაში“ იმის დასტურად იშველიებდნენ, რომ არჩევნები თავისუფალი და კონკურენტული იყო და ეუთო/ოდირს მადლობაც გადაუხადეს.