სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, 2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე დაკავებულთა ნაწილს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები და სისხლნაჟღენთები კიდურებზე.
გუშინ, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციისას ადმინისტრაციული წესით 21 პირი დააკავეს.
სახალხო დამცველის განცხადებით, მისმა რწმუნებულებმა 11 პირი მოინახულეს.
„დაკავებულებმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების, სიტყვიერი შეურაცხყოფის და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადეს. რამდენიმე მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები და სისხლნაჟღენთები კიდურებზე. სახალხო დამცველის რწმუნებულები ამ წუთებშიც აგრძელებენ ვიზიტებს დაკავებულთა მონახულების მიზნით. სახალხო დამცველის არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე განახორციელებს შესაბამის სამართლებრივი რეაგირებას და გააგრძელებს მიმდინარე სამართალწარმოების მონიტორინგს.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი ყურადღებას გაამახვილებს პოლიციელთა მხრიდან დაკავების დროს პროტესტის მონაწილეთა მიმართ უხეშ დამოკიდებულებასა და ძალის გამოყენებაზე და კიდევ ერთხელ შეახსენებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ საპოლიციო მოქმედებების განხორციელების დროს გამოყენებული ძალა უნდა იყოს პროპორციული და აუცილებელი. აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველი, დამატებითი შესწავლის შემდეგ, მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ომბუდსმენის განცხადებით, აპარატი დამატებით შეისწავლის სასამართლოს მანდატურების მიერ ძალის გამოყენების საკითხს.
„საგულისხმოა, რომ შესაბამისი ღონისძიებების გატარებისას პროპორციული ძალის გამოყენების საკითხი ასევე პრობლემურია საერთო სასამართლოების შენობებში, სადაც შესაძლოა, მანდატურთა მხრიდან ადგილი ჰქონდეს მოქალაქეთა მიმართ უფლებამოსილების გადამეტებას. აპარატი დამატებითი შესწავლისა და მანდატის ფარგლებში შეფასების შემდეგ ამ საკითხზეც მოახდენს რეაგირებას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
