ვაშინგტონში კავკასიის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ იუწყება, რომ სენატორი მარკვეინ მალინი აქტიურად ეწინააღმდეგება MEGOBARI ACT-ის ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA) ჩართვის გადაწყვეტილებას.
აშშ-ის თავდაცვის ეროვნული ავტორიზაციის აქტი (NDAA) არის ყოველწლიური ფედერალური კანონი, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკას, ბიუჯეტს და პრიორიტეტებს განსაზღვრავს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელსაც აშშ-ის კონგრესი იღებს.
NDAA ხშირად შეიცავს დებულებებს, რომლებიც საქართველოსთან თანამშრომლობას ეხება. ეს შეიძლება იყოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დახმარება, ან დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობა. ყოველწლიურად, NDAA-ს პროექტი განიხილება და მტკიცდება აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის (წარმომადგენელთა პალატა და სენატი) მიერ, სანამ მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს და კანონად იქცევა. მისი დამტკიცების პროცესი ხშირად პოლიტიკური დებატების საგანია, რადგან ის გავლენას ახდენს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე.
როგორც რაუფოღლუს პოსტიდან ირკვევა, ამერიკელი კანონმდებლები MEGOBARI ACT-ის დაკავშირებას სწორედ NDAA-თან ცდილობენ. მეგობარი აქტი თავის მხრივ, “ოცნების” ლიდერების დასანქცირებას ითვალისწინებს.
მეგობარი აქტი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ, უკვე მიიღო, ახლა დარჩენილია სენატი. რაუფოღლუს თანახმად, სენატში აქტის კანონად ქცევას მხარს უჭერს 98 სენატორი, ხოლო 2 ეწინააღმდეგება. ზემოხსენებული ორიდან ერთი მალინია, ხოლო მეორე რენდ პოლი. ჯერჯერობით სენატში კენჭისყრა არ გამართულა.
მალინი ოკლაჰომელია სენატორია. ის წარსულში ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი. ის ბიძინა ივანიშვილს „რუსეთში გაწვრთნილ ოლიგარქს“ უწოდებდა და 2020 წელს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლება „ფრონტერას“ მაგალითზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის გაუარესებული ეკონომიკური კლიმატისა და გაუარესებული დემოკრატიისთვის გააკრიტიკა.
„ფრონტერა“ ამერიკაში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა საქართველოში, კახეთში. 2020 და 2021 წლებში კომპანიასა და სახელმწიფოს შორის კონფლიქტი გაღრმავდა.
