ოკლაჰომელი სენატორი მარკვეინ მალინი, რომელიც სენატში “მეგობარი აქტს” ბლოკავდა, ტრამპმა შიდა უსაფრთხოების მდივნად დაასახელა.

ეს იმას ნიშნავს, რომ მალინი სენტს დატოვებს და ტრამპის კაბინეტს შეუერთდება.

ტრამპის სურვილია, რომ მალინმა ამ თანამდებობაზე ჩაანაცვლოს კრისტი ნოემი, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ICE-ს ქმედებების გამო.

ამერიკის შეერთებულ შტატებში „მდივანი“ არის მინისტრის ეკვივალენტი პოსტი, ანუ აშშ-ის პრეზიდენტის კაბინეტის წევრია.

შიდა უსაფრთხოების მდივანი კურირებს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და კომპლექსურ უწყებას, რომლის მთავარი მოვალეობაა ქვეყნის დაცვა შიდა და გარე საფრთხეებისგან. მისი პასუხისმგებლობის სფეროშია საზღვრის დაცვა და იმიგრაცია: მას ექვემდებარება საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახური (CBP), ასევე საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლი (ICE).

მალინი პოსტზე საბოლოოდ სენატმა უნდა დაამტკიცოს. თუმცა ის კენჭისყრამდეც იქნება აღნიშნული უწყების ხელმძღვანელი.


გასული წლის წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სენატორი მარკვეინ მალინი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა MEGOBARI ACT-ის მიღებას. მეგობარი აქტი “ქართული ოცნების” ლიდერების დასანქცირებას ითვალისწინებს.

მეგობარი აქტი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ უკვე მიიღო, ახლა დარჩენილია სენატი.

მალინი ოკლაჰომელია სენატორია. ის წარსულში, როდესაც კორპორაცია “ფრონტერასა” და საქართველოს ხელისუფლებას შორის ღია დაპირისპირება იყო, ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი. ის ბიძინა ივანიშვილს „რუსეთში გაწვრთნილ ოლიგარქს“ უწოდებდა და 2020 წელს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლება „ფრონტერას“ მაგალითზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის გაუარესებული ეკონომიკური კლიმატისა და გაუარესებული დემოკრატიისთვის გააკრიტიკა.

„ფრონტერა“ ამერიკაში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა საქართველოში, კახეთში. 2020 და 2021 წლებში კომპანიასა და სახელმწიფოს შორის კონფლიქტი გაღრმავდა.

საბოლოო კომპანიის მფლობელთა იმ ჯგუფმა, რომელიც მალინის კამპანიის ფინანსური დონორია, “ქართულ ოცნებასთან” ურთიერთობების დალაგება მოახერხა. ფრონტერა საქართველოში საქმიანობას აგრძელებს.

გასული წლის სექტემბერში The Hill-თან საუბრისას მალინმა განაცხადა, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდა ირაკლი კობახიძესთან და ამტკიცებდა, რომ თბილისის მიმართ სანქციების „მათრახის“ ნაცვლად წახალისების „თაფლაკვერი“ უნდა გამოეყენებინათ.

„მინდა მათთან მუშაობის შესაძლებლობა მქონდეს, სანამ სანქციებს დავუწესებთ. მინდა ვიმუშაო მათთან, რათა ვნახოთ, როგორ შეუძლიათ მიაღწიონ ნამდვილ სუვერენიტეტს და თავი დააღწიონ რუსეთის გადამეტებულ გავლენას“, — განაცხადა მალინმა.

„მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს სავიზო და ფინანსური სანქციების დაწესებას მათთვის, ვინც ჩართულია კორუფციაში, საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან განზრახ აფერხებს საქართველოს დემოკრატიული პროცესებს და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

კანონპროექტი დამტკიცებულია წარმომადგენელთა პალატის და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ. დარჩენილია კენჭისყრა სენატში.