საზოგადოება

არჩევანი პარლამენტზეა

12 ნოემბერი, 2010 • • 1094
არჩევანი პარლამენტზეა

მედიაგამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მაუწყებლობის კანონის გარდა, ხელისუფლება ვერც ერთ კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას ვერ ხედავს, – ამის შესახებ დღეს უმრავლესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ისაუბრა. ხელისუფლება თანახმაა, ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ პირთან, რათა დაიხვეწოს ინიციატივა, რომელიც მედიის მფლობელთა გამჭვირვალობას გულისხმობს.  8 კანონპროექტის ცვლილებების ავტორთა ჯგუფი კი ფიქრობს, რომ მედიაგამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მხოლოდ მაუწყებელთა კანონში ცვლილებების შეტანა საკმარისი არ არის.

 

პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება 8 კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც მედია გამჭვირვალობის უზრუნველყოფას გულისხმობს, ჟურნალისტებისა და იურისტებისგან შემდგარმა საინიციატოვო ჯგუფის ხელმძღვანელმა ლაშა ტუღუშმა დღეს დაარეგისტირირა. იმისათვის, რომ საინიციატივო ჯგუფის საკანონმდებლო წინადადება კანონპროექტად იქცეს და მსჯელობამ პარლამენტში გადაინაცვლოს, ჯერ ბიუროს სხდომაზე უნდა განიხილონ.

ბიუროს სხდომაზე უკვე განიხილეს და კანონპროექტადაც აქციეს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მედიაგამჭვირვალობის უზრუნველყოფასაც გულისხმობს, მხოლოდ ერთი განსხვავებით: საპარლამეტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ მედიაგამჭვირვალობის უზრუნველყობა მხოლოდ ერთ – მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანით შეიძლება. მათი მხრიდან კანონპროექტის ინიციატივაც ცვლილებების მხოლოდ ამ კანონში შეტანას გულისმობს.

კანონპროექტის თანახმად, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კერძო და იურიდიულ პირებს აეკრძალებათ მედიასაშუალების ფლობა. ასევე, მაუწყებელთა მფლობელები ვალდებულნი იქნებიან,  თავიანთი ვინაობა გაამჟღავნონ და საკუთრებაში ცვლილებების შემთხვევაში, ინფორმაცია ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოაქვეყნონ.

საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების საერთო პროექტი უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ ცვლილებასაც ითვალისწინებს და რამდენიმე სხვა საკითხსაც ეხება, ესენია: საკუთრების ფინანსური გამჭვირვალობა, საკუთრების კონცენტრაციის, ლიცენზირებისა და ინტერესთა კონფლიქტის საკითხები და სხვა. 

თუ ბიურო დათანხმდება, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებულ წინადადებებს კანონპროექტის სახელი ეწოდოს, მაშინ მასზე მსჯელობა უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს.

გაითვალისწინებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებულ 8 კანონპროექტს, როდესაც წინასწარი შეფასებით, უმრავლესობის წევრები ამ ეტაპზე სხვა კანონებში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას ვერ ხედავენ და აქცენტს მაუწყებლობის შესახებ კანონზე აკეთებენ?

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ჩიორა თაქთაქიშვილმა ნეტგაზეთთან საუბარში რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ხელისუფლება მზად არის ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან იმ მიზნით, რომ დაიხვეწოს ინიციატივა, რომლითაც პარლამენტი გამოვიდა და რომელიც საქართველოში მედიის მფლობელთა შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობას ითვალისწინებს.

საინიციატივო ჯგუფის წევრები ფიქრობენ, რომ მხოლოდ ერთ კანონში ცვლილების შეტანა ვერ უზრუნველყოფს მედიაგამჭვირვალობის თავისუფლებას. მათი თქმით, ეს საკითხი კომპლექსურად, ანუ სხვა კანონებთან მიმართებაში უნდა განიხილებოდეს.

,,ბუნებრივია, ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხავებული მიდგომები კონკრეტულ რეგულაციებთან დაკავშირებით, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამავდროულად, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მიზნები, როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე საქართველოში არსებული სხვადასხვა ორგანიხზაციის წარმომადგენლების, რომლებიც მუშაობდნენ ამ თემაზე,  ერთი და იგივეა. ეს გახლავთ მედიის მფლობელთა შესახებ მეტი ინფორმაციის არსებობა საზოგადოებაში. ამ თვალსაზრისით, იმედი მაქვს, რომ კონსულტაციების შედეგად, შესაძლებელი იქნება, მივიღოთ ზუსტად ისეთი კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს იმ კონკრეტული პრობლემის გადაჭრას, რომელიც უკავშირდება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული მედია საშუალებების მფლობელებს’’, – ამბობს თაქთაქიშვილი.

საინიციატივო ჯგუფი, რომელიც 8 კანონში ცვლილებების შეტანის წინადადებით გამოდის, დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. დიპლომატიური კორპუსი მხარს უჭერს საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს.

რაში დაეხმარება დიპლომატიური კორპუსი საინიციატივო ჯგუფს და მათი აზრით, გაითვალისწინებს თუ არა უმრავლესობა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებს? – ეს შეკითხვა ნეტგაზეთმა რამდენიმე დიპლომატს დაუსვა.

,,მე მივესალმები დიალოგს სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის. ისევე როგორც შეერთებულ შტატებში, აქაც ყოველთვის საჭიროა ცვლილებების შეტანა, რაღაცეების გადახედვა, შეცვლა. მედია მესაკუთრეების გამჭვირვალობა –  ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც გვქონდა დიალოგი მთავრობის წევრებთან. ისინი დაგვთანხმდნენ და თქვეს, რომ ამ კანონპროექტის მიღებით ძალიან არიან დაინტერესებული. ვფიქრობ, რომ კიდევ სხვა საკითხებზეც გავაგრძელებთ დიალოგს’’, – ამბობს კენტ ლოგსდონი, საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილე.

,,რეფორმა არის ევოლუციური პროცესი, ამ პროცესში ყველაზე მთავარი დიალოგია. იმედი მაქვს, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება. როცა ამ საკითხზე კონკრეტული მოლაპარაკებები დაიწყება, არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობასთან პირდაპირ შეხვედრებს გამართავენ. საერთაშორისო საზოგადოებისთვის მედიაგამჭვირვალობის საკითხი დღის წესრიგში დიდი ხანია დგას. მედია რეფორმებთან დაკავშირებით,  მოვუსმენთ როგორც მთავრობის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების პერსპექტივებს და შევეცდებით, ხელი შევუწყოთ, რომ რეფორმები გატარდეს იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც შესაძლებელია’’, – ამბობს ლუის ნავარო, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელი.

,,მე დავინახე, რომ ცვლილებების პაკეტი, რომელიც  საინიციატივო ჯგუფმა წარმოადგინა, ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, რაც ადმინისტრაციულ კოდექსს შეეხება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. მგონი, ეს კარგი დასაწყისია. მედია მესაკუთრეთა გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, მაგრამ, ზოგადად, მედიაგამჭვირვალობისთვის საკმარისი არ არის. მედია მესაკუთრეთა გამჭვირვალობა საერთაშორისო პრობლემაა. არის ევროკაშვირის ინიციატივა, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვცდილობთ, მოვუწოდოთ ევროკავშირს, უზრუნველყოს უფრო მაღალი გამჭვირვალობა. ევროკომისია ამაზე უკვე მუშაობს, ისინი ატარებენ კვლევას, რომ ცვლილებების საჭიროება დაამტკიცონ’’, – ამბობს ჰელენ დარბიშე, ევროპული ორგანიზაციის Access info Europe-ის აღმასრულებელი დირექტორი. ორგანიზაცია მუშაობს სამთავრობო და კერძო გამჭვირვალობაზე.

საინიციატივო ჯგუფი ფიქრობს, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მათ  ხელისუფლებასთან საკუთარი ინიციატივის ლობირებასა და ადვოკატირებაში დაეხმარებიან.

ეს ადამიანები წარმოადგენენ ძალიან მნიშვნელოვან, გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ქართული სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთსა და იმავე მესიჯს უგზავნიან ჩვენს ხელისუფლებას, როგორც წესი, ეს მესიჯი ჭრის ხოლმე’’, – განაცხადა ნინო დანელიამ, მედიაექტპერტმა და საინიციატივო ჯგუფის წევრმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი