ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი საქართველოზე დეკლარაციას ავრცელებს და გეგმავს მიმართოს მინისტრთა კომიტეტს საქართველოს ევროსაბჭოდან გაძევების პროცესის დაწყებაზე იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ შეაჩერებს ავტორიტარულ უკუსვლას.
კერძოდ, დეკლარაციაში ნათქვამია:
“2025 წლის 29 იანვარს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 2585 (2025), რომლის მიხედვითაც მოხდა საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიკაცია იმ პირობით, რომ 2025 წლის აპრილამდე საქართველოს უნდა დაეკმაყოფილებინა დემოკრატიული კრიტერიუმები – პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით გაუმჯობესებული საარჩევნო პირობებით.
ამის ნაცვლად ვითარება დრამატულად გაუარესდა. ოპოზიციის წამყვანი ლიდერები დაპატიმრებულნი არიან. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ჟურნალისტები კი იდევნებიან სისხლის სამართლის წესით პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებით.
ეს აღარ არის იზოლირებული შემთხვევები, ესაა თანმიმდევრული კამპანია, რომლის მიზანია ოპოზიციის გაქრობა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმება.
გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციამ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დატოვა ასამბლეა.
რეპრესიების ამ გზით საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა, არღვევს თავის ვალდებულებებს და ლახავს ასამბლეის ავტორიტეტს.
ასამბლეამ უნდა დაიცვას თავისი წესები და რეზოლუციები. წევრ სახელმწიფოში ავტორიტარიზმისკენ გადახრის იგნორირება ძირს უთხრის თავად ამ ინსტიტუციის საფუძველს.
თუ საქართველო ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის, ჩვენ დავაყენებთ საკითხს საქართველოს დელეგაციის მანდატების გამოწვევის შესახებ არსებითი საფუძვლებით და მოვუწოდებთ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი ევროპის საბჭოს წესდების მე-3 მუხლში ნახსენები ძირითადი პრინციპების სერიოზული დარღვევისთვის”, – ნათქვამია 51 დეპუტატის დეკლარაციაში.
