აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მოლაპარაკებების მერე განაცხადა, რომ დაურეკა ვლადიმერ პუტინს და დაიწყო სამი პრეზიდენტის შეხვედრის მომზადება. 

საუბარია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადებაზე, რომელსაც ტრამპიც დაესწრება. 

ტრამპმა ეს განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებების დროს ტრამპი პუტინს 40 წუთის განმავლობაში ელაპარაკებოდა ტელეფონით. 

თეთრ სახლში დასრულდა შეხვედრა, რომელზეც ევროპელი ლიდერები ტრამპთან ერთად განიხილავდნენ უკრაინაში ომის დასრულების საკითხს. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი აღარ გაუკეთებიათ.  ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას წინ უძღოდა ტრამპი-ზელენსკის ორმხრივი შეხვედრა. 

რა განცხადებები გააკეთეს ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე: 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მოლაპარაკებები იყო კონსტრუქციული და მათ ისაუბრეს სენსიტიურ თემებზე უსაფრთხოების გარანტიების ჩათვლით. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები და სამმხრივი შეხვედრა [რუსეთი, უკრაინა, აშშ] წინ გადადგმული ისტორიული ნაბიჯი იქნება. 

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან შეხვედრამდე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და ტრამპს მიმართა: “მოდით, ვიმუშაოთ ამაზე და მოდით, ვცადოთ ზეწოლა რუსეთზე”

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაიმეორა მერცის მოწოდება ცეცხლის შეწყვეტაზე და მოლაპარაკებებს უწოდა მნიშვნელოვანი მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის. 

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მელონიმ დასვა კითხვა “როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს აღარ განმეორედება, რაც ყველა სახის მშვიდობის წინაპირობაა?”

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ მოკავშირეებმა უნდა მოითხოვონ უკრაინის ინსფრასტრუქტურის მიზანში ამოღება. 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურუსლა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ გატაცებული უკრაინელი ბავშვები მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. “ყველა ბავშვი უნდა დაუბრუნდეს თავის ოჯახს”. 

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა აღნიშნა, რომ „შეიძლება პატარა ქვეყნიდან მოდის, მაგრამ გრძელი საზღვარი აქვთ რუსეთთან“ და დაამატა, რომ მის აზრით უკრაინასთან დაკავშირებული პროგრესი ბოლო ორი კვირის განმავლობაში უფრო დიდი იყო, ვიდრე გასული სამი წლის მანძილზე.

რა თქვა დონალდ ტრამპმა

  • ცოტა ხანში, ერთ ან ორ კვირაში გვეცოდინება, შევძლებთ მოგვარებას თუ ეს საშინელი ომი გაგრძელდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მის დასასრულებლად
  • პრეზიდენტი პუტინი დათანხმდა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს.
  • ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ერთობლივად შეგვიძლია მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც შეაკავებს უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ მომავალ აგრესიას
  • ტერიტორიების დათმობის საკითხი „გაითვალისწინებს ამჟამინდელ ფრონტის ხაზს“.
  • ერჩივნა დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა ეს ვერ ხერხდება და ცეცხლის შეწყვეტის გარეშეც მიუღწევია საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებისთვის.
  • „ჩვენ დღეს ვაპირებთ ამის განხილვას, მაგრამ ჩვენ მათ ძალიან კარგ დაცვას და ძალიან კარგ უსაფრთხოებას შევთავაზებთ“, — განაცხადა ტრამპმა.

 


ვაშინგტონში მოლაპარაკებებს წინ უსწრებდა ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ალასკაში.