აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

საქართველოს შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების მხრივ მნიშვნელოვან ნეგატიურ მოვლენებს შორის იყო:

  • ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლა, რომელიც სანდო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვად იყო შეფასებული;
  • ე.წ. ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი, რომელიც გამოხატვის გარკვეული ტიპების კრიმინალიზაციას ახდენდა;
  • დაშინების, იძულებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების კამპანია, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავდა, განსაკუთრებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან კავშირში.

„ადამიანის უფლებების მხრივ მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხებს შორის იყო სანდო ცნობები: წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის შესახებ; თვითნებური დაკავებისა და პატიმრობის შესახებ; ასევე გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების შესახებ, მათ შორის მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობისა და მუქარის ფაქტები, ჟურნალისტების გაუმართლებელი დაკავება და სისხლისსამართლებრივი დევნა, „გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების გამჭოლი ეფექტი“, — ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, საქართველოს მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევის ჩამდენი ზოგიერთი თანამდებობის პირის დასასჯელად და გამოსაძიებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა.

მედიის თავისუფლება

ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მედიის თავისუფლების შეზღუდვას და ჟურნალისტებზე თავდასხმებს, მათ შორის ხელისუფლებასთან დაკავშირებული „ტიტუშკების“ მხრიდან — სახელმწიფო დეპარტამენტი სწორედ ამ ტერმინს იყენებს შავებში ჩაცმული უცნობი პირების თავდასხმების აღსაწერად.

„აპრილიდან ივნისამდე თბილისში უცხოური გავლენის კანონის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციების და 28 ნოემბრიდან დეკემბრამდე ევროკავშირის მხარდამჭერი დემონსტრაციების გაშუქებისას, რამდენიმე ჟურნალისტმა განაცხადა, რომ პოლიცია მათ თავს დაესხა, შეავიწროვა, წიწაკის სპრეი შეასხა ან აღჭურვილობა დაუზიანა. 7 დეკემბერს 30-ზე მეტი „ტიტუშკა“ (უცნობი თავდამსხმელები, რომლებიც, როგორც წესი, მთლიანად შავებში იყვნენ ჩაცმული და სახეები დაფარული ჰქონდათ) ფიზიკურად დაესხა თავს მომიტინგეებს, შემდეგ კი- „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს, რომლებიც მათ ვიდეოებს იღებდნენ. ჩიხლაძისა და შეწირულის ცემის შემდეგ შეწირულს ყველა ნივთი წაართვეს. ჩიხლაძისა და თვითმხილველების თქმით, ახლოს მდგომმა საპატრულო პოლიციამ არც რეაგირება მოახდინა და არც ჩაერია თავდასხმის შესაჩერებლად. civil.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც, სავარაუდოდ, ჟურნალისტებზე „ტიტუშკების“ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული, პოლიციასა და თავდამსხმელებს შორის კოორდინაციის ნიშნები ჩანდა. სოციალურ მედიაში ასევე დოკუმენტირებული იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა საპატრულო პოლიცია არ ჩაერია, როდესაც სავარაუდო ტიტუშკები მედიასა და დემონსტრანტებს თავს ესხმოდნენ, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ისინი თითქოს თავადვე აძლევდნენ მიმართულებას ან თანამშრომლობდნენ ტიტუშკებთან“, — ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს, რომ მთელი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის, იძულებისა და შევიწროების შესახებ და „ასეთ შემთხვევებში არ დგებოდა საკმარისი პასუხისმგებლობა“.

„ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის განმავლობაში ხელისუფლება ან მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ სახელით მოქმედი უცნობი პირები ძალადობრივად დაესხნენ ათეულობით მედიაპროფესიონალს, რომლებიც აქციებს აშუქებდნენ. თავდასხმები მოიცავდა ცემას, წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლების გამოყენებას. დაფიქსირდა მძიმე დაზიანებები, მათ შორის ხერხემლის მოტეხილობები, სახის ძვლების მოტეხილობები და ქიმიური დამწვრობები. რამდენიმე ჟურნალისტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა“, — ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ხელისუფლება ცდილობდა კანდიდატებისა და ამომრჩევლების გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს იძულებისა და დაშინების გზით.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მთავრობის წარმომადგენლებს ძალადობასა და შევიწროებაზე პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მედიაორგანიზაციები კვლავ გამოხატავდნენ შეშფოთებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რომელმაც 2021 წელს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში დამნაშავე პირებს სასჯელი შეუმცირა, ხოლო 16 ნოემბერს, მმართველი პარტიის მიერ მიღებული ამნისტიის კანონით, ისინი საერთოდ გაათავისუფლეს.

ანგარიშში მოხვდა საქართველოს პარლამენტში ონლაინ მედიის დაშვების შეზღუდვა და კრიტიკული არხების ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების შეჩერება.

დაკავებები

ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირის მხარდამჭერი დემონსტრაციების დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, 450-მდე მომიტინგე დააკავეს. ზოგიერთი პირი დააკავეს ან ქუჩებში, პროტესტის დასრულების შემდეგ, ან მომდევნო დღეებში საკუთარ სახლებთან ახლოს. აპრილსა და მაისში ქვეყანაში 210-ზე მეტი პირი დააკავეს პოლიციის მიერ ძალადობრივი დარბევის დროს.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საბჭოთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფარგლებში ადმინისტრაციული დაკავების სისტემები სისხლისსამართლებრივი დევნის პარალელურ სისტემად რჩებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, სისტემა, როგორც წესი, გამოიყენებოდა საპროტესტო აქციების დროს, როგორც მარტივი გამოსავალი საპირისპირო აზრის ჩასახშობად.

„ზოგიერთი პირი ადმინისტრაციულ პატიმრობაში 24 საათის ან მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა კონკრეტული დანაშაულისთვის ბრალდების წაყენების გარეშე, სანამ ხელისუფლება მათ საქმეებთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს აგროვებდა. საია-მ არაერთი დაპატიმრების შესახებ განაცხადა, მათ შორის რამდენიმე პირის, რომლებიც ხანგრძლივი ვადით იყვნენ დაკავებულნი მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ბევრი დაკავებული სამედიცინო დაწესებულებაში არ გადაიყვანეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურს, რომელიც პასუხისმგებელი იყო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე, წლის ბოლომდე არცერთი გამოძიების შედეგი არ წარმოუდგენია“, — ნათქვამია ანგარიშში.


მშრომელთა უფლებები

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონმა“ ასევე მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნა გაერთიანების თავისუფლებას და პროფკავშირის საქმიანობას, რადგან ზოგიერთ პროფკავშირს დასავლური დაფინანსება ჰქონდა.

„კანონი მოიცავდა დებულებებს, რომლებიც ხელისუფლებას ანიჭებდა ორგანიზაციების ფინანსურ და პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის უფლებას. ეს არღვევდა პროფკავშირების მუშაობას და საფრთხეს უქმნიდა ანონიმური საჩივრების კონფიდენციალურობას, გაფიცვის ლიდერების დაცვას და პროფკავშირის დაფარულად შექმნის შესაძლებლობას, სხვა კრიტიკულ ასპექტებთან ერთად“, — ნათქვამია ანგარიშში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კანონი ითვალისწინებს გაერთიანების თავისუფლებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლებას, სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, დამსაქმებლები ყოველთვის არ აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს კეთილსინდისიერად.

ანგარიში ციტირებს პროფკავშირების გაერთიანებას და „საქართველოს პროგრესულ ფორუმს“, რომელთა თანახმად, გაფიცვის უფლება  არ იყო გათვალისწინებული კერძო ან სახელმწიფო ორგანიზაციებში, დამსაქმებლების მედიაციაში მონაწილეობის ვალდებულებების სამართლებრივი ჩარჩო არასაკმარისად იყო განსაზღვრული, შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული სასჯელები კი მინიმალური იყო. ამის თვალსაჩინო მაგალითად დასახელებულია Evolution Gaming-ის თანამშრომლების გაფიცვა, როდესაც კომპანიამ უარი თქვა მედიაციაში ჩართვაზე.

„ასევე გავრცელდა ცნობები, რომ ზოგიერთი თანამშრომელი შიმშილობდა და არსებობდა კოორდინირებული მცდელობები, რათა მოეხდინათ გაფიცულთა დაშინება, მათ შორის „ბანდიტების“ გამოყენებით, რომლებმაც ფიზიკურად შეუტიეს პიკეტირებაში მონაწილე მუშაკებს“, — ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, მთავრობა ეფექტურად არ აღასრულებდა გაერთიანების თავისუფლების, კოლექტიური მოლაპარაკებების ან მუშაკთა გაფიცვის უფლების დამცავ კანონებს და არ კრძალავდა პროფკავშირების საწინააღმდეგო დისკრიმინაციას.

„ჯარიმები უფრო ნაკლები იყო, ვიდრე სხვა კანონებით გათვალისწინებული ჯარიმები, რომლებიც სხვა სამოქალაქო უფლებების უარყოფას ეხებოდა და იშვიათად გამოიყენებოდა დამრღვევების წინააღმდეგ. თვითნებური გათავისუფლებისა და შრომით უფლებებთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების მოგვარების საშუალებები ჭიანურდებოდა“, — ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ არასტანდარტული და არაფორმალური სამუშაო გავრცელებული იყო ისეთ სფეროებში, სადაც ფიზიკური უსაფრთხოება სერიოზულ შეშფოთებას იწვევდა, მაგალითად, ტყიბულისა და ჭიათურის მაღაროებში, ასევე დიდ ქალაქებში მიმდინარე მშენებლობაში. ტურიზმის სფერო ასევე იდენტიფიცირებული იყო როგორც ფიზიკურად საშიში შრომითი პრაქტიკების მქონე სექტორი, რადგან მძღოლები და გიდები ხშირად ასრულებდნენ ხანგრძლივ, ფიზიკურად დამღლელ და დიდწილად არარეგულირებულ სამუშაოს. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ტურიზმის სფეროს მძღოლები 15 საათზე მეტს მუშაობდნენ შეუჩერებლად. კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა არაფორმალურ და არასტანდარტულ სამუშაოში ჩართული პირების უსაფრთხოების ადეკვატურ დაცვას, ხოლო შრომის ინსპექციას არ ჰქონდა შესაბამისი მანდატი ან რესურსები, რათა სრულად მოეცვა დასაქმების აღნიშნული სექტორები.

წამება და არაადამიანური მოპყრობა

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და კანონი კრძალავს სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობას ან დასჯას, არსებობდა სანდო ცნობები მთავრობის წარმომადგენლების მიერ მათი გამოყენების შესახებ. სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშში აღნიშნული იყო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობაზე, ასევე დახურული ციხის დაწესებულებების თანამშრომლების მიერ პატიმრების მიმართ სავარაუდო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ცალკეულ შემთხვევებზე.

სახელმწიფო დეპარტამენტი ციტირებს სახალხო დამცველს, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის მხარდამჭერი დემონსტრაციების დროს მის მიერ მონახულებული 260 დაკავებულიდან 188-მა განაცხადა, რომ დაკავებამდე ან დაკავების დროს პოლიციის მხრიდან ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარა.

ოკუპირებული ტერიტორიები

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ცენტრალური მთავრობის კონტროლის მიღმა რჩებოდა და დე ფაქტო ხელისუფლებას რუსული ძალები უჭერდნენ მხარს. ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან პრობლემებს შორის იყო თვითნებური დაპატიმრებებისა და დაკავებების შესახებ სანდო ცნობები — ორივე რეგიონში რუსული და დე  ფაქტო ხელისუფლება დაუსჯელად სჩადიოდა დარღვევებს.