ყველასთვის მოულოდნელად, 6 აგვისტოს, სწორედ იმ დღეს, როდესაც ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა სინდისის პატიმარმა, ანტონ ჩეჩინმა სასამართლოს ჩვენება მისცა, როდესაც მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ასევე ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ექიმ გიორგი ახობაძეს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა.

მართალია, „ოცნების“ მაღალჩინოსნები და პროპაგანდა ისევ იმაზე აპელირებს, რომ გიორგი ახობაძე არა უდანაშაულოა, არამედ მტკიცებულებები ვერ შეგროვდა საკმარისი და თითქოს, თავის მოწონებასაც კი ცდილობს რეჟიმი გამოძიებისა და სასამართლოს მაღალი სტანდარტით, მაგრამ ამან სინდისის სხვა პატიმრების, განსაკუთრებით კი ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების საქმეების მიმართაც გააჩინა იმედი. ფაქტი ერთია, სინდისის პატიმრების წინააღმდეგ შეკერილი ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული საქმეები გაჭრილი ვაშლივით და ერთმანეთისგან გადაწერილი ცუდად შესრულებული დავალებასავით ჰგავს ერთმანეთს.

ამ სტატიაში წაიკითხავთ, რა აქვს ანტონ ჩეჩინს სათქმელი საზოგადოებისთვის და რა მოჰყვა მან სასამართლოში.

ტექსტი ანტონმა ჯერ კიდევ 26 ივლისს მოამზადა და მისმა მეუღლემ წერილის სახით მოგვაწოდა.

მოვლენები ირაკლი კობახიძის ცნობილ განცხადებამდე ევროკავშირისკენ სვლის შეჩერების შესახებ

ანტონ ჩეჩინი თხრობას ოდნავ შორიდან იწყებს, 2024 წლის ივნისიდან, როცა ის 2200 ლარით დააჯარიმეს პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო, რომლებიც მისი თქმით, სინამდვილეში მის სიახლოვესაც კი არ იმყოფებოდნენ. ეს რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების პერიოდია. სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას შედეგი არ მოჰყოლია. ანტონმა 2025 წლის 11 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

თუმცა მანამდე, შუალედში, უკვე ნარკოდანაშაულში ბრალდებით დაკავებამდე, იგი ჰყვება, რომ არაერთგზის იყო ადევნების ობიექტი. 4-6-ჯერ აჩერებდნენ და ჩხრეკდნენ თვეში, თუმცა არც ერთხელ ამოუღიათ მისგან რამე კანონსაწინააღმდეგო. მერე იყო საპარლამენტო არჩევნები, პროტესტი, კობახიძის განცხადება, პროტესტის ახალი და დიდი ტალღა, პოლიციის, სპეცრაზმის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობა და დაკავებების მთელი სერია.

„როდესაც საპროტესტო აქციაზე ვიყავი 2024 წლის 18 ნოემბერს, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პოლიციელები შევამჩნიე, რომლებიც მობილური ტელეფონით მიღებდნენ ფოტოებს. შემეშინდა, თვითონაც ამოვიღე ტელეფონი და გადავუღე ფოტო. მერე ეს ფოტო ჩემს ახლობელს გავუგზავნე და მოვუყევი, რაც მოხდა. რამდენიმე წუთის შემდეგ დამაკავა საპატრულო პოლიციამ და ისე ჩამსვა მანქანაში, დაკავების მიზეზი არ აუხსნიათ. სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პოლიციელები მომიახლოვდნენ, ვინც მანამდე გადავიღე და ტელეფონს მთხოვდნენ. უარის შემდეგ დაიწყეს მუქარა ცემით (ფიზიკური ანგარიშსწორება) და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე. ასევე, ჩემს ცოლზე იპოვეს მონაცემები, მეკითხებოდნენ მისი სამუშაო ადგილის შესახებ. მემუქრებოდნენ დიდი ხნით დაკავებით, თუ ფოტოებს არ წავშლიდი.

რადგან ის ადგილი ხალხმრავალი იყო და ყველგან იყო ვიდეო მეთვალყურეობა, ვერაფერს გახდნენ და წამიყვანეს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში, სადაც პარკინგზე პოლიციის თანამშრომელმა გამჩხრიკა და გამიშვა, რადგან ჩემ მიერ კანონდარღვევა არ ყოფილა. ოქმის ასლის გადმოცემაც ვითხოვე, მაგრამ უარი მივიღე“, — იხსენებს ანტონი.

პროტესტში მონაწილეობა და აქციებზე სიარული არც ამის მერე შეუწყვეტია. ასე დადგა 3 დეკემბერი. რეჟიმმა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეების დაჭერა დაიწყო.

ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ დაწყებული პროტესტის ახალი ტალღა. როგორ იქცა ანტონ ჩეჩინი სინდისის პატიმრად

„3 დეკემბერს დილის 9:45-9:46-ზე გამოვედი სახლიდან სამსახურში წასასვლელად. სახლიდან რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ მთავარი ქუჩისკენ, ჩემ წინ გაჩნდა 2 ადამიანი სამოქალაქო ტანსაცმელში, პოლიციელის მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გარეშე. კიდევ ერთიც უკნიდან გამოიქცა“,  — იხსენებს დაკავების დილას ანტონ ჩეჩინი.

ერთ-ერთმა პოლიციელმა ჯერ სახელი ჰკითხა, პასუხის მიღების მერე კი ანტონმა პოლიციელისგან გაიგო, რომ ნარკოტიკების რეალიზაციის გამო აკავებდნენ, — „ვუთხარი, რომ შეუძლებელი იყო და არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ მქონდა. რუხი ფერის „შკოდაში“ ჩავსხედით. არც მანქანას ჰქონია პოლიციის ნიშანი.”

მცირედი გადახვევა — საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სწორედ ნარკოტიკების ჩადებების დასაზღვევად, პოლიციას მსგავსი ტიპის საგამოძიებო მოქმედებებში, ჩხრეკისას ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვება ევალება. ეს ნეიტრალური მტკიცებულებები არის ჩხრეკის ვიდეოგადაღება და მოწმეები, რომელნიც ნეიტრალურები და დამოუკიდებლები არიან. ასეთი შეიძლება იყოს მეზობელი, ქუჩაში გამვლელი, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პირდაპირ კავშირში არ არის საქმესთან.

არც ანტონ ჩეჩინთან და სინდისის პატიმრების არც სხვა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ საქმეებში [გიორგი ახობაძის საქმე, ნიკუშა კაციას საქმე, თედო აბრამოვის საქმე, ანასტასია ზინოვკინასა და არტიომ გრიბულის საქმე], ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად პოლიციას მცდელობაც კი არ ჰქონია.

ანტონი იხსენებს, რომ მის დაკავებაში 4 ხელთათმანებიანი პოლიციელი მონაწილეობდა.

„უკანა სავარძელზე 2 პოლიციელი იჯდა ჩემთან ერთად. ჩემგან მარცხნივ მჯდომმა პირველმა დამარტყა ხელით კეფაზე. ხოლო მარჯვნივ მჯდომმა დამარტყა ლოყაზე მეტროს პლასტიკური ბარათით, რომელიც დაკავებისას წამართვეს. ვთხოვე, არ ვეცემე. მადანაშაულებდნენ ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში, მემუქრებოდნენ უვადო პატიმრობით ციხეში და ხუმრობდნენ, რომ მთელ ცხოვრებას საქართველოში გავატარებდი, რადგან ეს ქვეყანა მომწონს. მეკითხებოდნენ, რატომ წამლავ ქართველებსო. ვუპასუხე, რომ ნარკოტიკებთან შეხება არ მქონია. აკრძალული მქონდა თავის მიტრიალება და აქეთ-იქით გახედვა, მიბრძანეს, რომ ხელები მთელი დრო მუხლებზე გამეჩერებინა. ამით ჩემზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს, ღირსება შემილახეს არაადამიანური მოპყრობით“, — წერს ანტონ ჩეჩინი.

ამის შემდეგ ის გაჩხრიკეს. ნარკოტიკი არ ამოუღიათ. ჩამოართვეს ყველა ნივთი, რაც თან ჰქონდა. მოითხოვდნენ მისგან ტელეფონის განბლოკვას, მაგრამ ანტონი ამას არ დაემორჩილა.

„მთხოვდნენ, მეღიარებინა ის, რაც არ გამიკეთებია: “ნარკოტიკების შენახვა და შეძენა”, რაზეც, გასაგები მიზეზების გამო, ვთქვი უარი. ყველა ნივთის დათვალიერების და ჩამორთმევის შემდეგ, მთხოვეს ქურთუკის გახდა და მარჯვენა მხარეს მჯდომი პოლიციელისთვის გადაცემა. ქურთუკის მრავალჯერადი დათვალიერების შემდეგ, მთხოვეს, რომ ის ჩამეცვა. ამის შემდეგ მანქანაში წინა, მგზავრის ადგილზე (მარჯვნივ) დაჯდა გამომძიებელი. შეცვალა ის პოლიციელი, რომელიც იქამდე იქ იჯდა. დამისვეს კითხვა, — „ბოლოჯერ გეკითხებით, გაქვს ნარკოტიკი ან რამე უკანონო?”

დარწმუნებულმა, რომ არაფერი მქონდა, ვთქვი, — „არა“. შემდეგ ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს ზიპ პაკეტი თეთრი ფერის ფხვნილით, რომელსაც პირველად ვხედავდი. ვთქვი, რომ ეს მე არ მეკუთვნოდა. დადეს პაკეტი ჩემ წინ, ავტომობილის წინა სკამებს შორის, სადაც იქამდე ჩემი ჩამორთმეული ნივთები იდო.

მხოლოდ თეთრი ფხვნილის პაკეტის ამოღების შემდეგ, მანქანაში უკანა მხარეს, ჩემგან მარცხნივ, დაჯდა თარჯიმანი, რომელმაც პოლიციელი შეცვალა. [თარჯიმანი არის შორენა ტაბატაძე, რომელიც ფიგურირებს ანასტასია ზინოვკინასა და არტიომ გრიბულის საქმეშიც. მიუხედავად იმისა, რომ ანტონ ჩეჩინის თქმით, შორენა ტაბატაძე მასთან ნარკოტიკის „ამოღების“ შემდეგ მიიყვანეს, ბრალდებამ ის „ნეიტრალური“ მოწმის სტატუსით მოიყვანა და ამტკიცებს, რომ თარჯიმანი დაკავების/ჩხრეკის ოპერაციის დაწყების მომენტიდან პოლიციელებთან ერთად იყო ანტონ ჩეჩინთან. – ნეტგაზეთი.] ის ამბობდა, რომ ხანგრძლივი დროის გატარება მომიწევდა ციხეში და ხელი უნდა მომეწერა პროტოკოლზე, დაკავების და თარგმნის, რასაც ვერ ვენდობოდი. თანაც, თარჯიმანი მტკიცედ იდგა პოლიციის მხარეს. ფხვნილის პაკეტი არ იყო ჩემი, ის პოლიციელებს ეკუთვნოდა. მანქანაში ჩაჯდომამდე მე ის არ მქონია“, — ჰყვება ანტონ ჩეჩინი.

აქედან მოქმედება კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გადადის. მანამდე კი ანტონმა ისიც შეამჩნია, რომ მისგან ამოღებული ნივთები პოლიციას არ დაულუქავს. პოლიციაში ანტონმა ტელეფონი გაუხსნა პოლიციელებს და მისცა საშუალება, რომ დაეთვალიერებინათ.

„დასამალი არაფერი მქონდა და ვიმედოვნებდი, რომ გამიშვებდნენ. ნარკოტიკებზე საერთოდ არ ულაპარაკიათ. იქ მე სხვა რამეში მდებდნენ ბრალს — რომ დავდივარ საპროტესტო აქციებზე და მყავს თანამზრახველები, რომლებთან ერთადაც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და ძალადობრივი ქმედებების განხორციელება მსურს საქართველოს მთავრობასთან მიმართებით“, — ჰყვება ანტონი.

ტელეფონის დათვალიერების შემდეგ ანტონი სხვა ოთახში გაიყვანეს, გააშიშვლეს. პოლიციის ორი თანამშრომლიდან ერთმა მისი ტანსაცმელი შეამოწმა, მეორე პირის ღრუში უსვამდა ლატექსის ხელთათმანიან ხელს. ანტონმა მოითხოვა, რომ ნარკოტესტირება ჩაეტარებინათ მისთვის. მაგრამ მოუტანეს დოკუმენტი, სადაც პირიქით, მისგან ექსპერტიზაზე უარი იყო დაფიქსირებული და ხელის მოწერა მოსთხოვეს. არ მოაწერა. ამბობს, რომ ხელი მის ნაცვლად მოაწერეს და იზოლატორში გადაიყვანეს.

„შემდეგ დღეს, 2024 წლის 4 დეკემბერს, მოვიდნენ მთავარი გამომძიებელი, სახაზინო ადვოკატი, ექსპერტი და თარჯიმანი. თქვეს, რომ მე თანხმობა უნდა განმეცხადებინა ნერწყვის ნიმუშის აღებაზე დნმ-ის ტესტისთვის და უარის თქმას აზრი არ ჰქონდა, რადგან მაინც გააკეთებდნენ ამას სასამართლოს გადაწყვეტილებით. დავთანხმდი“, — ჰყვება ანტონი.

ანტონის ვერსიით, სწორედ ასე მოხვდა მისი ბიოლოგიური მასალა ნერწყვის სახით ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალაზე, რომელიც პოლიციამ მას თავადვე ჩაუდო. ზუსტად ამ გარემოებაზე მიუთითებდა და ამაზე დავობდა დაცვის მხარე გიორგი ახობაძის საქმეშიც.

შეჯამების სახით, ანტონ ჩეჩინის საქმის ფიგურანტები:

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივმა ედგარ ოგანესიანმა პატაკით მიმართა თავისი განყოფილების უფროსს, ლაშა თავაძეს [ფიგურირებს ნიკუშა კაციას საქმეშიც], რომ კონფიდენციალური წყაროს ოპერატიული ინფორმაციით, ანტონ ჩეჩინი ნარკოტიკების მომხმარებელი და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვას ეწევა. ოგანესიანი გამოჰკითხა გამომძიებელმა ემილ კუპრავამ [ფიგურირებს სინდისის პატიმრების სხვა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ საქმეებშიც]. გამომძიებელმა არჩილ ნაცვლიშვილმა [ასევე არის ფიგურანტი სხვა საქმეებში] გასცა ანტონ ჩეჩინის ჩხრეკისა და დაკავების დადგენილება. ანტონ ჩეჩინის დასაკავებლად წავიდნენ და სასამართლოში გამოიკითხნენ: გამომძიებელი არჩილ ნაცვლიშვილი, დეტექტივები გიორგი ჩიკვაიძე და ზურაბ რუსიშვილი, აგრეთვე, თარჯიმანი შორენა ტაბატაძე, რომელსაც ბრალდება „ნეიტრალურ მოწმედ“ ასაღებს. თუმცა გაგახსენებთ, რომ ანტონ ჩეჩინის თქმით, თარჯიმანი შორენა ტაბატაძე მასთან მხოლოდ მას შემდეგ მივიდა, რაც მისგან ნარკოტიკი „ამოიღეს“. ანტონ ჩეჩინის საქმის პროკურორი შმაგი გობეჯიშვილია [ასევე გიორგი ახობაძის საქმის პროკურორი]. თუმცა საწყის ეტაპზე, 3,4 და 5 დეკემბერს, პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის [ნიკუშა კაციას, თედო აბრამოვის, ანასტასია ზინოვკინასა და არტიომ გრიბულის პროკურორი] შუამდგომლობები გახდა საფუძველი ანტონის ჩხრეკის, ბრალის წარდგენისა და პატიმრობაში აყვანის საფუძველი. ნუგზარ ჭიტაძე იყო ანტონ ჩეჩინის საქმის პროკურორი, სანამ მას შმაგი გობეჯიშვილი ჩაანაცვლებდა. ანტონ ჩეჩინის საქმეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განიხილავს. განაჩენი მისი გამოსატანია. ჯვებე ნაჭყებიამ უკვე მიუსაჯა პატიმრობა ანრი კვარაცხელიას. ანტონ ჩეჩინის საქმის გარდა, მას აწერია საბა სხვიტარიძისა და ანატოლი გიგაურის საქმეები. ანტონ ჩეჩინის უფლებადამცველი ადვოკატი გიორგი ჩხეიძეა.

„პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულია ამ საგამოძიებო მოქმედების დაწყების და დასრულების დრო – 10:00 – 10:20. ამ დროს თუ შევადარებთ დეტექტივ ედგარ ოგანესიანის [პატაკის ავტორის] გამოკითხვის ოქმში მითითებულ დროს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გამოკითხვა 09:49 წუთზე დაიწყო და 09:56 წუთზე დამთავრდა, გამოდის, რომ გამოკითხვის დასრულებიდან ჩხრეკის დაწყებამდე გამომძიებელ არჩილ ნაცვლიშვილს თავის განკარგულებაში სულ რაღაც 4 წუთი ჰქონდა საიმისოდ, რომ ანტონ ჩეჩინის ჩხრეკა დაეწყო. ცხადია, გამომძიებელს ანტონ ჩეჩინის პირადი ჩხრეკის ჩატარება არ შეეძლო მანამდე, სანამ დეტექტივი ედგარ ოგანესიანი გამოიკითხებოდა, რადგან მოცემულ შემთხვევაში სწორედ ეს გამოკითხვა ქმნიდა ანტონ ჩეჩინის პირადი ჩხრეკის საპროცესო საფუძველს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, გამოდის, რომ გამომძიებელ არჩილ ნაცვლიშვილს ხსენებულ 4 წუთში მოუსწრია: ოგანესიანის გამოკითხვის ოქმის გაცნობა, ანტონ ჩეჩინის შესახებ ოფიციალურ წყაროებში არსებული მონაცემების შეგროვება და გაცნობა, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ დადგენილების შედგენა, ორ დეტექტივთან და თარჯიმანთან დაკავშირება, მათი ერთად შეკრება და ანტონ ჩეჩინის საცხოვრებელ მისამართზე მისვლა, სახლიდან გამოსულ ანტონ ჩეჩინთან მისვლა, თავის წარდგენა, თარჯიმნის მეშვეობით მისთვის დადგენილების გაცნობა, და დადგენილებაში შენიშვნის გაკეთება, რომ ანტონ ჩეჩინმა ხელი არ მოაწერა დადგენილებას. ცხადია, რომ ამდენი მოქმედების ჩატარებას, რასაც 1-2 საათი მაინც სჭირდებოდა, გამომძიებელი ნაცვლიშვილი ვერ მოახერხებდა“, — ამონარიდი საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გაკეთებული მიმოხილვიდან ანტონ ჩეჩინის საქმის შესახებ.

ანტონ ჩეჩინის საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, აგვისტოს არ გადასცდება. დასკვნითი სიტყვა უკვე წარმოადგინა პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა. ის დარწმუნებულია, რომ თავის მოწმეებთან ერთად, ანტონ ჩეჩინის ბრალეულობა სასამართლოს უკვე დაუმტკიცა. მომდევნო სხდომაზე, 25 აგვისტოს, დასკვნითი სიტყვით ანტონის ადვოკატი, გიორგი ჩხეიძე წარდგება.

ანტონ ჩეჩინის ისტორია წაიკითხეთ აქ:

ციმბირიდან „ოცნების” ციხეში — ანტონ ჩეჩინის საქმე