დღეს, 6 აგვისტოს, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, სინდისის პატიმარი გიორგი ახობაძე გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
რეჟიმი გიორგი ახობაძეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავებოდა და მისთვის წარდგენილი ბრალი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა. მის განაჩენს 22 ივლისიდან ველოდით. მაგრამ მოსამართლემ გამოცხადების ეტაპი ჯერ 25 ივლისს გადმოიტანა, მერე 28 ივლისს, მერე „სათათბიროდ გასულმა“ 28 ივლისი გააუქმა და გაურკვეველი დროით გადადო გადაწყვეტილების გამოცხადება.
5 აგვისტოს შეატყობინა სასამართლომ ადვოკატს, რომ გიორგი ახობაძის განაჩენი 6 აგვისტოს იქნებოდა, ზუსტად ორ საათში, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს გამოუტანდნენ განაჩენს.
გიორგი ახობაძე განსაკუთრებით აქტიური და ქმედითი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობაში რუსული კანონის ინიციირების შემდეგ გახდა. „მანამდე ჩემი აქტივობა კოღოს ნაკბენივითაც არ აწუხებდა რეჟიმს. რუსული კანონის ინიციირების შემდეგ ეს შეიცვალა და გაჩნდა ჩემ მიმართ დაინტერესება“, — თქვა გიორგი ახობაძემ სასამართლოში, როცა ჩვენება მისცა 22 ივლისს.
ამის შემდეგ იყო, რომ სოციალურ ქსელებში მას დიდი აუდიტორია გაუჩნდა. აზიარებდა მის ხელთ არსებულ ინფორმაციას და რჩევებს, მათ შორის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მათგან თავდასაცავად.
ჩვენების მიცემისას და თავის ბოლო სიტყვაშიც, გიორგი ახობაძემ თქვა, რომ თვეებით ადრე ჰქონდა მოლოდინი და მეტიც, დარწმუნებული იყო, ან იარაღს ჩაუდებდნენ, ან ნარკოტიკს. ამასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვებშიც უსაუბრია სხვადასხვა სოციალური ქსელიდან. მისი დაკვირვებით რეჟიმი და მისი ჭანჭიკები საამისოდ მისსავე პოსტების ქვეშ კომენტარებში თვეებით ადრე ამზადებდნენ ნიადაგს და ქმნიდნენ ლეგენდას.
ეს ბოლო ვიდეოა, რომელიც მან დაკავებამდე ჩაწერა.
ერიდებოდა წინა ხაზებში დგომას, სადაც დემონსტრანტებზე სპეცრაზმელების ძალადობის კერა იყო. თავადაც ხერხემლის ტრავმა აქვს და გადაადგილებაც შეზღუდული. უვლიდა ინსულტგადატანილ ჩავარდნილ დედას, „მისი ცხოვრების მთავარ პაციენტს“, რომელიც მისი დაკავებიდან ერთ თვეში გარდაიცვალა. „დედა მყავდა მოსავლელი და მეც რომ მოსავლელი გავმხდარიყავი, ამის საშუალება არ მქონდა“, — თქვა მან ჩვენების მიცემისას.
7 დეკემბრის ღამეს, მას შემდეგ, რაც რუსთაველზე დემონსტრანტებში საკვები და წყალი დაარიგა, მეგობარ ლევან ბერიძესთან ერთად რუსთაველი საკუთარი მანქანით დატოვა. უკვე 8 დეკემბერი იდგა, ნაშუაღამევი. გმირთა მოედნის ესტაკადაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯერ ლევანს დატოვებდა წერეთლის გამზირზე, მერე კი სახლში, ყაზბეგის გამზირზე, წავიდოდა. მკვეთრად გადაუხვია. შეამჩნია, რომ პატრულის ეკიპაჟი აედევნა. მერე გაჩერებისკენ მოუწოდეს. იფიქრა, რომ გადახვევისას მოძრაობის წესი დაარღვია და ამიტომ აჩერებდნენ.
მაგრამ ეს იყო მისგან ნარკოტიკების „ამოღების“ ოპერაცია. მოგვიანებით, უკვე თვეების მერე დაადგინა, რომ პირი, რომლის სახელი და გვარი არ იცოდა მანამდე, მაგრამ იცოდა, სანაპიროზე ის ხელმძღვანელობდა მისთვის ნარკოტიკების ჩადების ოპერაციას და იკავებდა სამმართველოს უფროსის პოზიციას, გიორგი გურეშიძე იყო. სასამართლოშივე ამხილა. პროკურატურა და მისი მოწმეები ამტკიცებენ, რომ გიორგი გურეშიძე სანაპიროზე საერთოდ არ ყოფილა გიორგი ახობაძის დაკავებისას.
პროკურატურა იმასაც ჰყვება, რომ 7 დეკემბრის საღამოს 9 საათისთვის დეტექტივ გიორგი ხარგელიას უკვე ჰქონდა მიღებული ანონიმური წყაროსგან მიღებული ინფორმაცია და გამზადებული პატაკი, რომ გიორგი ახობაძეს და მის უცნობ მხლებელს, კონკრეტულ ადგილას მტკვრის სანაპიროზე, კონკრეტულ დროს, ნარკოტიკებით გაძეძგილს უნდა გაევლო. ეს მაშინ, როცა საათების შემდეგაც კი არ იცოდა თავად ახობაძემ, რომ აქციას ლევან ბერიძესთან ერთად დატოვებდა, ჯერ მას მიიყვანდა სახლში და მოუწევდა სანაპიროზე გაევლო. გიორგის მონათხრობის საპირისპიროდ, რომელიც ჰყვება, რომ მასთან პერსონალურად 10-ზე მეტი პოლიციელი იმყოფებოდა, პროკურატურა და მისი მოწმეები ამტკიცებენ, რომ სულ სამმა პოლიციელმა გაჩხრიკა და დააკავა. კიდევ სამი კი მის მეგობარ ლევან ბერიძეს ჩხრეკდა. ამიტომ ვერ მოახერხეს თურმე მაქსიმუმ ერთ წუთამდე ხანგრძლივობის ჩხრეკის პროცესის გადაღება და ნეიტრალური მოწმის პოვნა სანაპიროზე, სადაც მანქანები უწყვეტად მოძრაობდნენ. არადა, ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვებას მსგავსი ჩხრეკისას პოლიციელებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ავალდებულებს.
ერთადერთი „მტკიცებულება“ გიორგი ახობაძის წინააღმდეგ პოლიციელებია, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ცრუმოწმეებად ამხილა სასამართლოში. კიდევ, ექსპერტიზის დასკვნა, რომ ახობაძისგან ამოღებულ ნარკოტიკის შეკვრებზე მისი დნმ-ის კვალია. ახობაძისა და მისი ადვოკატებისთვის ეს უცნაური და საეჭვო არ ყოფილა — გიორგი იმთავითვე ჰყვებოდა, დაკავებისთანავე, რომ პოლიციელმა გრიგოლ კაჭკაჭიშვილმა ლატექსის ხელთათმანებით თითები სანერწყვე ჯირკვლებზე აუსვა და სწორედ ასე მოიპოვა და გადაიტანა მერე მათ მიერვე ჩადებულ ნარკოტიკზე მისი ბიოლოგიური მასალა. ადვოკატების, ლაშა ცუცქირიძისა და მარიამ მაძღარაშვილის მიერ სამხარაულის ბიუროში ჩატარებულმა ექსპერტიზამ ცხადყო, რომ სწორედ ნერწყვია ის ბიოლოგიური მასალა, რაც გიორგი ახობაძისთვის ჩადებულ ნარკოტიკზე „გამოავლინეს“. ექსპერტიზამ, რომელიც პროკურატურამ დანიშნა და რომელიც ახობაძის ბიოლოგიური მასალის კვალის საპოვნელად ზედაპირიდან ანაწმენდის აღებას მოითხოვდა, მოსპო შესაძლებლობა, რომ ნარკოტიკების შესაფუთ მასალაზე ახობაძის თითის ანაბეჭდის გამოსავლენად კვლევა ჩატარებულიყო. ამით ცხადი გახდებოდა, რომ ნარკოტიკს, რომელიც ახობაძისგან ვითომ “ამოიღეს”, ის არც კი შეხებია.
გამოძიებამ და პროკურატურამ არც გიორგი ახობაძის ის შემოთავაზება გაითვალისწინა, რომ უკვე ადვოკატებთან შეთანხმების შემდეგ, ჯერ კიდევ 10 დეკემბერს, მისთვის ნარკოტესტირება ჩაეტარებინათ, მათ შორის, ფრჩხილისა და თმის კვლევით, რომელსაც იმის გამოვლენაც შეუძლია, თვეებით ადრე რომ ჰქონდეს ადამიანს ნარკოტიკული საშუალება მიღებული.
გიორგი ახობაძის ჩვენება და დეტალური აღწერა, რა მოხდა სინამდვილეში 7 დეკემბრის საღამოდან 8 დეკემბრის დილამდე, წაიკითხეთ აქ:
