მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის პატიმრების საქმეებში თავისი მორიგი განაჩენი გამოიტანა. დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
თემურ ზასოხაშვილი განაჩენის გამოცხადების დღეს 39 წლის გახდა.
„შეწყალება არ იქნება“, — ამ სიტყვებით გავიდა დავით ლომიძე დარბაზიდან.
„ჩემი საბოლოო სიტყვა ისაა, რომ სასამართლომ ობიექტურად განიხილოს ჩვენი საქმე და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც იქნება სამართლიანი. თავს ვთვლი უდანაშაულოდ“, — თქვა დავით ლომიძემ, რომელსაც თემურ ზასოხაშვილი დაეთანხმა და აღარაფერი დაუმატებია. ვრცელი საბოლოო სიტყვის თქმაზე ორივემ უარი თქვა.
რეჟიმი ლომიძესა და ზასოხაშვილს პოლიციელებზე თავდასხმასა და მოლოტოვის სროლას ედავება. წარდგენილი ბრალი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. დაზიანება არ მიუღია დაზარალებულად ცნობილ არცერთ პირს. თუმცა ამ საქმეს ჰყავს ერთი „მთავარი დაზარალებული“ — წყლის ჭავლის მანქანა.
ლომიძეცა და ზასოხაშვილიც თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ორივე მათგანი დაკავებისას და დაკავების შემდგომ ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამან კიდევ უფრო გაართულა დავით ლომიძის მდგომარეობა, რომელსაც წარსულში ხერხემალზე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და უკვე პატიმრობაში კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა.
„ერთი რიგითი მოქალაქე ვარ, რომელიც შეაწუხა ამ უსამართლობის ყურებამ. ვნახე, ჩემს შვილებზე ძალადობდნენ, ჩემს და-ძმებს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ. როგორც მამამ, როგორც ძმამ, როგორც პაპამ, რომლის შვილიშვილსაც მომავალს ართმევენ, ჩავთვალე, რომ სახლში ჯდომა ლაჩრობის ტოლფასი იყო”, – წერდა დავით ლომიძე, ციხიდან იანვარში გამოგზავნილ წერილში.
ორივე მათგანს იზოლატორში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ აღიარებით ჩვენებაზე მოაწერინეს ხელი. თუმცა არცერთ მათგანს ბრალს არ უღიარებია.
ვიდეომტკიცებულებაში, რომელიც მათ საქმეზე იყო დართული, მართლაც აღქმადია ორი ადამიანი, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ისვრის სპეცრაზმელების მიმართულებით და ხვდება წყლის ჭავლის მანქანას. მაგრამ მათში ლომიძისა და ზასოხაშვილის ამოცნობა, დაცვის მხარის თქმით, შეუძლებელია. სამაგიეროდ, პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის მოწმე პოლიციელები ამტკიცებდნენ, რომ იერით ახსოვდათ და ცნობდნენ ლომიძესა და ზასოხაშვილს. როგორც „ერთს უფროსი ასაკისას, ჭაღარანარევი წვერის მქონეს, მეორეს — უფრო ახალგაზრდას“.
