„ქართული ოცნების“ პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულმა უკრაინელმა სინდისის პატიმარმა, სერგეი კუხარჩუკმა შიმშილობა დაიწყო. ამის მიზეზი ისაა, რომ ოჯახთან დარეკვის საშუალება 20 დღეა არ ეძლევა და სასამართლოში არაა დაშვებული ტელევიზია, რომ მისმა ოჯახმა უკრაინაში ასე მაინც ადევნოს თვალი, რა ხდება პატიმრების თავს.
სერგეი კუხარჩუკი ერთ-ერთია ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში ბრალდებული 11-პირიანი საქმიდან, სადაც მის გარდა არიან ასევე უკრაინელი რუსლან სივაკოვი, ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ირაკლი ქერაშვილი, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, გური მირცხულავა, გია ტერიშვილი, ვაკო თეთრაშვილი და რეზო კიკნაძე.
კუხარჩუკის მიერ შიმშილობის დაწყების შესახებ ინფორმაცია სასამართლოში დღევანდელ, 29 ივლისის სხდომაზე გავრცელდა. მან შიმშილობა გუშინ, 28 ივლისს დაიწყო. მისმა ადვოკატმა ნიკოლოზ ლეგაშვილმა კი სერგეის წერილი სხდომის დასრულების შემდეგ გადმოგვცა და შიმშილობის დაწყების ფაქტი დაგვიდასტურა. „გასათვალისწინებელია ის, რომ ქსნის საპატიმრო დაწესებულებიდან თბილისში გადაიყვანეს და პერიოდი სჭირდებოდა, მაგრამ 20 დღე არ არის ის პერიოდი, რომელიც საჭირო იყო იმ ტექნიკური პრობლემების მოსაგვარებლად, რაღაც ბარათის ნომრის კოდის შესაცვლელად, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი აქვს“, — აღნიშნა ადვოკატმა.
სერგეი კუხარჩუკის წერილს ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ.
„მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ სასამართლო სხდომებზე უკვე არაერთხელ შეეხნენ დარბაზში ტელევიზიების დაშვების საკითხს. სასამართლოს და სხვა შესაბამისი ორგანოების მხრიდან ამ თემის სრული იგნორირება ხდება. ისევ ღია რჩება საკითხი, შედეგი არ არის.
მეც, ჩემმა მეგობარმაც [ასევე უკრაინელ სინდისის პატიმარს, რუსლან სივაკოვს გულისხმობს], სხვა ბიჭებმაც განცხადებით მიმართეს სასამართლოს და შესაბამის ორგანოებს ტელევიზიების დაშვების თაობაზე, რომ ჩვენმა ოჯახებმა, ახლობელმა ადამიანებმა, რომლებიც უკრაინაში ცხოვრობენ, საომარი მოქმედებების ზონაში, შეძლონ გაიგონ, რა ხდება ჩვენს სასამართლო სხდომებზე. შეეძლოთ ჩვენი დანახვა და საერთოდ, იყვნენ საქმის კურსში, რა ხდება. ეს პრობლემა ეხება მთლიანად საზოგადოებას, რომელსაც ისევე ეზღუდება წვდომა ინფორმაციაზე, როგორც ჩვენ.
მე მაქვს პირადი ეჭვებიც და წარმოდგენა, რომ სასამართლო სპეციალურად გაურბის ამ საკითხის გადაწყვეტას, მიზანმიმართულად მალავს საზოგადოებისგან სიმართლეს, რა ხდება სინამდვილეში სხდომათა დარბაზებში. სასამართლოში, რომელიც ტყუილისა და უკანონობის სივრცეა.
მე, სერგეი ალექსანდრეს ძე კუხარჩუკი, დაბადებული 1997 წლის 22 თებერვალს, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ვიწყებ შიმშილობას ამ მომენტიდან — 2025 წლის 28 ივლისიდან. შიმშილობის გამოცხადების მიზეზი ერთზე მეტია ამ ეტაპზე:
- ღიად დარჩენილი საკითხი სასამართლოს სხდომათა დარბაზებში ტელევიზიების დაშვების შესახებ, რაც ამ დრომდე გადაუწყვეტელია. სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება, მე განზრახული მაქვს, რომ ვიშიმშილო. არ აქვს მნიშვნელობა, რა დრო დასჭირდება ამას და რამდენად შემერყევა ჯანმრთელობა.
- შიმშილობის საფუძველია ასევე ის, რომ შეზღუდული მაქვს უფლება, განვახორციელო სატელეფონო ზარები. 2025 წლის 8 ივლისის შემდეგ არ მაქვს შესაძლებლობა, რომ დავუკავშირდე ჩემს ნათესავებს და ახლობელ ადამიანებს. რაც ქსნის ციხიდან გლდანში გადმომიყვანეს, ეს ერთი ზარიც არ განმიხორციელებია. ჩემს კითხვებზე, რატომ არ მეძლევა ამის საშუალება, სოციალური მუშაკისგან პასუხად მივიღე, რომ 16 ივლისს, ჩემი თანხმობის შესაბამისად, მე გადამიტანეს ოთხი პაემანი ისეთ დროზე, რომ შევძლო ნათესავებთან და ახლობლებთან დარეკვა. მერე უკვე 25 ივლისს შემატყობინეს, რომ დარეკვა შემიძლია. მაგრამ მომდევნო დღეს ისევ იმედი გამიცრუვდა და ისევ წარუმატებელი აღმოჩნდა ჩემი მცდელობა. ისევ არ მეძლევა შესაძლებლობა, რომ ჩემიანებს დავუკავშირდე.
გთხოვთ, მიიტანოთ ჩემი განცხადება საზოგადოებამდე.
სერგეი ალექსანდრეს ძე კუხარჩუკი.
28.07.2025
