“9 ივლისსაც ვიყავი ამ ტერიტორიაზე, ბაზარში პროდუქტებს ვყიდულობდით და მაშინაც ვთქვი, სანამ ვინმეს არ დაეცემა, მანამდე ყურადღებას არავინ მიაქცევს-მეთქი”, – ამბობს მოქალაქე ნიკოლოზ ჰუმანოიდი ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ მდგარი ავარიული კორპუსის შესახებ.
5 დღის შემდეგ, 14 ივლისს, საღამოს საათებში, თევდორე მღვდლის #10-ში მდებარე კორპუსის სახურავიდან ბეტონის ნაწილი ჩამოინგრა და ორი ადამიანი მოიყოლა. ორივე ადგილზე დაიღუპა. მათგან ერთი კორპუსის წინ მოვაჭრე ქალია, მეორე კი- საყიდლებზე გამოსული, გამვლელი კაცი.
“ნეტგაზეთთან” საუბრისას ნიკოლოზ ჰუმანოიდი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობს, ამბობს, რომ ნგრევის სავარაუდო რისკის შესახებ არაერთხელ შეატყობინა თბილისის მერიას – “მინიმუმ 10-ჯერ მაინც მაქვს დარეკილი ცხელ ხაზზე”. გარდა ამისა, მან რამდენჯერმე გადაიღო შენობაზე არსებული ბზარის ამსახველი ფოტო-ვიდეოები და სოციალურ ქსელში განათავსა.
“ეს რომ გადმოვარდეს და ქვემოთ ვინმე დახვდეს, დაფიქრდით, რა შეიძლება მოუვიდეს?!”, – ამბობს ნიკოლოზი ვიდეოში, რომელიც 2024 წლის 30 მარტს გადაიღო. ამბობს, რომ მერიაში ამ ვიდეოს გადაღების დღესაც დარეკა. თუმცა ცხელი ხაზის ოპერატორისგან ტრადიციული პასუხი მიიღო – “გადავცემ შესაბამის სამსახურს”.
წლების განმავლობაში, არაერთი შეტყობინების მიუხედავად, ავარიული კორპუსის სახურავზე მორყეული კარნიზი ადგილზე რჩებოდა. ბზარი კი, როგორც ჩანს, ღრმავდებოდა. ამიტომ, ნიკოლოზის თქმით, ყოველთვის ცდილობდა თავი აერიდებინა კორპუსთან ჩავლისგან. იმ დღესაც, 9 ივლისს, ბაზარში ცოლთან და შვილთან ერთად იყო და, როგორც ამბობს, წრე დაარტყა, რათა ავარიული კორპუსისთვის გვერდი აევლოთ.
“სახელოსნო მაქვს თამარ მეფის გამზირზე და ხშირად მიწევს მანდ გავლა. მსგავს შემთხვევებზე ყოველთვის მაქვს რეაგირება. ვიღებ და ჩემს გვერდზე ვდებ, ან ვრეკავ შესაბამის სამსახურში. გადავიღე, დავდე. მაშინვე დავრეკე მერიის ცხელ ხაზზე და მითხრეს, რომ “გადავცემთ შესაბამის სამსახურებს”. მაგრამ, მე რომც არ დამერეკა, თვითონ თქვეს, კალაძემ თქვა, რომ ვიცოდით ამის შესახებო. ძალიან თვალში საცემი იყო ეს ნაპრალი. მე ყოველთვის ვცდილობდი, რომ უშუალოდ მანდ არ გამევლო. იმიტომ, რომ საფრთხეს ვგრძობდი”, – ამბობს ნიკოლოზი.
თუმცა რიგით გამვლელს კორპუსის ავარიულობის შესახებ ინფორმაცია ვერ ექნებოდა. ისიც ნაკლებ სავარაუდოა, რომ ქუჩაში მიმავალმა 4-სართულიანი კორპუსის სახურავზე ბზარი შეამჩნიო და მით უფრო, ივარაუდო, რომ ის საფრთხეს წარმოადგენს.
ჩვეულებრივ, მოქალაქეებს მოლოდინი აქვთ, რომ საფრთხის არსებობის შემთხვევაში ტერიტორია შემოსაზღვრული იქნება, ან რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი იდგება, ნაცვლად იმისა, რომ ზუსტად კორპუსის ქვეშ სავაჭრო ობიექტები იყოს გახსნილი, რომელთა ფუნქციონირების შესახებ სახელმწიფო საქმის კურსში უნდა იყოს, იქვე კი მერიისივე მოწყობილი ზონალური პარკირების სივრცე იყოს გამოყოფილი.
სავარაუდოა, რომ მოსალოდნელი რისკის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა 40 წლის დავით ბართაიასაც. მან დასთან ერთად კორპუსთან სწორედ მაშინ ჩაიარა, როცა ბეტონის ფილა ჩამოინგრა. დავითი ადგილზე დაიღუპა, მისი და კი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.
დავით ბართაია მარტვილის რაიონის სოფელ ბალდიდან იყო. როგორც მისი თანასოფლელები სოციალურ ქსელში წერენ, ბართაიამ რამდენიმე დღის წინ ბინა იყიდა და სადგურის მოედნის მიმდებარედ ახალი საცხოვრებლისთვის საჭირო ნივთების საყიდლად იყო. მას არც მშობლები ჰყავს და, როგორც ახლობლები წერენ, არც ახლო ნათესავები.
“მას თითქმის არავინ ჰყავს… (ოჯახის წევრებს ვგულისხმობ). დარჩა მხოლოდ სოფელი – დათოს მონატრებული სოფელი… და ახლა მთელი სოფელი ელოდება დათოს. სოფელი, სადაც ყოველი ეზოდან ნამტირალევი ხალხი გამოდის… სოფელი, სადაც დათო ყველას ახსოვს ბავშვობიდან – პატარა ქერათმიანი, ხუჭუჭა ბიჭი… ვისაც ოდესღაც ხელში აყვავანილი დაჰყავდა… დათოსთვის იქ ყველაფერი მშობლიურია, იქ მისი ბავშვობაა. იცის, რომ იქ ყველას უყვარს და ყველას ტკივა მისი ტკივილი.
მის მოლოდინში ახლა იქ მდუმარება იქნება ისეთი, რომ ფოთლების შრიალიც კი ტკივილივით გაისმება. სოფელი იტირებს დათოს ისე, როგორც საკუთარ შვილს – გულით, მთელი ტკივილით… დათოს სული ალბათ იგრძნობს, რომ არ დარჩენილა მარტოდ… სოფელი გახდა მისი უკანასკნელი ოჯახი… უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი”, – წერს სოციალურ ქსელში მისი მეზობელი, დალი ბჟალავა.

მეორე დაღუპული არის პენსიონერი მანანა დარახველიძე. ისიც ადგილზე გარდაიცვალა. როგორც მისი დისშვილი, მაია კობაიძე სოციალურ ქსელში წერს, მოვაჭრე ქალს „სინკარი“ დაეცა.
“არ შევაწუხო არავინო და ყინვასა თუ სიცხეში იდგა თავის პატარა მაღაზიაში დღეში 20 ლარის გულისთვის! ოცნებად ჰქონდა, წელიწადში ერთხელ მაინც ჩასულიყო რაჭის თავის პატარა სახლში და როგორც თითონ იტყოდა, ფულს მაგისთვის აქუჩებდა მთელი წლის განმავლობაში! ერთი გაფრთხილება, ერთი პატარა შემორაგული ხის ბარიერი აგვაცილებდა ამ ტრაგედიას თავიდან! როდემდე უნდა გვეშინოდეს სახლიდან გასვლის! სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი წავიდა დღეს სამსახურში და ახლა მორგში წევს!”, – წერს კობაიძე სოციალურ ქსელში დაღუპული დეიდის შესახებ.
თბილისის მერი, კახა კალაძე მომხდარს უბედურ შემთხვევას უწოდებს. თუმცა მაინც ცდილობს იპოვოს ამ “უბედურ შემთხვევაზე” პასუხისმგებელი პირები და ისრები კორპუსის მცხოვრებლებისკენ გადააქვს.
კალაძის განცხადებით, მერიამ მათ ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვა შესთავაზა, რაც კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის აშენებას გულისხმობს. მისი თქმით, ეს იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ ყველა მცხოვრებლისგან თანხმობა ვერ მიიღეს, მათი თანხმობის გარეშე კი ამის უფლება არ ჰქონდათ.
კალაძე ამბობს, რომ არ არის სწორი ყველაფერში მისი და ზოგადად, მერიის დადანაშაულება. მან სავარაუდო რისკებსა და მსხვერპლის თავიდან აცილების გზებზე დასმულ ყველა კითხვას პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა.
იგივე რიტორიკა გააგრძელა მისმა მოადგილემაც. ირაკლი ბენდელიანმა მოსახლეობას მოუწოდა- “ეს მძიმე ფაქტი გავიაზროთ ყველამ კარგად და ის, რასაც მერია და მუნიციპალიტეტი სთავაზობს მოსახლეობას, მაქსიმალურად დავთანხმდეთ ამ ყველაფერს”.
მოქალაქე ნიკოლოზ ჰუმანოიდი ამბობს, რომ საერთოდ ვერ ხვდება, რა შუაშია მომხდართან ის, რის შესახებაც კალაძე და მერიის სხვა მაღალჩინოსნები საუბრობენ.
“რა მნიშვნელობა აქვს მაგას [მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა ჰქონდათ თუ არა ჩანაცვლებაზე]. შეიძლება მე არ მინდოდეს ჩემი სახლის დატოვება, მაგრამ ეს რომ საფრთხეს უქმნის გარეთ გამვლელს, როცა აშკარაა გადმონგრევის საფრთხე, რად უნდა მანდ ბოდვები იმის შესახებ, რომ მცხოვრებლები გაფრთხილებული მყავდა და ა.შ.
ამ დროს უნდა მოხდეს შესაბამისი სამუშაოების ჩატარება. ჯერ შეფასება თუ შესაძლებელი კონსერვაცია, რესტავრაცია მოხდეს. თუ შესაძლებელი არ არის და საფრთხეს ქმნის ადამიანის სიცოცხლისთვის – და ეს ყველაზე მეტად მნიშვნელივანია – მოხსენი ის კონკრეტული საფრთხე. მორჩა.
უარესი თქვა [კალაძემ]. ჩემი აზრით, ეგეთი რაღაცა არ უნდა იკადრო – გადაბრალება ვიღაცაზე. პასუხისმგებლობა გაქვს ადამიანების სიცოცხლეზე და მოაშორე საფრთხე. ყველგან შეიძლება მოხდეს მსგავსი შემთხვევა, მაგრამ როცა აშკარა საფრთხეა და ამაზე რეაგირებას არ ახდენ, ეგ არ “პრავდება”, – თქვა ნიკოლოზმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
ნიკოლოზი ფიქრობს, რომ არ მართლდება, თუმცა მეორე დღეა ამას ცდილობს სამთავრობო პროპაგანდა: მერიის მაღალჩინოსნები – თავად მერიდან დაწყებული საკრებულოს რიგითი წევრებით დასრულებული- პროსახელისუფლებო მედიები და სხვადასხვა ექსპერტები ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ პრობლემა კორპუსის მცხოვრებლებშია, რომლებმაც უარი თქვეს შენობის დაცლაზე. პროსახელისუფლებო მედიებთან ისაუბრა თავად ამ კორპუსის რამდენიმე მცხოვრებმაც, რომლებიც ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობაზე თანახმა იყვნენ და წუხილი გამოთქვეს, რომ ეს მათი მეზობლების გამო ვერ მოხერხდა. ირიბად, მეზობლები დაადანაშაულეს გამვლელების დაღუპვაშიც. ამ მსჯელობას ავითარებენ ყალბი პროფილები და ე.წ. ტროლები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების კომენტარებშიც.

მსჯელობის საგანია, რატომ შეიძლება არ თანხმდებოდეს მოსახლეობა მერიის, ან პოტენციური ინვესტორის შეთავაზებულ პირობებს და არჩევდეს ავარიულ შენობაში ცხოვრებას ჯანმრთელობის დაზიანების თუ სიცოცხლის რისკის ფასად. ამ დღეების განმავლობაში დისკუსიის საგნად გადაიქცა ისიც, აქვს თუ არა მერიას უფლება, უარის შემთხვევაში ძალით გამოიყვანოს მოსახლეობა ავარიული შენობიდან.
თუმცა ამ მსჯელობებისა და დისკუსიებს მიღმაა ფაქტი – შენობა კი არ ჩაინგრა, გადმოინგრა შენობის სახურავის პარაპეტი და მან მოკლა არა ამ შენობის რომელიმე მცხოვრები, არამედ რიგითი გამვლელი ტროტუარზე.
რა შუაშია მოვაჭრე მანანა დარახველიძე იმასთან, მიიღო თუ არა მერიამ კორპუსის მცხოვრებლებისგან თანხმობა ჩანაცვლების პროგრამაზე? იცოდა, ან უნდა სცოდნოდა თუ არა დავით ბართაიას, რომ შენობა, რომელსაც ბაზრიდან გამოსულმა ჩაუარა, ავარიული იყო და შეიძლება სახურავიდან ბეტონი გადმოვარდნილიყო?
ამ საკითხების სამართლებრივი შეფასებისთვის ვესაუბრეთ იურისტ ირაკლი აბესაძეს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურში. მან განმარტა, რომ კორპუსის მოსახლეობის 100%-ის თანხმობა საჭიროა მაშინ, როცა არ არსებობს ჯანმრთელობის დაზიანების ან/და სიცოცხლის მოსპობის მყისიერი საფრთხე. ამ შემთხვევაში მერიას შეუძლია კორპუსის ამხანაგობასთან მოლაპარაკება სადავო საკითხებზე დროში გაწელოს, ან მოლაპარაკება იმ ინვესტორს მიანდოს, რომელმაც უნდა განახორციელოს რეკონსტრუქცია თუ დემონტაჟი. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ავარიულობის დონე ქმნის ჯანმრთელობის დაზიანების ან/და სიცოცხლის მოსპობის მყისიერ საფრთხეს, მერია ვალდებულია ეს რისკი დროულად აღმოფხვრას. აბესაძის განმარტებით, ასეთი საფრთხის არსებობის შემთხვევაში მერიას არათუ მცხოვრებელთა 100%-ის, არამედ არცერთი მათგანის თანხმობა არ სჭირდება.
უფრო მეტიც, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 137-ე მუხლი ადგენს, რომ თუ მოქალაქე, ნებისმიერი საფუძვლით, ხელს შეუშლის ადმინისტრაციულ ორგანოს – ამ შემთხვევაში მერიას – ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაში ან დემონტაჟში, ის დაჯარიმდება 5000 ლარით.
არის თუ არა აღნიშნული კორპუსი იმდენად ავარიული, რომ მან ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს მყისიერი რისკი შეუქმნას? როგორც მერიის მაღალჩინოსნები განმარტავენ – არა. მათი ინფორმაციით, შენობის ავარიულობის ხარისხი 3 ქულით ფასდება, რაც მსგავს რისკს არ გულისხმობს.
“მე-3 კატეგორიის ავარიულობის ხარისხი მოსახლეობის იძულებით გაყვანას არ გულისხმობს. მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი არ გულისხმობს, რომ ეს ტერიტორია უნდა შემოფარგლულიყო”, – განაცხადა ინჟინერმა ნიკოლოზ კახეთელიძემ, რომელიც არის თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან”, ასევე საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრი.
“მე-3 ხარისხი იმ დონის ავარიულობა არ არის, რომ აიკრძალოს შენობაში ცხოვრება, ან რაიმე ისეთი უსაფრთხოების ნორმები იქნეს მიღებული, რომელიც ცხოვრებას აკრძალავს ან უსაფრთხოების ჯებირები იქნება განსათავსებელი”, – განაცხადა დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გივი ჩხარტიშვილმა, რომელიც საკრებულოში “ქართლი ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის ფუნქციასაც ითავსებს.
თუმცა ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები არის რეალური პრობლემიდან აქცენტის გადატანის მცდელობა. მისი თქმით, ამ პროპაგანდის მიზანია მერიისთვის პასუხისმგებლობის აცილება და მომხდარში რიგითი მოქალაქეების – კორპუსის მცხოვრებლების დადანაშაულება. აბესაძე განმარტავს, რომ საქმე ეხება არა მთლიან კორპუსს, არამედ სახურავის პარაპეტს, რომელიც არ არის შემხებლობაში მთლიანი შენობის კონსტრუქციასთან.

“მთელი პროპაგანდა ახლა მიმართულია იქითკენ, როგორია შენობის მთლიანი მდოგმარეობა. მთლიანი შენობის კონსტრუქცია არის მე-3 ხარისხის ავარიულიბის, მე-5, პირველი თუ საერთოდ არ არის ავარიული, აბსოლუტურად არალერევანტური მსჯელობაა ამ შემთხვევაში. ჩვენ ახლა უნდა ვმსჯელობდეთ იმაზე, რა ავარიულ მდგომაროებაში იყო შენობის მხოლოდ და მხოლოდ ის დეკორაციული ელემენტი, ბეტონის ფილა, რომელიც პარაპეტის ფუნქციას ასრულებდა და არანაირი შემხებლობა მთლიანი კონსტრუქციის მდგრადობასთან არ აქვს. რამდენად იყო მისი გადმოვარდნის რისკი რეალური. შეაფასა თუ არა ეს მერიამ თავისით, როგორც ეს მას ევალდება კანონით, ან შეაფსა თუ არა მას შემდგ, რაც კონკრეტულმა ადამინმა 10-ჯერ მაინც დარეკა და კონკრეტულად ამ ელემენტზე უთხრა, რომ ის შეიძლება გადმოვარდნილიყო.
შენობა არ დანგრეულა. შენობის ნგრევას არ მუკლავს ადამიანები. ადამიანები მოკლა ერთი ელემენტის გადმოვარდნამ. აი, ეს ერთი ელემენტი იყო თუ არა ავრიულ მდგომარეობაში? ცალსახად იყო. იცოდა თუ არა მერიამ ამის შესახებ? იცოდა. შეეძლო თუ არა მერიას მოქმედება? არათუ შეეძლო, ვალდებული იყო ემოქმედა. არანაირი ამხანაგობის თანხმობა მას არ სჭირდებოდა, რომ ეს ავარული ელემენტი მოეხსნა შენობიდან, რადგან ჩვენ არ ვსაუბრობთ ამ შენობის მთლიანად დაშლაზე და ამ ადამიანების სხვაგან გადაყვანაზე”, – ამბობს აბესაძე და განმარტავს, რომ ამ სამუშაოების ჩატარება მერიას შეეძლო შენობიდან მოსახლეობის გამოსახლების გარეშეც.
ის, რომ ჩამონგრეული ნაწილი მხოლოდ დეკორაციის ფუნქციას ასრულებდა, დაადასტურა ნიკოლოზ კახეთელიძემაც. თუმცა იქვე დაამატა, რომ “დემონტაჟი მოხდება”. კორპუსის მოსახლეობა უკვე გადაიყვანეს სასტუმროებში.
ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: თუ ჩამონგრეული ბეტონის ნაწილი მხოლოდ დეკორაციულ ფუნქციას ასრულებდა და მას შემხებლობა არ ჰქონდა შენობის ძირითად სტრუქტურასთან, რატომ გადაწყვიტეს მერიაში დემონტაჟი მაინცდამაინც ამ შემთხვევის შემდეგ?
ნგრევის კადრებში ჩანს, რომ ბეტონის ფილა ისე ვარდება ტროტუარსა და ქუჩის ნაწილზე, რომ არ ეხება ძირითად შენობას. თუ აქამდე, როგორც ამას კახეთელიძე, ჩხარტიშვილი და საკრებულოსა თუ მერის სხვა წარმომადგენლები აცხადებდნენ, მთლიანი შენობის ავარიულობის ხარისხი იყო დაბალი – ფასდებოდა 3 ქულით – რაც, მათივე განმარტებით, არც მყისიერი გამოსახლების და არც მიმდებარე პერიმეტრის შემოსაზღვრის ვალდებულებას არ წარმოშობდა, რისკის შემცველი ნაწილის შენობიდან ჩამოვარდნამ ისე გაზარდა მისი ავარიულობის ხარისხი, რომ სასწრაფო დემონტაჟი გახდა საჭირო?
ნიკოლოზ კახეთელიძემ განაცხადა, რომ მომხდარის შემდეგაც კი რამდენიმე ოჯახი უარს ამბობდა შენობიდან გასვლაზე. თუ აქამდე არ იყო შესაძლებელი გასახლება, რადგან, როგორც თავად განაცხადეს, ამის საშუალებას კანონი არ აძლევდათ, ახლა როგორ აპირებენ მათ იძულებას?
ამ და სხვა კითხვებით “ნეტგაზეთმა” თბილისის მერიის პრესსამსახურს მიმართა. კითხვების ნაწილი წერილობითაც გავიგზავნეთ და პირობა მივიღეთ, რომ დღის ბოლომდე ეცდებოდნენ პასუხების მოძიებას. თუმცა სამუშაო დღის ბოლოს არათუ დასმულ კითხვებს, “ნეტგაზეთის” ზარებსაც აღარ უპასუხეს.
რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.
“თუ არანაირი სამშენებლო საქმიანობა არ მიმდინარეობდა, მაშინ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევით რატომ უნდა დაიწყო გამოძიება?”, – კითხვას სვამს ირაკლი აბესაძე და ამატებს, რომ მისი შეფასებით, საქმე გვაქვს მინიმუმ სამსახურებრივ გულგრილობასთან, თუ უფრო მძიმე დანაშაულთან არა.
“ეს მძიმე ტრაგედია გამოიწვია ზუსტად იმან, რომ სამშენებლო საქმიანობა არ მიმდინარეობდა. თორემ, სამშენებლო საქმიანობა რომ წარმართულიყო – ეს ბეტონის ფილა მოხნსილიყო და გადახურვა შესრულებულიყო – ეს ტრაგედია არ მოხდებოდა. პოლიციას ზუსტად იმაზე უნდა დაეწყო გამოძება, რატომ არ მიმდინარეობს სამშენებლო საქმიანობა, რამაც გამოიწვია ეს ტრაგედია”, – ამბობს აბესაძე.
სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით გამოძიების დაწყებას ითხოვს სოციალური სამართლიანობის ცენტრიც. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მერიას ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შესძლებოდა რიგითი მოქალაქეებისთვის პოტენციური საფრთხის შეფასება – კორპუსის ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობაზე მცხოვრებელთა თანხმობის მიღების თუ ვერ მიღების მიუხედავად.
“[…] განსახლების საკითხის გარეშეც, სახელმწიფოს ეკისრებოდა ვალდებულება დაეცვა მოქალაქეები აშკარად განჭვრეტადი საფრთხეებისგან. თბილისის მერია და მისი ზედამხედველობის სამსახურები ვალდებულები იყვნენ, ყველა შემთხვევაში შეეფასებინათ შენობიდან მომდინარე გარე საფრთხეები, დაეცვათ იქ მყოფი ადამიანების, მათ შორის, გარევაჭრობაში, უმძიმეს პირობებში, ჩართული მშრომელების, სიცოცხლე და ჯანმრთელობა და შეექმნათ მათთვის უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო გარემო”, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უფლებადამცველი ორგანიზაციისა შეფასებით, მომხდარი არა ცალკე აღებული ტრაგედია, არამედ სისტემური ხარვეზებისა და სახელმწიფო უწყებების უმოქმედობის გამოვლინებაა.
ამავე თემაზე:
