საზოგადოება

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი კრიტიკულად ეხმაურება ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებებს

1 ივლისი, 2025 •
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი კრიტიკულად ეხმაურება ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებებს

„შეშფოთებით ვადევნებ თვალს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ესკალაციაა“, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტიმ განაცხადა.

კომისრის განცხადება ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა.

განცხადების თანახმად, კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას დაჟინებით მოუწოდა, პატივი სცეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს, უზრუნველყოს გამოხატვისა თავისუფლება და შეწყვიტოს ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შევიწროების ან დაშინების ყველა ფორმა.

„საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სერიოზულ შეკითხვებს აჩენს. ამ მოთხოვნების მასშტაბი და სიჩქარე ძალიან შემაშფოთებელია. [სამოქალაქო] ორგანიზაციებისგან მოითხოვენ დიდი მოცულობის შიდა დოკუმენტაციის გადაცემას, მათ შორის პერსონალური მონაცემების (სახელები, მისამართები, პირადი ნომრები), რაც ზეწოლაა არა მხოლოდ ამ ორგანიზაციებზე, არამედ მათ ბენეფიციარებსა და პარტნიორებზე. ეს აჩენს კითხვას, შეესაბამება თუ არა პროცესები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს, რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას იცავს, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვას. ამ უფლებაში ჩარევა უნდა იყოს მკაფიოდ დასაბუთებული, აუცილებელი, პროპორციული და არადისკრიმინაციული”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა კომისარმა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” კანონები, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან ერთად, მე-11 და მე-13 მუხლებსაც არღვევს.

„იმ ფართო კონტექსტში, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებზე თავდასხმები გრძელდება, როგორც  ეს ჩემ მიერ საქართველოში ვიზიტის შემდგომ დაწერილ მემორანდუმშია აღწერილი, ამ კანონების გამოყენება აძლიერებს სტიგმატიზაციას და არის მცდელობა, დაადუმონ სამოქალაქო საზოგადოება.  როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლშია მითითებული, ასოციაციის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ეს აუცილებელია პროპორციული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის. ის ფაქტი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვერ მიიღეს დაცვა ქართული სასამართლოებისაგან ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებების გამო, ასევე შეშფოთების მიზეზია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლით გარანტირებული უფლებების კუთხით“ ,- აღნიშნა მან და დასძინა, რომ სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის ქვაკუთხედია.

ევროპის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია კონტექსტიც, რის გამოც კომისარმა აღნიშნული განცხადება გააკეთა.

ორი კვირის წინ, სულ მცირე, რვა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც ადამიანის უფლებების სფეროში, მათ შორის ევროპის საბჭოს დიდი ხნის პარტნიორები არიან, თბილისის საქალაქო სასამართლომ განჩინებები გადასცა. ეს განჩინებები მათ ავალდებულებს, ანტიკორუფციულ ბიუროს გადასცენ ძალიან ვრცელი ინფორმაცია, მათ შორის სენსიტიური მონაცემები, უცხო ქვეყნის აგენტთა რეგისტრაციის შესახებ აქტის (ე.წ. FARA-ს ასლი), გრანტების შესახებ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაძლო დარღვევების გამოსაძიებლად.

კერძოდ, სასამართლოს განჩინებები არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, წარადგინონ გრანტის ხელშეკრულებები, ფინანსური საქმიანობის დოკუმენტაცია და ბენეფიციართა პერსონალური მონაცემები, რომლებიც მოიცავს 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისამდე პერიოდს. არსებული ცნობების თანახმად, მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარადგინონ სამ სამუშაო დღეში, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის საფრთხე. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი სააპელაციო სარჩელის მიუხედავად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განჩინებები ძალაში დატოვა სხდომის ჩატარების გარეშე”, – წერს ევროპის საბჭო.

ამ თემაზე:

სააპელაციომ არ დააკმაყოფილა NGO-ების საჩივარი „ოცნების ფარას“ აღსრულებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი