საქართველომ მხარი არ დაუჭირა ევროპის საბჭოს ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას.
24 ივნისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც 46 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან შედგება, გენერალურ მდივანს უფლებამოსილება მისცა, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ. საქართველომ, რომელმაც აპრილში მხარი დაუჭირა უკრაინასა და ევროპის საბჭოს შორის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ ორმხრივი შეთანხმების მომზადებას, შეთანხმების ხელმოწერას შემდეგ ხმა არ მისცა.
„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, მინისტრთა კომიტეტის 24 ივნისის სხდომაზე ტრიბუნალის შექმნის წინააღმდეგ მისცეს ხმა უნგრეთმა, თურქეთმა და სერბეთმა. საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
მინისტრთა კომიტეტზე კენჭისყრის შედეგები დახურულია, თუმცა 26 მაისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) გამართულ დებატებზე საქართველოს პოზიცია ტრიბუნალის შექმნის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ გაამჟღავნა.
„აგრესიის შესახებ ტრიბუნალის შექმნა ჭეშმარიტად ისტორიული მომენტია. წევრი ქვეყნებიდან ექვსი ქვეყანაა, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ამ შეთანხმებას. ამ ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთი საქართველოა. საქართველო თავად არის რუსული აგრესიის მსხვერპლი. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% — თითქმის იმდენივე, რამდენიც უკრაინაში. საქართველო მოსკოვის რეჟიმის მსხვერპლი კიდევ უფრო ადრე გახდა, ვიდრე ჩვენ. ამის შემდეგ საქართველო აღარ უჭერს მხარს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს. წარმოგიდგენიათ ეს?
ამიტომ კითხვაა: ვის სასარგებლოდ მუშაობს სინამდვილეში საქართველოს მთავრობა? ვინ არიან მათი ბატონ-პატრონები?“ — იკითხა გონჩარენკომ.
ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ PACE-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ დაწერა:
„PACE-ის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა შემზარავ ფაქტს, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტზე, რომელმაც კენჭი უყარა რუსეთის უკრაინის მიმართ განხორციელებული აგრესიის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რის გამოც გუშინ აქ იმყოფებოდა პრეზიდენტი ზელენსკი, „ოცნების“ წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა — განსხვავებით ყველა ევროკავშირის წევრი ქვეყნისგან, უნგრეთის გარდა. მორიგი დასტური ივანიშვილის რეჟიმის პუტინთან მოკავშირეობის“.
„ნეტგაზეთი“ კომენტარისთვის დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს. უწყებისგან მიღებულ წერილობით პასუხში ნათქვამია, რომ საქართველომ არაერთხელ დაუჭირა მხარი უკრაინაში აგრესიისთვის რუსეთის მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, მათ შორის, ევროპის საბჭოში მინისტრების დონეზე, თუმცა არაფერია ნათქვამი 24 ივნისის საბოლოო გადაწყვეტილებაზე, რომელშიც ევროპის საბჭოში სახელმწიფოთა წარმომადეგნლების დონეზე იქნა მიღებული.
„საქართველომ, არაერთხელ დაუჭირა მხარი უკრაინაში აგრესიისთვის რუსეთის მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების გადაწყვეტილებას, კერძოდ, 2023 წელს რეიკიაკივის სამიტის დეკლარაციას, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება ტრიბუნალის დაარსების პროცესზე, ასევე ევროპის საბჭოს სხვა მაღალი დონის არაერთ დოკუმენტს ამ საკითხზე (2024, 2025 წლის მინისტერიალის დოკუმენტები). შესაბამისად, გაუგებარია მსგავსი ბრალდებები“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხში.
კითხვაზე, თუ რატომ არ მოაწერა ხელი საქართველომ ტრიბუნალის შექმნას, ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ:
„ოკუპირებული ქვეყანა ხარ და დამიზნებული გაქვს სარაკეტო კომპლექსები. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. მეორე ფაქტორია, ჯერ არავინ იცის, როგორ განვითარდება ვითარება, მათ შორის უკრაინასთან მიმართებაში, და მესამე — რაც ყველამ დაივიწყა, საქართველომ არაერთ ევროპულ ქვეყანასთან ერთად ჰააგის ტრიბუნალს მიმართა ამ გამოძიების ჩატარების ტემპის დაჩქარების თაობაზე. ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რომელიც ყოველდღიური საფრთხის ქვეშ არის და იარაღის ქვეშ აგრძელებს ცხოვრებას და განვითარებას. მავნებლები თავიანთი მედიასაშუალებებით უტევენ ქვეყანას და ვიღაც სულელი გონჩარენკოს სიტყვებზე არიან აყოლილი. გოჩარენკოები ხართ თქვენ ყველანი.
რა ტრიბუნალზე მოაწერა ხელი? რისი გამკეთებელია ან გონჩარენკო, ან ნებისმიერი სხვა? სისხლში იხრჩობა უკრაინა. იცის საქართველომ თავისი საქმე, თავისი პოლიტიკა. არავითარი პრორუსული პოლიტიკა არ არსებობს. 600-ზე მეტ პრინციპულ რეზოლუციას და განცხადებას მოაწერა ხელი, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს. უმადური ხალხია, გონჩარენკოს ჩათვლით“.
25 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ, რაც ტრიბუნალის წესდებასაც მოიცავს.
უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის კამპანია უკრაინელმა სამართლის ექსპერტებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე წარმოაყენეს. იდეას საფუძველი დაუდო ცნობილი საერთაშორისო იურისტისა და პროფესორის, ფილიპ სანდსის სტატიამ, სახელწოდებით „პუტინის მიერ სამხედრო ძალის გამოყენება აგრესიის დანაშაულია“.
შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ დაინტერესებული მხარეები — მათ შორის ევროპის საბჭოს წევრი და არაწევრი სახელმწიფოები მთელი მსოფლიოდან, ასევე ევროკავშირი — განიხილავენ გაფართოებული მხარეთა შეთანხმების (Enlarged Partial Agreement – EPA) ფორმატში სპეციალური ტრიბუნალის მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობას. როგორც კი სახელმწიფოები გამოთქვამენ მონაწილეობის სურვილს, მინისტრთა კომიტეტს შეეძლება, EPA-ის შექმნის სამუშაოები განაახლოს.
სპეციალური ტრიბუნალი შეიქმნება ევროპის საბჭოს ფარგლებში და დაფინანსდება მხარდამჭერი სახელმწიფოების ჯგუფის მიერ, ევროპის საბჭოს წევრობის ფარგლებს გარეთ, უკრაინასთან თანამშრომლობით. ევროპის საბჭოს მეშვეობით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მიზანია უზრუნველყოს მისი საერთაშორისო ლეგიტიმაცია, თუმცა სპეციალური ტრიბუნალის იურისდიქცია ეფუძნება უკრაინის ტერიტორიულ იურისდიქციას. ტრიბუნალის ადგილმდებარეობა მომდევნო თვეებში დაზუსტდება.
სპეციალური ტრიბუნალის მანდატი იქნება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის მაღალი რანგის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების სისხლისსამართლებრივი დევნა. ეს დანაშაული გულისხმობს გაეროს წესდების დარღვევით სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული ძალის გამოყენების გადაწყვეტილებას.
ტრიბუნალი ყურადღებას გაამახვილებს უფროს პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის დაგეგმვაზე, მომზადებაზე, დაწყებაზე ან შესრულებაზე.
ევროპის საბჭო ხაზს უსვამს, რომ სამართლებრივი, პოლიტიკური და პრაქტიკული დაბრკოლებები არსებობს სახელმწიფოს მოქმედი მეთაურების, მთავრობების მეთაურებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების პასუხისგებაში მისაცემად და „ტროიკის წევრების“ სპეციალური ტრიბუნალის წინაშე სასამართლოში წარდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ ისინი აღარ იქნებოდნენ ხელისუფლებაში ან მათი იმუნიტეტი მოხსნილი იქნებოდა.
„თუმცა შესაძლებელია გამოძიების ჩატარება და მტკიცებულებების შეგროვება, ბრალდებების მომზადება და იურიდიული ორგანო მზად იქნება შესაბამისი პირების სისხლისსამართლებრივი დევნისა და გასამართლებისთვის, როდესაც გარემოებები ამის საშუალებას მისცემს“, — აცხადებს ევროსაბჭო.
გარდა ამისა, სპეციალური ტრიბუნალის პროკურორს შეეძლება გამოაქვეყნოს ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც აღწერილი იქნება ბრალდებები და არსებითი ფაქტები თითოეულ საქმეში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) აქვს იურისდიქცია ომის დანაშაულებზე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და გენოციდზე, თუმცა აგრესიის დანაშაულის გამოძიება მის უფლებამოსილებაში არ შედის. ევროპის საბჭო აღნიშნავს, რომ სპეციალური ტრიბუნალი ამ ხარვეზს შეავსებს.
უკრაინაში რუსეთის ომის კონტექსტში ადამიანის უფლებების დარღვევებს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს.
ამ თემაზე:
რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ხელი მოეწერა