საფრანგეთის ქალაქი ნანტი დროებით წყვეტს საქართველოს დედაქალაქ თბილისთან დაძმობილების ურთიერთობას. თბილისი და ნანტი 1979 წელს, ანუ 46 წლის წინ დაძმობილდნენ.
თუმცა, ფრანგული მედიის თანახმად, ნანტმა გადაწყვიტა ეს ურთიერთობა გაყინოს.
ადგილობრივი გამოცემის, Actu nantes-ის თანახმად, ქალაქის მერიამ გაავრცელა პრესრელიზი, სადაც აღნიშნა, რომ შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებითა და ოპონენტების მიმართ განხორციელებული რეპრესიებით, რომელიც 2024 წლის დეკემბერში დაიწყო.
ნანტის მერია ასევე აცხადებს, რომ თბილისის მერიამ სამსახურიდან გაათავისუფლა რამდენიმე საჯარო მოხელე, რომლებთანაც ისინი წლების განმავლობაში მუშაობდნენ, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი საერთოდ გააუქმა.
ფრანგული ქალაქი აცხადებს, რომ თბილისთან დაძმობილების ურთიერთობების შეჩერება ძალაში დარჩება იქამდე, სანამ თანამშრომლობისთვის სათანადო პირობები არ შეიქმნება.
Actu nantes-ის თანახმად, სამი ქალაქის, ნანტის, ზაარბიუკენისა და თბილისის დამეგობრებამ შესაძლებელი გახდა ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიცაა:
- ფრანგული ენის სწავლება თბილისში
- ქართველის სტუდენტების სტუმრობა
- ქართული საცეკვაო კლუბების კონცერტების ჩატარება








