გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოსა და 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნებაზე.
რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს და წელს რეკორდული რაოდენობის — 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
წინააღმდეგ მისცა ხმა 9 ქვეყანამ: ბელარუსმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, ეკვატორულმა გვინეამ, მალიმ, ნიკარაგუამ, რუსეთმა, სუდანმა და ზიმბაბვემ.
49 ქვეყანამ პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. მათ შორისაა საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი. 2008 წლიდან დღემდე, ჩინეთს, რომელიც თავის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია რუსეთისთვის, მხარი არასდროს დაუჭერია გაეროში საქართველოს მიერ შეტანილი რეზოლუციისთვის. 2022 წლის 8 ივნისს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე თვის თავზე, ჩინეთმა პირველად და ერთადერთხელ მისცა ხმა რეზოლუციის კენჭისყრაზე და ისიც საქართველოს საწინააღმდეგოდ. ჩინეთს საქართველოს რეზოლუციისადმი პოზიცია არც თბილისთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ შეუცვლია.
თავშეკავებულთა შორისაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომლის სასარგებლოდაც საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დათმო.
მოწინააღმდეგეთაგან თავშეკავებულთა რიცხვში გადავიდა სირია, სადაც რუსეთის მოკავშირე ბაშარ ალ ასადის ხელისუფლება შეიცვალა. ასადის რეჟიმის დროს, სირიამ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
რეზოლუციის თანაავტორთა/თანასპონსორთა შორის არიან: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, აშშ, ახალი ზელანდია, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, გვატემალა, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ესპანეთი, ვანუატუ, თურქეთი, იაპონია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, კაბო-ვერდე, კანადა, კირიბატი, კონგოს რესპუბლიკა, კოსტა-რიკა, ლატვია, ლიბერია, ლიეტუვა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მალავი, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიკრონეზია, მონაკო, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სამოა, სან მარინო, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, ტუვალუ, უნგრეთი, უკრაინა, ფინეთი, ფიჯი, ხორვატია, შვედეთი, ჩეხეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჯიბუტი.
რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.
რეზოლუცია გაერო-ს გენერალურ მდივანს ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
3 ივნისს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 79-ე სესიის ფარგლებში, რეზოლუციის განხილვისას მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ლიეტუვამ (ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით), კანადამ (ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სახელით) და იაპონიამ.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველომ ამჯერადაც შეძლო და არა მარტო შეინარჩუნა, არამედ გაზარდა რეზოლუციის მხარდაჭერის ყოველწლიური დინამიკა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს“, — ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს. ინფორმაციისთვის, 2008 წელს რეზოლუცია მხოლოდ აფხაზეთს ეხებოდა, 2009 წლიდან კი მისი სახელწოდებაა „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.
