“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.
პროცესის მიმდინარეობისას მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა, რის შემდეგაც დარბაზიდან გააძევეს.
“შუშის თვალებით მიყურებთ, თანამონაწილე ხართ, ჯაჭვის ერთი რგოლი. არავინ იცის, ნაკლებად მნიშვნელოვანია თუ მეტად, მაგრამ კითხვაც არ გიჩნდებათ, ვინ გამიტაცა და რატომ? დროებით ხართ დანიშნული მოსამართლედ, გამოსაცდელი ვადით, მომდევნო სამი წელი დაგაკვირდებიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას”, – ასე მიმართა მან მოსამართლეს იქამდე, სანამ წყალს შეასხამდა.
საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. მომდევნო სხდომა 12 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება.
ნიკა მელია ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. პროკურატურა მას ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი, “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი ლიდერების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას ედავება.
მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რომლის გადახდის ვადა, მისი ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, დღეს, 00:00 საათზე იწურება. მელიას გაცხადებული პოზიციაა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.
29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნული იყო სხდომა, რომელიც პროკურორების გამოუცხადებლობის საფუძვლით გადაიდო. გიორგი კონდახიშვილი ფიქრობს, რომ პროკურორებმა სპეციალურად გადადეს სხდომა, რადგან ბრალდებულისთვის შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა იწურება დღეს, ღამის 12:00 საათამდე. შესაბამისად, სხდომის მიმდინარეობისას პროკურორებს არ ექნებოდათ შესაძლებლობა ეთქვათ, რომ მელიამ გირაო არ გადაიხადა და ამიტომ, მისი პატიმრობაა საჭირო.
29 მაისსვე, დაახლოებით საღამოს 21:00 საათზე ნიკა მელია დააკავეს. როგორ მისი თანაპარტიელები ჰყვებიან, ის თავდაპირველად საპატრულო პოლიციის მანქანამ გააჩერა, მოულოდნელად კი 100-მდე ჩასაფრებული პოლიციელი გამოჩნდა, რომლებმაც ძალის გამოყენებით წაიყვანეს. ადვოკატები მელიასთან დაკავებიდან 3 საათზე მეტი შემდეგ შეუშვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს. უწყებას მას ედავება 173-ე მუხლის დარღვევას, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.
