ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადასტურებს, რომ მისი დელეგაციის ერთ-ერთი წევრი ქვეყანაში არ შემოუშვეს.
საუბარია გაფართოების საკითხების ოფიცერ საიმონ ვანდენბრუკზე, რომელიც 21 მაისს თბილისის აეროპორტში ჩამოსვლის შემდეგ საქართველოში არ შემოუშვეს.
„ევროკავშირის წარმომადგენლობის სათანადოდ აკრედიტებული წევრისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და სხვა მოქმედ ნორმებს, რომელთაც, საქართველო ვალდებულია, პატივი სცეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვერბალური ნოტა გადაეცა. საქართველოს ხელისუფლებამ შემთხვევის გამო ზეპირი ბოდიში მოიხადა და დაადასტურა, რომ აღნიშნულ თანამშრომელს საქართველოში დაბრუნება შეუძლია“, — განუცხადეს „ნეტგაზეთს“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
გუშინ ცნობილი გახდა, საქართველოში არ შემოუშვეს ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელი, დიპლომატი საიმონ ვანდენბრუკი. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ დაწერა.
დიპლომატის საზღვრიდან გაბრუნების ფაქტი დაადასტურა „ქართული ოცნების“ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემაც, თუმცა თქვა, რომ ეს იყო „ტექნიკური ხარვეზი და შეფერხება“.
„იგივე საკითხთან დაკავშირებით ჰქონდათ შესაბამის უწყებებს საუბარი კონკრეტულ დიპლომატთან. ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია, რომ ეს არ იყო მიზანმიმართული ქმედება, იყო გარკვეული სახის შეცდომა, შესაბამისად, განემარტა, რომ ამ ადამიანს აქვს ჩვეულებრივად საქართველოში შემოსვლის და დიპლომატიური პრივილეგიებით სარგებლობის უფლება, რაც ვენის კონვენციით და შესაბამისი, სამართლებრივი აქტებით არის განსაზღვრული. ასე რომ, ინციდენტი ამოწურულია და მე მგონი, ამაზე დამატებით საუბარი არ ღირს“, — განაცხადა დარახველიძემ.
ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელი საქართველოში არ შემოუშვეს