საზოგადოება

პოლიციელი დგებუაძე: განვიცადე ტკივილი

8 მაისი, 2025 •
პოლიციელი დგებუაძე: განვიცადე ტკივილი

პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ სასამართლოშიც გაიმეორა, რომ მზია ამაღლობელის სილამ მას ტკივილი განაცდევინა. მეტიც, დგებუაძემ სასამართლოზე სინანული გამოხატა იმის გამო, რომ მის მიერ განცდილი ტკივილი საზოგადოებაში დაცინვის საგანი გახდა.

“ერთხელ დამარტყა მარჯვენა სახის არეში საკმაოდ ძლიერად. ჩემ მიერ განცდილი ტკივილი ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში. თუ ვინმე სინონიმს მეტყვის, რას განიცდის ადამიანი სახეში დარტყმის დროს… მე განვიცადე ტკივილი. თავდასხმის შემდეგ 20 წუთი შენობაში არ შევსულვარ, რამდენიმე თანამშრომელმა მითხრა, რომ ლოყა წითელი გაქვს, ყური წითელი გაქვს. ჩემს სამუშაო კაბინეტში შევედი და სარკეში რომ ჩავიხედე, მქონდა სიწითლე”, – განაცხადა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე.


თავად ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაფერი არ დაუდგენია. ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელი და პროევროპული აქციის მონაწილე სხვა პირები არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში ადანაშაულებენ.

ირაკლი დგებუაძე სასამართლოში 28 აპრილის სხდომაზე უნდა დაეკითხათ. ირაკლი დგებუაძე სასამართლოში პოლიციელების თანხლებით მივიდა, თუმცა მისი დაკითხვა ვერ მოესწრო – სასამართლო თითქმის 5 საათი აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსის – გრიგოლ ბესელიას ჩვენებას ისმენდა.

სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა. მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ როცა ჩვენების მიცემის დროს – 28 აპრილს მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.

„მას [გრიგოლ ბესელიას] ჰგონია და, რაც მთავარია, ასე ეგონა, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული ოქმი 150-ე მუხლითაც [სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯება] არისო…“, – განაცხადა 28 აპრილის სასამართლო სხდომის შემდეგ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა.

გრიგოლ ბესელია ამჯერად უკვე კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილეა.

გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

ამჯერად მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრის გამო შსს ახალი მუხლით ედავებ. ამ საქმეზე მზია ამაღლობელი სასამართლოში დღეს, 7 მაისს დაიბარეს, თუმცა იმის გამო, რომ საქმის მასალები მზია ამაღლობელს დაგვიანებით ჩაბარდა, პროცესი გადაიდო.

ამ  ადმინისტრაციულ საქმეს მოსამართლე მარიანა ფომაევა 9 ივნისს განიხილავს.

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან ბრალდება უკანონოა და სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

მზია ამაღლობელის საქმეს სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.

მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.

მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი ამ საქმიდან  მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა.

„მზია ამაღლობელი არ ამხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში. მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.

2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ საქმეზე მოსამართლემ უარი თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიას [გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი 2025 წლის 4 აპრილს დატოვა] და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე იმ არგუმენტით, რომ სადავო არაა ის, რაც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეო ჩანაწერებში ჩანს.

საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა. მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ამ სიყალბის მიუხედავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო.  ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით უკვე გასაჩივრდა.

მზია ამაღლობელის ადვოკატებმა უკვე მიმართეს ევროსასამართლოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი