საზოგადოება

სადგურის მოედნის ბაზრობა დაიწვა [ფოტო]

30 აპრილი, 2025 •
სადგურის მოედნის ბაზრობა დაიწვა [ფოტო]

დილიდან ხანძარია სადგურის მოედანზე მდებარე ბაზრობაზე. დამწვარია მაღაზიები და საწყობები, სადაც მოვაჭრეები სარეალიზაციო პროდუქციას ინახავდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი 15 ათას კვადრატულ კილომეტრს ეკიდა და არსებობდა მისი კიდევ უფრო გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრეებმა ლოკალიზება შეძლეს.


ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. დაშავებული არავინაა.

ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია, თუმცა დარჩენილია მცირე კერები, რომლებსაც მეხანძრეები აქრობენ.

ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულმა კლინიკა ჰელსიკორმა პაციენტების ევაკუაცია განახორციელა.

“ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო კლინიკაში ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, პაციენტები გადანაწილებულნი არიან თბილისის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებში და არიან უსაფრთხოდ. ამ ეტაპზე მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გეგმური პროცედურები, რაც დღეს იყო დაგეგმილი, არ ჩატარდება”, – ნათქვამია კლინიკა ჰელსიკორის განცხადებაში.


თოდუას კლინიკის ცნობით კი, მათთან ევაკუაცია არ განხორციელებულა.

“ამ დროისთვის კლინიკაში მოთავსებული არცერთი პაციენტისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამედიცინო გუნდი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ზრუნვას სტაციონარში მყოფი თითოეული პაციენტის საჭიროებებზე. “თოდუას კლინიკიდან” არც ერთი პაციენტის ევაკუირების საჭიროება არ დამდგარა. ე.წ. ” ვაგზლის ბაზრობის” ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო დღეს მხოლოდ ამბულატორიული პაციენტების მიღებაა შეჩერებული, რაც ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაკვამლიანებით არის გამოწვეული. „თოდუას კლინიკა“ აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემებით, რაც უზრუნველყოფს შიდა სივრცეებში დაკვამლიანების თავიდან აცილებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა შესაბამისი სამუშაო, რომელიც განსაზღვრულია უსაფრთხოების პროტოკოლით. ვაგრძელებთ ზრუნვას კლინიკაში მოთავსებული სტაციონარული პაციენტების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. საჭიროების შემთხვევაში შეუფერხებლად მოგემსახურებათ “თოდუას კლინიკის” დიღმის და ვერის ფილიალები”, – აცხადებენ თოდუას კლინიკაში.

ამ დროისთვის ბაზრობასთან მოვაჭრეები არიან შეკრებილი. ისინი ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი