საზოგადოება

ამერიკული მედია წერს, რას მიიღებს რუსეთი ტრამპის გეგმით უკრაინაში

23 აპრილი, 2025 •
ამერიკული მედია წერს, რას მიიღებს რუსეთი ტრამპის გეგმით უკრაინაში

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას შესთავაზა მშვიდობის ფინალური გეგმა, რომელიც ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Axios ავრცელებს.

Axios-ის თანახმად, შეთანხმების პროექტი სულ ერთგვერდიანია და უკრაინის მხარეს გასულ კვირას გააცნეს პარიზში გამართულ შეხვედრაზე. თეთრი სახლი აცხადებს, რომ მზადაა გვერდით გადგეს, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მოახერხებენ.

რას მიიღებს რუსეთი ტრამპის გეგმით:

  • აშშ-ის მიერ დე იურე ანუ ოფიციალურ აღიარებას, რომ ყირიმს რუსეთი აკონტროლებს
  • ლუგანსკის მთლიანად, ნაწილობრივ კი დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპაციის დე ფაქტო აღიარებას
  • დაპირებას, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდება, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანება პრობლემა არ არის
  • 2014 წლის შემდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას
  • გაზრდილ ეკონომიკურ თანამშრომლობას აშშ-თან, მათ შორის ენერგეტიკისა და ინდუსტრიის სექტორებში

რას მიიღებს უკრაინა:

  • მყარ უსაფრთხოების გარანტიებს ევროპელებისა და პოტენციურად სხვა ქვეყნების მონაწილეობითაც. თუმცა დოკუმენტში ბუნდოვანია, როგორ იფუნქციონირებს ეს სამშვიდობო მისია და მასში აშშ-ის მონაწილეობაზე არაფერია ნათქვამი.
  • ხარკოვის ოლქის მცირე ნაწილის უკან დაბრუნებას, რომელიც ამჟამად რუსეთს აქვს ოკუპირებული
  • კომპენსაციას და დახმარებას რეკონსტრუქციისთვის (დაფინანსების წყარო ნახსენები არაა)
  • მდინარე დნიპროს  გასწვრივ შეუფერხებელ ნავიგაციას, მათ შორის რუსებთან კონტაქტის ხაზის მიდამოებშიც.

რაც შეეხება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, მას გააკონტროლებს აშშ, ფორმალურად იქნება უკრაინის ტერიტორია და ელექტროენერგიას მიაწვდის უკრაინასაც და რუსეთსაც.

დოკუმენტი ასევე ახსენებს აშშ-სა და უკრაინას შორის დადებულ შეთანხმებას მინერალებზე, რომელსაც 24 აპრილს უნდა მოეწეროს ხელი.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკვე დაფიქსირებული აქვს პოზიცია, რომ არ აპირებს უკრაინის ტერიტორიები აღიაროს რუსეთად და ეს ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციასაც. დღეს უკრაინის წარმომადგენლები ლონდონში პარტნიორებთან ერთად განიხილავენ ომთან დაკავშირებულ მოვლენებს. უკრაინული მედიის თანახმად, კიევი დაინტერესებულია ტრამპის გეგმით, რომელიც 30 დღით ცეცხლის უპირობო შეწყვეტას ითვალისწინებს, რასაც რუსეთი არ თანხმდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი