საზოგადოება

რას ამბობდა ივანიშვილი ქველმოქმედებაზე 2005 წელს

22 აპრილი, 2025 •
რას ამბობდა ივანიშვილი ქველმოქმედებაზე 2005 წელს

ბიძინა ივანიშვილი 2005 წლის ინტერვიუში საუბრობს ქველმოქმედებაზე. ქართულად დაიბეჭდა “კვირის პალიტრაში”. ივანიშვილის მოსაზრებას გთავაზობთ უცვლელად.


ბიძინა ივანიშვილი 2005 წელს

ჩემი აზრით, ის ფენომენი, რომელიც მოიაზრება სიტყვაში “ქველმოქმედება”, დღეს პრაქტიკულად გაცილებით ფართო  გაგებით გამოიყენება და სცილდება იმ არეალს, რასაც ნაღდი ქველმოქმედება გულისხმობს.  მაგრამ ამჯერად არ მუსრს ამ საკითხს ჩავუღრმავდე.  ამიტომ იმ ტერმინებით ვისარგებლოთ, რომლებიც საყოველთაოდ მიღებულია.

მე ქველმოქმედებს პირობითად ორ ჯგუფად ვყოფ. პირველი – ეს არის ქველმოქმედი, რომელიც შეგნებულად ახმაურებს თავის ქმედებას და ამისთვის საინფორმაციო საშუალებებს იყენებს. მეორე კი – ქველმოქმედი, რომელიც გულწრფელად ცდილობს, მისი ქმედება არ გახმაურდეს.

პირველი, ჩემი აზრით, ჩვეულებრივი თვითრეკლამაა. ამგვარი ქველმოქმედების მიზანი ერთია, საზოგადოებისაგან მიიღოს მეტი, ვიდრე თავად გასცა. მაგალითად თუ თავის ქველმოქმედებას კომერსანტი [ბიზნესმენი. ნეტ] ახმაურებს,  იგი ან დამატებით შემოსავალს ეძებს, ან რაიმე სხვა გამორჩენას. თუ იმავეს პოლიტიკოსი სჩადის, მისი ქმედება ამომრჩეველთა ხმების მოპოვებისთვის არის გამიზნული.  კულტურის მოღვაწეც კი, რომელიც თავის ქველმოქმედებაზე საჯაროდ ლაპარაკობს, აუდიტორიის გაზრდაზე ფიქრობს.

მეორე შემთხვევაში, როცა ქველმოქმედი გამიზნულად ცდილობს თავისი საქველმოქმედო მოღვაწეობის შენიღბვას, შედარებით განსხვავებულ მოვლენასთან გვაქვს საქმე.

ასეთ დროს თავად ქველმოქმედი განიცდის დიდ სიამოვნებას. ცხოვრებამ მას საშუალება მისცა არა მხოლოდ შეიბრალოს და თანაუგრძნოს, არამედ რეალურად დაეხმაროს და ყოფა შეუმსუბუქოს ადამიანებს. ამ დროს კი იმ ადამიანებს  არა მხოლოდ ჭეშმარიტი მადლიერების განცდა ეუფლებათ, ანალოგიურად მოქცევის სურვილიც უჩნდებათ  და მზად არიან სხვა შეჭირვებულთა თანადგომისთვის. სხვანაირად რომ ვთქვათ, ადამიანები უფრო ჰუმანურები ხდებიან. ეს კი ის თვისებაა, თანამედროვე საზოგადოებას რომ ძალიან აკლია.

როცა ადამიანებს გაწეული დახმარების შესახებ ზედმეტად შეახსენებენ ხოლმე, ეს ზოგჯერ მხოლოდ თვითრეკლამის სურვილს სცილდება.  ნებსით თუ უნებლიეთ ჩვენ ამ ადამიანების თავმოყვარეობას ვლახავთ  და მათი ღირსების გრძნობას ვამცირებთ.  ასეთ დროს ისინი მიღებულ შემწეობას დამსახურებულ ქმედებად აღარ აღიქვამენ და მადლიერების ნაცვლად ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს უზარმაზარი ვალი დაედოთ კისერზე. ბევრისთვის ეს ფსიქოლოგიურად ძნელი ასატანი ხდება და აგრესიულობასა და კაცთმოძულეობაში გადაიზრდება.

დასკვნის სახით კი ვიტყვი, რომ ქველმოქმედი, გინდ გახმაურებული იყოს მისი საქმეები და გინდაც შენიღბული, ორივე შემთხვევაში მხოლოდ თავისი თავისთვის იღვწის (ისე, საზოგადოდ ადამიანი მხოლოდ თავისთვის ირჯება). პირველ შემთხვევაში ის დამატებით  მოგებაზე ან ხმებზე ფიქრობს, მეორე შემთხვევაში კი საკუთარი საქციელით ტკბობაზე.

სხვანაირად რომ ვთქვათ, პირველნი მატერიალური კეთილდღეობის განმტკიცებისთვის ზრუნავენ, მეორენი კი სულიერი გამდიდრებისთვის, – ანუ “რასაცა გასცემ შენია”…

მასალების გადაბეჭდვის წესი