საზოგადოება

აფგან სადიგოვი გაათავისუფლეს

17 აპრილი, 2025 •
აფგან სადიგოვი გაათავისუფლეს

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც საქართველოში პატიმრობაში იმყოფებოდა, თავისუფალია.

მას აღკვეთის ღონისძიება 5 000 ლარის ოდენობის გირაოთი შეუცვალეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღესვე გათავისუფლდება.

Ხვალ, 17 აპრილს, 13:00 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფგან სადიგოვთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს, სადაც მის პოზიციას, მოთხოვნებსა და მოწოდებებს წარადგენენ.

“საქართველოს კანონმდებლობით, ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეს შეადგენს. აფგან სადიგოვის შემთხვევაში ეს ვადა 2025 წლის 3 მაისს იწურებოდა, რის გამოც საქართველოს პროკურატურა იძულებული გახდა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიემართა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ითხოვდა, რომ აფგან სადიგოვის მიმართ საერთოდ არ გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიება, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აფგან სადიგოვს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის მიმართ აღნიშნული განჩინება სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2025 წლის 27 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებაზე დააფუძნა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას დევნილი ჟურნალისტის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აეკრძალა. აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში აკრძალულია მანამ, სანამ სტრასბურგის სასამართლო საქმეზე არსებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს – პროცესი კი შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის უფლებების დაცვას”, – წერს “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”.

 

სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. ქართული მხარის განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, მის დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებდა.

აფგან სადიგოვი პროტესტის ნიშნად 161 დღე იშიმშილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი