საზოგადოება

Amnesty International-ის კამპანია და წერილი კოკა კაციტაძეს მზია ამაღლობელის საქმეზე

14 აპრილი, 2025 •
Amnesty International-ის კამპანია და წერილი კოკა კაციტაძეს მზია ამაღლობელის საქმეზე

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია, Amnesty International, კამპანიას იწყებს მზია ამაღლობელის საქმეში სამართლიანობის მოთხოვნით. იმის გათვალისწინებით, რომ 11 იანვრის ღამეს, როდესაც მზია ამაღლობელი დააკავეს, არაერთი კადრია გადაღებული და გავრცელებული, სადაც ჩანს, როგორ არღვევს პოლიცია, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ჩათვლით, დემონსტრანტების უფლებებს, დაკავებული და გასამართლებული კი მხოლოდ მზია ამაღლობელია სილის გაწვნის გამო, ორგანიზაცია ავრცელებს წერილს კოკა კაციტაძის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის მისამართით და მოუწოდებს ყველას, რომ იხელმძღვანელონ ნიმუშით და მსგავსი წერილი მისწერონ მას.

„მზია ამაღლობელის დაკავების გარემოებები, მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობა და სასამართლო პროცესი მკვეთრ ეჭვებს აჩენს მისი დევნის მოტივებზე. თუ შევადარებთ, როგორი აშკარა დაუსჯელობით სარგებლობენ პოლიციელები, ნათელი ხდება, რამდენად დისკრიმინაციულად ეპყრობა ქართული მართლმსაჯულების სისტემა მას და სხვა დემონსტრანტებს. ამაღლობელის მიმართ მოპყრობა ეჭვის საფუძველია, რომ მას პოლიტიკურად დევნიან და ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლების უფლებით, აზრის ჩახშობის ზომების, გენდერული ნიშნით ანგარიშსწორების სამიზნე ხდებიან. პოლიციელებისა და კონკრეტულად ირაკლი დგებუაძის მხრიდან ამაღლობელის შეურაცხყოფა და მის მიმართ ძალადობრივი ქმედებები აშკარა მცდელობაა, რომ ის დაამცირონ და დააშინონ, როგორც ქალი. ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა. საქართველოში ქალები, რომლებიც უპირისპირდებიან ავტორიტეტებს, განსაკუთრებით პოლიტიკურ და საპროტესტო კონტექსტში, კიდევ უფრო მტრული და შეურაცხმყოფელი მოპყრობის სამიზნეები ხდებიან“, — წერს ორგანიზაცია დამატებითი ინფორმაციის სახით, რასაც კაციტაძისადმი მისაწერი წერილის ნიმუშს ურთავს.

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციის წერილს კაციტაძისადმი უცვლელად გთავაზობთ.


კოკა კაციტაძეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს
მისამართი: მ. ასათიანის №09, თბილისი, საქართველო

ბატონო კოკა,

წინამდებარე წერილით მოვითხოვ სამართალს პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელისათვის. ასევე მოვითხოვ, რომ სამართლებრივად აგონ პასუხი პოლიციის იმ თანამშრომლებმა, რომლებმაც 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს ძალადობას და სხვა სამართალდარღვევებს მიმართეს ბათუმში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. კერძოდ, პასუხი აგოს ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ და ასევე იმ პირებმა, ვინც დაკავებულთა მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობაში არიან ეჭვმიტანილნი.

როგორც კარგად მოგეხსენებათ, მზია ამაღლობელი სასამართლოს წინაშე წარდგა ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით და მას პატიმრობა ემუქრება დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში. არსებობს ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს, რომ ამაღლობელი დგებუაძეს სახეში სილას აწნავს, თუმცა ამას წინ უძღოდა პოლიციის მხრიდან ბათუმის ქუჩებში მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა და მზია ამაღლობელის იმ ღამით პირველი, სრულიად დაუსაბუთებელი დაკავება. არსებობს ვიდეომასალა, სადაც ირაკლი დგებუაძე აგინებს და შეურაცხყოფას აყენებს ჟურნალისტს. ასევე მრავლად არის ინფორმაცია, რომ იგი ძალადობდა ან ჰქონდა ძალადობრივი მეთოდების გამოყენების მცდელობა დაკავებულ მომიტინგეების წინააღმდეგ, მათ შორის მზია ამაღლობელთან მიმართებით პოლიციის განყოფილებაში.

შემაშფოთებელია, რომ მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში აიყვანეს მოსამართლის სწრაფი გადაწყვეტილებით, როდესაც მან გაიზიარა პროკურატურის მტკიცება, თითქოს ამაღლობელს შეეძლო მიმალვა, დანაშაულის განმეორებით ჩადენა და გამოძიებაზე ზეგავლენის მოხდენა, თუ საპატიმროს გარეთ იქნებოდა. მას არ ჰქონია საშუალება, რომ მიეღო ადეკვატური სამედიცინო სერვისები და მკურნალობა იმ დაზიანებებზე, რომლებიც, მისი თქმით, პოლიციამ დაკავებისას მიაყენა. მისი სასამართლო პროცესისას, ადვოკატების თითქმის 50-მდე შუამდგომლობიდან მოსამართლემ არ გაიზიარა არცერთი. დაცვის მხრიდან დაიკითხა მხოლოდ სამი მოწმე. სასამართლომ უარი თქვა, რომ ჯვარედინი დაკითხვისთვის დაებარებინა პოლიციელები, რომელთა ჩვენებებსაც ბრალდება ეყრდნობა. იმავენაირად მოიქცა სააპელაციო სასამართლო, თუმცა საქმეში მტკიცებულებად დაუშვა გავრცელებული ვიდეომასალა, რომელიც მზია ამაღლობელის მონაწილეობას ასახავს 11 იანვრის აქციაზე.

არც პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს და არც სხვა პოლიციელებს არ შესჩერებიათ უფლებამოსილება, მიუხედავად მტკიცებულებებისა და ბრალდებებისა მათ წინააღმდეგ.  სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ნომინალურად აღძრა საქმე ამ ბრალდებების გათვალისწინებით და არ გამოუვლენია არცერთი ეჭვმიტანილი, დაზარალებულად არ უცნია არცერთი მომჩივანი. საჯაროდ არ გაუკეთებია არანაირი განცხადება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ეს არა მხოლოდ აყოვნებს ან აჩერებს სამართლებრივ რეაგირებას პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობრივ ქმედებებზე, არამედ სრულიად საპირისპირო პროცესია, რაც მზია ამაღლობელთან მიმართებით მიმდინარეობს. ის, თუ როგორ წარიმართება მზია ამაღლობელის საქმე, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია, რომლის მიზანიც მზია ამაღლობელის სამაგალითო დასჯაა, რომ მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს, და ასევე კონკრეტული სიგნალია სხვა დემონსტრანტებისთვის.

მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ შეუჩერდეს უფლებამოსილება ირაკლი დგებუაძესა და ყველა იმ პოლიციელს, რომელიც მშვიდობიანი მომიტინგეების უსაფუძვლო დაკავებასა და მათ მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობაში მონაწილეობდნენ, სანამ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არ იქნება სწრაფად, მიუკერძოებლად და ეფექტიანად გამოძიებული. ეს ეხება 11-12 იანვრის ღამის მონაწილე პოლიციელებს და არამარტო მათ. ამასთან, შესაბამისი დისციპლინური, ადმინისტრაციული თუ კრიმინალური სამართალწარმოება უნდა ითვალისწინებდეს მათ უფლებას სამართლიან სასამართლოზე.

მოვითხოვ, რომ დაცული იქნას ადამიანის უფლებები მზია ამაღლობელისა და ყველა ქართველი დემონსტრანტის შემთხვევაში, მათ შორის მათი უფლებები სამართლიან სასამართლოზე, გამოხატვის თავისუფლებასა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე.


ორგანიზაცია დამატებითი ინფორმაციის სახით აზუსტებს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური (რომელიც პასუხისმგებელია სამართალდამცავთა მხრიდან დანაშაულის გამოძიებაზე) ინფორმირებული იყო მზია ამაღლობელის წინააღმდეგ განხორციელებულ ინციდენტზე 12 იანვარს. მზე ამაღლობელმა 15 იანვარს მისცა დეტალური ჩვენება პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ. ორგანიზაციის თქმით, არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები იმის თაობაზე, როდის დაიწყო საგამოძიებო სამსახურმა თავისი ფორმალური გამოძიება. დაცვის მხარე აცხადებს, რომ რეალური გამოძიება 17-18 იანვრამდე არ დაწყებულა და სამსახურმა თავისი ჩანაწერები ძველი რიცხვით, 13 იანვრით დაათარიღა. კიდევ სამმა დაკავებულმა, მალხაზ ირემაძემ, თემურ ქათამაძემ და გენრი დოლიძემ, განაცხადა, რომ ირაკლი დგებუაძემ და სხვა პოლიციელებმა სცემეს დაკავებისას.

რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

მზია ამაღლობელის საქმეს სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ განაწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.

მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.

მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი ამ საქმიდან  მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა.  „მზია ამაღლობელი არა მხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში. მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.

2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ საქმეზე მოსამართლემ უარი თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიას [გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი 2025 წლის 4 აპრილს დატოვა] და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე იმ არგუმენტით, რომ სადავო არაა ის, რაც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეოჩანაწერებში ჩანს.

საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა. მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ამ სიყალბის მიუხედავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო.  ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება.

მზია ამაღლობელის ადვოკატები ასევე აპირებენ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ევროსასამართლოს მიმართონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი