საზოგადოება

„ოცნება“ პარტიების წევრებს უკრძალავს უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით ლექციის ჩატარებას

7 აპრილი, 2025 •
„ოცნება“ პარტიების წევრებს უკრძალავს უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით ლექციის ჩატარებას

პოლიტიკური პარტიები და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები ვეღარ შეძლებენ უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობას.

ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები წარედგინა, რომლის ამოქმედების შედეგად, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკურ პარტიებისთვის ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების მოწყობის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

პროექტის ავტორი და ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნებაა“.

„ჯერ კიდევ მოქმედი კანონის მიხედვით, პოლიტიკური პარტიებისთვის დაუშვებელია შემოწირულების მიღება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან და საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის ან პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან, გარდა ლექციის, სემინარის ან მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობისა. მოქმედი კანონი ამბობს იმასაც, რომ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და იმ იურიდიულ პირებზე არ ვრცელდება, რომელთა მიზანი პარტიების ინსტიტუციური განვითარებაა, რაც რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებას არ უკავშირდება.

პარლამენტში ინიცირებული კანონის პროექტით აღნიშნული ჩანაწერი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონიდან ამოდის“, – წერს სააგენტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი