„ქართული ოცნებაში“, სადაც ამტკიცებენ, რომ ამერიკული FARA-ს ანალოგს იღებენ, თავს არიდებენ პასუხის გაცემას, შეეხება თუ არა მათი კანონი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამერიკაშიც ფუნქციონირებენ, დაფინანსებას ქვეყნის გარედან იღებენ, თუმცა ამერიკული FARA-ს ქვეშ არ ექცევიან.
ერთ-ერთი ასეთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოა“ (TI), რომლის საქმიანობის დისკრედიტაციასაც „ქართული ოცნება“ ღიად ეწევა და მას უცხოური ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.
ნეტგაზეთი ამ სტატიაში სწორედ ამ ორგანიზაციის მაგალითზე ცდილობს გაერკვეს, რა განსხვავებაა ამერიკულ FARA-სა და “ქართული ოცნების” ფარას შორის.
რა ხდება?
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით მიიღო „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომლის შესახებაც მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ის ამერიკული FARA-ს ანალოგია და კანონი სიტყვასიტყვით ნათარგმნია. ხსენებული აქტი აშშ-ში გასული საუკუნის 30-იან წლებში, ნაცისტური და საბჭოთა პროპაგანდის აღსაკვეთად — ანუ, ვაშინგტონის გადმოსახედიდან, მისი მეტოქეების წინააღმდეგ — მიიღეს.
ამჟამად, იმისათვის, რომ სუბიექტი აგენტად აშშ-ში რეგისტრაციას დაექვემდებაროს, ნათლად უნდა ჩანდეს მის მიერ სხვა სახელმწიფოს ან უცხოელი აქტორის ინტერესების ლობირება. მაგალითად, FARA-ში რეგისტრირებულია რუსული სამთავრობო-პროპაგანდსიტული “სპუტნიკი” და “რაშა თუდეი”, მაგრამ არ არის რეგისტრირებული სხვა ქვეყნებში დაფუძნებული დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებები, როგორიცაა ბრიტანული გარდიანი და სხვა.
ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების განცხადებით, აშშ-ში მოქმედი FARA დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, „ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს“.
არაერთი კვალიფიციური სამართლებრივი შეფასება ამბობს, რომ ქართულ რეალობაში FARA-ს გადმოტანა შეუძლებელია, თუ მხედველობაში არ იქნება მიღებული ამერიკაში ამ კანონის გამოყენების სასამართლო პრაქტიკა და მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც აზუსტებს კანონის შინაარსს, სტანდარტებსა და პრინციპებს.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელმაც „ქართული ოცნების“ კანონპროექტისა და FARA-ს შედარებითი ანალიზი გამოაქვეყნა, ამბობს, რომ თუ მმართველი პარტია FARA-ს კანონის ამერიკული სასამართლო პრაქტიკის ლოგიკით გამოყენებას ასევე ზედმიწევნით შეეცდება, მაშინ აშკარაა, რომ სხვა ქვეყნებიდან დაფინანსებული, მაგრამ დამოუკიდებელი დღის წესრიგის მქონე სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები FARA-ს ტიპის კანონის მოქმედებაში ვერ მოექცევიან, ვინაიდან:
„FARA-ს მიზანია გააკონტროლოს უცხოური ძალის პირდაპირი გავლენა ადგილობრივ პოლიტიკაზე, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის [აქტორის] მითითებებს“.
რატომ არ ეხება ამერიკაში FARA „საერთაშორისო გამჭვირვალობას“
ორგანიზაციათა ავტონომიის განმსაზღვრელი, ერთი მხრივ, დონორებთან გაფორმებული ხელშეკრულებებია, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, გრანტის გამცემს გრანტის მიმღებზე კონტროლისა და ზედამხედველობის რა შესაძლებლობა ეძლევა. მეორე მხრივ კი, დამოუკიდებლობის გარანტი თავად ადგილობრივი ორგანიზაციების წესდებაა, სადაც მათი საქმიანობის მიზანია გადმოცემული.
სწორედ საწესდებო მიზნებია მთავარი მიზეზი იმისა, რატომაც არ ხვდება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – ამერიკა“ ამერიკულ რეესტრში, მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსებას იღებს უცხოური წყაროებიდანაც.
მაგალითად, წარმოვიდგინოთ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის გაცხადებული მიზანიც კორუფციის კვლევაა. თუ იმ საქმის უკეთ საკეთებლად, რაც ისედაც მისი დეკლარირებული მიზანია, უცხოეთიდან თანხას მოიძიებს, FARA-ში არ უნდა მოექცეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში კორუფციის წინააღმდეგ იბრძვის. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საკუთარი საერთაშორისო სამდივნოს და 90–ზე მეტი დამოუკიდებელი ეროვნული ბიუროების მეშვეობით ფუნქციონირებს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. ორგანიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაერთი დონორი ჰყავს, მათ შორის სხვადასხვა ქვეყანაში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა” საქართველოშიც არსებობს და ამერიკაშიც. ამერიკული “საერთაშორისო გამჭვირვალობაც” იღებს უცხოურ დაფინანსებას და ქართულიც. ამერიკული “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ამერიკულ FARA-ში არ ხვდება, ჩნდება კითხვა, მოექცევა თუ არა ქართული “საერთაშორისო გამჭვირვალობა” “ოცნების” ფარას ქვეშ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – ამერიკა“ ფოკუსირებულია უკანონო დაფინანსებით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრაზე, პოლიტიკური მთლიანობის გაძლიერებასა და აშშ-ის პოზიტიური როლის ხელშეწყობაზე გლობალურ ანტიკორუფციულ ინიციატივებში.
რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, მისი მიზანია „სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის ხელშეწყობა და გაძლიერება, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის განვითარება, სახელმწიფო ორგანოების გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე მათი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა“.
როგორც „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ იურისტი, საბა ბრაჭველი ნეტგაზეთთან ამბობს, თუ „ქართული ოცნება“ FARA-ს არა მხოლოდ სიტყვასიტყვით განმარტავს, არამედ მისი აღსრულების ამერიკულ სტანდარტებსაც გადმოიტანს, მაშინ რეესტრში რეგისტრაცია არც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მოუწევს. ვინაიდან, მისი თქმით, თუ ორგანიზაცია იღებს გარკვეული ტიპის უცხოურ დაფინანსებას, ეს ავტომატურად არც ამერიკაში ნიშნავს, რომ სხვის გარე ინტერესებს ატარებს და არც საქართველოში უნდა ნიშნავდეს.
„FARA-ს სასამართლო განმარტება ამბობს იმას, რომ შენ თუ გაქვს დამოუკიდებელი საწესდებო მიზნები, თუ შენს საქმიანობაში სხვა არ ერევა და თავად განსაზღვრავ, რაში გინდა ფულის დახარჯვა, მაშინ დამოუკიდებელი ორგანიზაცია ხარ და აღარ გთხოვენ რეესტრში დარეგისტრირებას“, – აცხადებს საბა ბრაჭველი.
საბა ბრაჭველის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, როგორი იქნება „ქართული ოცნების“ კანონის აღმასრულებელი პროტოკოლი, რომელიც კანონის საბოლოოდ მიღების შემდეგ გახდება ცნობილი. მათ შორის, სწორედ ამ პროტოკოლზე იქნება დამოკიდებული, რისი უფლება ექნებათ ორგანიზაციებს კანონის აღსრულების პროცესში.
„აშშ-ში იუსტიციის დეპარტამენტმა შეიძლება დაიწყოს მოკვლევა, გამოითხოვოს მათგან ინფორმაცია და ა.შ. ეს მოკვლევები გრძელდება საკამოდ დიდხანს… თვეები, შემდეგ იუსტიციის დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ან მოსთხოვოს დარეგისტრირება, ან არა. ამის შემდეგ ორგანიზაციას აქვს ამის გასაჩივრების უფლება, ეს ყველაფერი მიდის სასამართლოში და თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ იუსტიციის დეპარტამენტის მოთხოვნა იყო სწორი, ამის შემდეგ ევალება ორგანიზაციას, რომ დარეგისტრირდეს. ამიტომ, ჩვენთან თუ გადმოგვაქვს ეს კანონმდებლობა, მაშინ ეს პროტოკოლიც უნდა გადმოვიტანოთ და ამ ორგანიზაციებს მინიმუმ თავიანთი სიმართლის მტკიცება უნდა შეეძლოთ სასამართლოში. თუმცა ჩვენი სასამართლოს მდგომარეობა როგორი არის, კიდევ ცალკე საკითხია“, – აცხადებს საბა ბრაჭველი.

ფოტო: საბა ბრაჭველი / კადრი ვიდეოდან: ფორმულა
იურისტის თქმით, თუ „ქართული ოცნება“ ამერიკულ პროტოკოლს გადმოიტანს და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და სხვა ორგანიზაციებს რეგისტრაციას მოსთხოვს, მაშინ მათ შეეძლებათ იმის დამტკიცება, რომ უცხოურ ინტერესებს არ ატარებენ.
„სამწუხაროდ, კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ჩანს, რომ ამას გაავრცელებენ [დამოუკიდებელ ორგანიზაციებზე], რადგან პირველ აბზაცში წერია, რომ ეს კანონი მხოლოდ იმიტომ [გვჭირდება, რომ] წინა კანონი [რუსული კანონი] ვერ ავამუშავეთ, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარი თქვეს დარეგისტრირებაზეო.
ამის მიუხედავად, მე ვფიქრობ, ამ ორგანიზაციებმა სასამართლოშიც უნდა ამტკიცონ, თუნდაც ასეთი სასამართლო გქონდეს, როგორიც გვაქვს. ამის შემდეგ, თუ აუცილებელი გახდება, სტრასბურგსაც უნდა მიმართონ თუნდაც დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერების მოთხოვნით. ამერიკის შემთხვევაც დამატებითი არგუმენტი იქნება, ასევე სტრასბურგს შესწავლილი აქვს არაერთი ვერსია აგენტთა შესახებ კანონის, ამიტომ მე ვიმედოვნებ, რომ თუ დროებითი ღონისძიების შესახებ მოთხოვნის გაგზავნა გახდა საჭირო, ამ შემთხვევაში სტრასბურგს არ გაუჭირდება სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება“, – აცხადებს საბა ბრაჭველი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი, სანდრო ბარამიძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ კანონი სწორედ მათთან დაკავშირებით იქნება გამოყენებული, ვინაიდან, მისი თქმით, განსხვავებით ამერიკული FARA-სგან, “ქართული ოცნების” ხელში ეს კანონი სწორედ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წინააღმდეგ მიმართული იარაღია.
ფოტო: სანდრო ბარამიძე
„ვიცით, რომ ჩვენ წინააღმდეგ იქნება ეს კანონი გამოყენებული. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ორგანიზაცია, დიახ, ჩვენ ვფინანსდებით მათ შორის საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან, მაგრამ არავითარი უცხო ქვეყნის ან რომელიმე უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ჩვენ არ ვართ. ჩვენი ერთადერთი ინტერესი არის საქართველოში სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა და ჩვენ ვმუშაობთ ამ ინტერესების გამო. დანარჩენი, რაც უნდათ, ამტკიცონ. მართლმსაჯულება, პროკურატურა და ყველაფერი მათ ხელშია. ეს ორგანოები რომ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს არ იღებენ, ძალიან კარგად ვიცით“, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ ნეტგაზეთთან.
როგორ ხნის „ოცნება“ TI-ს მაგალითს
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი არ პასუხობს კითხვას, მოხვდება თუ არა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ უცხოური აგენტების რეესტრში, განსხვავებით ამერიკისგან.
პაპუაშვილის თქმით, ეს ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა გადაწყვიტოს, რომელიც „ქართული ოცნების“ კანონის აღმასრულებელი ორგანო იქნება. აშშ-ში FARA-ს აღსრულებას იუსტიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს.
თუმცა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებამდე, შალვა პაპუაშვილი პირად შეფასებას კვლავ არ მორიდებია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მორიგ ჯერზე უცხოური ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.
ფოტო: შალვა პაპუაშვილი
„გამჭვირვალობის კანონით“ [რუსული კანონით] წინასწარ შეგვეძლო ცოდნა, თუ ვის უწევს გასაჯაროება საკუთარი უცხოური ფულისა, ავტომატური რეჟიმი იყო. რაც შეეხება FARA-ს, აქ არ არის ავტომატური რეჟიმი, ამიტომ წინასწარ ვერ გვეცოდინება, ვინ უნდა დარეგისტრირდეს ამ რეესტრში. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაშია გადაწყვეტილება მისაღები, იქიდან გამომდინარე, რომ დადგინდეს, უცხოური დაფინანსება აქვს თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს ოდენობას, 1 თეთრიც რომ ჰქონდეს, უკვე საკმარისი არის, და მეორე კრიტერიუმია, წარმოადგენს თუ არა უცხო ქვეყნის ინტერესებს.
რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, ჩემი მოსაზრებაა, რომ რა თქმა უნდა, ისინი წარმოადგენენ უცხო ინტერესებს. როგორ შეიძლება საქართველოს ინტერესს წარმოადგენდეს ხალხი, რომელიც ებრძვის საკუთარ ხალხს და საკუთარი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და ხელს უწყობს სხვა ქვეყნის ხელისუფლებებს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებაში…
ყოველი შემთხვევის შესწავლა მოხდება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ და ყოველ ორგანიზაციასთან დაკავშირებით იქნება გადაწყვეტილება, მოახდინოს თუ არა [დარეგისტრირება]. ყველაფერი არის ამერიკული და მიმართონ ამერიკის საელჩოს, თუკი რამე არ მოსწონთ ამ კანონში“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
რაც შეეხება ამერიკის საელჩოს, წარსულში, როცა „ქართული ოცნება“ FARA-სთან არასწორი პარალელის გავლებით რუსული კანონის მიღებას ცდილობდა, ელჩმა გარკვევით თქვა, რომ ამერიკული კანონისა და „ქართული ოცნების“ მიზნები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა და ამერიკული FARA-ს სამიზნეები უცხოელი აქტორების ლობისტები იყვნენ და არა დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები.
„შეერთებული შტატები მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლს და მათ საქმიანობას. ჩვენი კანონი (FARA) დარეგისტრირებას მოითხოვს კონკრეტულად ორგანიზაციებისა და პირებისგან, რომლებსაც უხდიან ფულს ლობირებაში უცხო მთავრობები ან უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ“, — განაცხადა აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა 2024 წლის აპრილში, მაშინ, როცა „ოცნება“ რუსულ კანონს იღებდა.